პალეონტოლოგებმა ინდოეთში დინოზავრთა ასობით კვერცხი აღმოაჩინეს
დელის უნივერსიტეტში მომუშავე პალეონტოლოგებმა ქვეყნის ტერიტორიაზე დინოზავრების 92 განამარხებული საბუდარი აღმოაჩინეს, რომელიც მთელ მსოფლიოში მიკვლეულ მსგავს ნიმუშებს შორის სიდიდით გამოირჩევა. სპეციალისტებმა იქ 250-ზე მეტ კვერცხს მიაკვლიეს, რომლებიც ტიტანოზავრებს ეკუთვნის და მათ შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
ინდოეთში მდებარე მადჰია-პრადეშის შტატში მიგნებულ საბუდარში მეცნიერებმა კვერცხების 6 ტიპი გამოავლინეს, რაც მიანიშნებს, რომ ამ რეგიონში ტიტანოზავრების მრავალი სახესხვაობა გვხვდებოდა. დადგინდა, რომ ეს ცხოველები თავიანთ კვერცხებს არც ისე ღრმად მარხავდნენ, რითაც თანამედროვე ნიანგებს ჰგავდნენ.
ასევე, უნდა ითქვას, რომ განამარხებულ ნიმუშებში გარკვეული პათოლოგიებიც აღმოაჩინეს, მაგალითად, "კვერცხი კვერცხში", რაც ძალიან იშვიათია. ამის მიხედვით ასკვნიან, რომ ტიტანოზავრების რეპროდუქციული ფიზიოლოგია ფრინველების მსგავსი იყო და ისინი კვერცხებს თანმიმდევრობით "დებდნენ".
"ჩვენმა კვლევამ ზავროპოდი დინოზავრების ვრცელი საბუდარი გამოავლინა, რაც მისი შენახვისთვის საჭირო პირობებისა და ტიტანოზავრების რეპროდუქციული სტრატეგიების შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
კომენტარები