მარსზე საკვები შესაძლოა, პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადდეს — როგორ
კაცობრიობა პლანეტათაშორისი მოგზაურობებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც პირველი გაჩერება მარსი იქნება. იქ მცხოვრებ ასტრონავტებს, ცხადია, საკვები დასჭირდებათ, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი სხვადასხვა ორგანიზაციაში უკვე მუშაობენ, მათ შორის NASA-ში, ევროპისა და იაპონიის კოსმოსურ სააგენტოებში.
საკვების ერთ-ერთი პოტენციური წყარო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პლასტმასის ნარჩენებია. NASA-ს შვილობილი კომპანია Beehex ამისთვის სამგანზომილებიანი პრინტერის ტექნოლოგიის გამოყენებას განიხილავს, რომლის მეშვეობითაც წითელ პლანეტაზე მყოფ ადამიანებს საჭმელს 3D მოწყობილობა დაუმზადებს, რითაც მათი ძვირფასი დროც დაიზოგება.
როგორც ცნობილია, სპეციალურ კონტეინერში პლასტმასის ნარჩენები შეგროვდება, რომელიც შემდეგ დანაწევრდება და ბიორეაქტორში მოთავსდება. იქ მას საგანგებოდ მოდიფიცირებული ბაქტერია გადაამუშავებს და მსგავს მატერიას ბიომასად აქცევს. სწორედ ამ უკანასკნელს გამოიყენებენ განსხვავებული ტექსტურისა და ფორმის საკვების მისაღებად.
მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ტექნოლოგია აქ, დედამიწაზეც საკმაოდ გამოსადეგია როგორც ნარჩენების თავიდან მოსაშორებლად, ასევე საჭმლის დეფიციტის შესამსუბუქებლად. პროექტს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კვლევითი სააგენტო DARPA აფინანსებს. შესაბამისად, ზემოხსენებული კონტეინერები პირველად ლტოლვილთა ბანაკებში ან საზღვაო თუ სახმელეთო ჯარების კორპუსებში განთავსდება.
ასეთი ბიოპრინტერის ბაზრის სავარაუდო ღირებულება 500 მილიონიდან 1 მილიარდ აშშ-დოლარამდეა. პოტენციურ მყიდველებად გაეროსთან, FEMA-თან და სხვა მსგავს ორგანიზაციებთან ერთად, ცალკეული სახელმწიფოებიც მოიაზრება.
მოწყობილობის მოდიფიცირება შესაძლებელია, რათა ის კოსმოსურ ხომალდში ან ორბიტაზე არსებულ სადგურებში მოთავსდეს. ამგვარი დანიშნულებით მასზე მუშაობას 2026-27 წლებისკენ დაიწყებენ და პირველად, დიდი ალბათობით, მთვარეზე გამოიყენებენ.
კომენტარები