სამხრეთ კორეაში შექმნეს ჭკვიანი ლინზები, რომლებიც ალცჰაიმერს ადრეულ ეტაპზე ავლენს
სამხრეთ კორეის მექანიზმებისა და მატერიების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა, იონსეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჭკვიანი ლინზები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ქვეყნისთვის ეს პირველი მსგავსი ტექნოლოგიაა.
ლინზა პაციენტის თვალში თავსდება, რათა მან ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური ცვლილებები, ანუ დაავადების ინდიკატორები დააფიქსიროს. ის ტვინის სხვა ნევროლოგიური და დეგენერაციული დარღვევების დიაგნოსტირების საშუალებასაც იძლევა.
აღსანიშნავია, რომ დემენციის ეს ფორმა მთელ მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ის პირველ ეტაპზე ორგანიზმში წლების განმავლობაში მკაფიო სიმპტომების გარეშე ყალიბდება. შესამჩნევია მხოლოდ მცირე კოგნიტიური დარღვევები, შემდეგ კი ახალი, ბევრად მწვავე ნიშნები ვლინდება. შესაბამისად, დიაგნოზის დროულად დასმა მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროგრესირებადი დაავადებაა.
მეცნიერებმა ჯერ შეისწავლეს, როგორაა თვალები ტვინთან დაკავშირებული, რათა ალცჰაიმერის ინდიკატორები აღმოეჩინათ. მათ ბიოსენსორული სისტემა შექმნეს, რომელსაც შიდათვალის ლინზის მეშვეობით საეჭვო ნიშნების ამოცნობა შეუძლია. ამის შემდეგ სპეციალური სიგნალი წარმოიქმნება ჰიდროგელის სტრუქტურაში, რომელიც იკუმშება.
სამიზნე ინდიკატორის იდენტიფიცირებისთვის მეცნიერები სიგნალს აანალიზებენ. ეს უკანასკნელი სპეციფიკურია და უფრო მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება, ვიდრე ჰიდროგელის სტრუქტურის ცვლილებების გამოსავლენი სხვა მეთოდები. მკვლევართა თქმით, ახალი ტექნოლოგია ალცჰაიმერისა და სხვა მსგავსი პრობლემების დიაგნოსტირების იაფი საშუალებაა. ისინი მის გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რათა კომერციულ პროდუქტად აქციონ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Bioactive Materials გამოქვეყნდა.
კომენტარები