აღმოაჩინეს სუპერმასიური ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც წამის განმავლობაში არსებობდა
კომპიუტერული სიმულაციები და გამა-გამოსხივება ახალ შუქს ჰფენს ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმას.
ასტრონომებმა დაარქივებული გამა-სხივების მოკლე გამონათებები (GRBs) შეისწავლეს და ორი შერწყმული ნეიტრონული ვარსკვლავის სწრაფი ევოლუცია დააფიქსირეს. შედეგად წარმოიქმნა სუპერმძიმე ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც შემდეგ შავ ხვრელად იქცა.
NASA-ს ბლოგპოსტში ნათქვამია, რომ მთელი ეს პროცესი მხოლოდ წამით გაგრძელდა. ამას შეუძლია ბევრი რამ გვასწავლოს ნეიტრონული ვარსკვლავების გარდამავალი ბუნებისა და კოლოსალური შავი ხვრელების ევოლუციის შესახებ.
ორი ნეიტრონული ვარსკვლავი გაერთიანდა და წარმოქმნა შავი ხვრელი
გამა-სხივების აფეთქებები ყველაზე ძლიერი და ენერგიული გამოსხივებაა, რასაც ადამიანები შესწრებიან. ითვლება, რომ ისინი ყველაზე ძლიერია თავად დიდი აფეთქების შემდეგ. ამასთან, ნეიტრონული ვარსკვლავი ჩნდება, როდესაც მასიური ვარსკვლავი საწვავს ამოწურავს და იშლება თავის თავში. ეს წარმოქმნის წარმოუდგენლად მკვრივ, კომპაქტურ ვარსკვლავს. გარკვეულ მასაზე მეტის შემთხვევაში, ნეიტრონული ვარსკვლავი — რომელიც, როგორც წესი, მანჰეტენის ზომამდეა და ჩვენს მზეზე ბევრად მასიურია — შავ ხვრელად იშლება.
მეცნიერები ეძებდნენ GRB სიგნალებს, რომლებიც ადრე NASA-ს ნილ გერელს სვიფტის ობსერვატორიის, ფერმის გამა-სხივების კოსმოსური ტელესკოპისა და კომპტონის გამა გამოსხივების ობსერვატორიის მიერ იყო დაფიქსირებული. კომპტონი დღეს აღარ არსებობს, რადგან მას ვადა გაუვიდა და დაიწვა დედამიწის ატმოსფეროში 2000 წელს.
არქივის შესწავლისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს გამა-სხივების ნიმუშები, რომლებიც მიუთითებს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებაზე და საბოლოოდ შავ ხვრელად ფორმირებაზე.
"ჩვენ ვიცით, რომ მოკლე GRB-ები წარმოიქმნება, როდესაც ნეიტრონული ვარსკვლავები ერთმანეთს ეჯახებიან. ისინი საბოლოოდ იშლება შავ ხვრელში, მაგრამ მოვლენების ზუსტი თანმიმდევრობა კარგად არ არის გასაგები", — თქვა კოულ მილერმა, UMCP-ის ასტრონომიის პროფესორმა და თანამშრომელმა. "რაღაც მომენტში, ახლად წარმოქმნილი შავი ხვრელი იფეთქებს სწრაფად მოძრავი ნაწილაკების ჭავლით, რომელიც ასხივებს გამა სხივების ძლიერ ნაკადს. ეს სინათლის ენერგიის უმაღლესი ფორმაა, და ჩვენ გვინდა გავიგოთ მეტი, თუ როგორ ხდება ეს".
NASA-ს მონაცემებით, მეგა ნეიტრონული ვარსკვლავები წუთში თითქმის 78 000-ჯერ ტრიალებს. ისინი მხოლოდ წამის რამდენიმე მეათედით არსებობენ, სანამ შავ ხვრელად იქცევიან.
მოკლე GRB-ები ძირითადად მხოლოდ ორი წამის განმავლობაში ანათებენ, მაგრამ ისინი იმდენად მძლავრია, რომ მათი აღმოჩენა მილიარდი სინათლის წელზე შორ მანძილზეა შესაძლებელი. ამავდროულად, ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა წარმოქმნის გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც აღმოჩენილია დედამიწაზე არსებული ობსერვატორიების მიერ.
2030-იანი წლებისთვის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიები, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მგრძნობიარე იქნება. ასეთი ობსერვატორიები ნეიტრონულ ვარსკვლავებზეც მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.
დასკვნები დეტალურად არის აღწერილი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.
კომენტარები