დრონი, რომელიც ხმელეთზე არასდროს დაეშვება — ჩინელი მკვლევრები უპრეცედენტო ტექნოლოგიაზე მუშაობენ
ჩინეთის ჩრდილოდასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (NPU) მკვლევრებმა მაღალი ენერგიის ლაზერული სხივების გამოყენების საინტერესო მეთოდი შეიმუშავეს. South China Morning Post-ის ცნობით, ეს მეთოდი დრონების ჰაერში "სამუდამოდ" დატოვებაში დაგვეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი სიმძლავრის ლაზერული სისტემები უფრო დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებში გვხვდება, პროფესორმა ლი სუელონგმა და მისმა კოლეგებმა მათ საპირისპირო დანიშნულება მოუძებნეს.
ლაზერით დატენვად დრონებს ხმელეთზე დაშვება აღარ დასჭირდებათ
მკვლევრების ჯგუფმა დრონი ფოტოელექტრული გარდაქმნის მოდულით აღჭურვა, რომელიც სინათლის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად მაღალი სიმძლავრის ლაზერული სხივის გამოყენება დრონის უკონტაქტოდ დასატენადაცაა შესაძლებელი.
პირველი ნაბიჯი იმის გარკვევა იყო, თუ როგორ ედევნებინათ თვალყური დრონისთვის ფრენის დროს. საამისოდ მკვლევრებმა ალგორითმი შექმნეს, რომელიც მათი თქმით ნებისმიერ ბუნებრივ გარემოში ეფექტური აღმოჩნდა. ასევე, გამოიყენეს სხივის ადაპტური ფორმირების ტექნოლოგია, რომელიც სხივს საკუთარი ინტენსივობის ავტომატური რეგულირების სშუალებას აძლევს.
მკვლევრები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიამ სამი გამოცდა უკვე გაიარა. ორი ღია ცის ქვეშ, ხოლო ერთი დახურულ სივრცეში დღისითა და ღამით.
რამდენად რეალურია ლაზერით დატენვადი დრონის იდეა?
მკვლევრები ამბობენ, რომ ეს მეთოდი ხანგრძლივ მისიებს ბევრად გაამარტივებს. როცა ადამიანები ბუნებრივი კატასტროფის გამო კონკრეტულ არეალში გამოკეტილები არიან და სამძებრო სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი, ხანგრძლივად ჰაერში მყოფი დრონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მეცნიერებს პროექტის დეტალები არ გაუმჟღავნებიათ, რის მიზეზადაც ასახელებენ იმას, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება სამხედრო მიზნითაცაა შესაძლებელი. მიუხედავად ინოვაციურობისა, მუდმივად მაღალი სიმძლავრის ლაზერით დრონის შენარჩუნება, დიდი ალბათობით, ძვირი სიამოვნება იქნება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის დრონების "ფლოტის" შექმნას ვაპირებთ. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს თავდაცვის ალგორითმიც, რომელიც, მკვლვრების თქმით, სხივს წინაღობების გადალახვაში უნდა დაეხმაროს.
საბოლოოდ, ტექნოლოგიამ ჯერ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და უნდა დაამტკიცოს, რომ მისი სარგებელი დანახარჯზე დიდი იქნება. სწორედ ამიტომ, მუდმივად ჰაერში მყოფ დრონებს, სავარაუდოდ, კიდევ დიდ ხანს ვერ ვიხილავთ.
კომენტარები