ეს ჩეთბოტები ისტორიულ პირებთან და საყვარელ პერსონაჟებთან გასაუბრების საშუალებას მოგცემენ
ChatGPT-ის შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი ვიცით, თუმცა ის ერთადერთი ჩეთბოტი არაა, რომელმაც შეიძლება საინტერესო საუბარში ჩაგითრიოთ. აპლიკაცია Hello History და Character.AI მოგცემენ საშუალებას, რომ ისტორიულ პირებს, ფილოსოფოსებსა და საყვარელ კინო თუ ლიტერატურულ პერსონაჟებს გაესაუბროთ.
ასევე იხილეთ: რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?
როგორ გვაკავშირებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩეთბოტი ფილოსოფოსებთან?
წარმოიდგინეთ, რომ ისტორიული კვლევა გაქვთ დასაწერი და ხელი ამგვარ ვებსაიტთან მიგიწვდებათ. მისი საშუალებით მინიმალური შრომით ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვებას შეძლებდით.
New York Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია სოციოეკონომიკის სტუდენტ იონას თილის შესახებ, რომელიც ჩეთბოტის საშუალებით იმ მემარცხენე პოლიტიკურ ფილოსოფოსებს გაესაუბრა, რომელთა ნაშრომებსაც სწავლობდა.
ჩეთბოტი თავს ფილოსოფოსად წარმოადგენდა და თანამედროვე სოციალისტებს აძლევდა რჩევებს, თუ როგორ აღედგინათ მუშათა მოძრაობა გერმანიაში.
რა თქმა უნდა, მსგავს ტექნოლოგიას ნაკლები მაინც აქვს. ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს ინტერნეტში რეალური ადამიანების მიერ ატვირთული ინფორმაციით სწავლობს.
შესაბამისად, ზოგჯერ ჩეთბოტი არასწორ ინფორმაციასაც გაწვდით ან მიკერძოებულია. მეტიც, ის შეიძლება რასისტი, სექსისტი და შოვინისტიც კი იყოს.
იონას თილის თქმით, Character.AI-ის ჩეთბოტს ნებისმიერი ტექსტის თანამედროვე ინგლისურად გადაქცევის უნიკალური შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, თუ ჩვენი ჩეთბოტი კარლ კაუცკის როლს მოირგებს, ის მის იდეებს არა მე-19 საუკუნის ლექსიკით, არამედ თანამედროვე ინგლისურით მოგვახსენებს. ეს განათლების მიღების პროცესს გაამარტივებს.
მიუხედავად მინუსებისა, ბევრი თვლის, რომ დახვეწის შემთხვევაში, მსგავსი ჩეთბოთები არა მხოლოდ გასართობად, არამედ განათლების მისაღებადაც იქნება გამოსადეგი.
კომენტარები