ქართული სტარტაპი AI კონკურსის ფინალშია — Theneo-სთვის ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ
Golden Kitty Awards 2022-ის AI კატეგორიაში Theneo-ს კონკურენტებად ისეთი ცნობილი პროდუქტები გვევლინება, როგორიცაა ChatGPT, DALL-E-2 თუ Midjourney.
ქართული სტარტაპი Theneo საერთაშორისო პლატფორმა ProductHunt-ის კონკურსის Golden Kitty Awards 2022-ის ფინალშია. ამის შესახებ ინფორმაციას სტარტაპის დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ავრცელებს. თენეო ხელოვნური ინტელექტის კატეგორიის ფინალში ისეთ პროდუქტებთან ერთადაა წარდგენილი, როგორიცაა საყოველთაოდ ცნობილი ChatGPT, DALL-E-2, Midjourney ან ჩვენი პროფილის ფოტოების შემოქმედი — Lensa AI.
ქართული სტარტაპისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
"ჩვენ ეს კატეგორია თუ მოვიგეთ იქნება ძალიან დიდი მიღწევა, უფრო დიდი ვიდრე ვებ სამიტის მოგება (ჩვენთვის)", — წერს ანა რობაქიძე.
Theneo წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც API დოკუმენტაციების კუთხით მუშაობს. მათი პროდუქტი დეველოპერებსა თუ კომპანიების შედარებით მწირი ტექნიკური ცოდნის მქონე თანამშრომლებს საშუალებას აძლევს API დოკუმენტაციები ავტომატურად დააგენერირონ. Theneo 2022 წლის Web Summit-ის გამარჯვებული სტარტაპი გახდა, რითაც გლობალური აღიარება მოიპოვა.
ასევე იხილეთ: რა არის API და რატომ არის ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
Golden Kitty Awards 2022-ს 24 კატეგორიის ფინალისტები ჰყავს. მსურველებს ფავორიტი პროდუქტებისთვის ხმის მიცემა 20 იანვრის 23:59 საათამდე შეეძლებათ.
კომენტარები