ჰაულიდან ლე გუინამდე — ახალი ქართული გამომცემლობა ფანტასტიკური გეგმებით
სტატიის სათაურში სიტყვა "ფანტასტიკური" ორმაგ მნიშვნელობას ატარებს — გამომცემლობა მედუზა, ერთი მხრივ, ფანტასტიკის ჟანრზე ფოკუსირდება, მეორე მხრივ კი ისეთ წიგნებს მოუყრის თავს, რომელთა გამოცემაზეც წინათ ალბათ მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო.
როცა ჩვენს მკითხველს ცნობილი ფენტეზი რომანის, ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკის, ქართულად თარგმნის ამბავი ვაცნობეთ, სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხადია, ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის ანიმეს პოპულარობა იყო. თუმცა, ამ ფილმის ბევრმა მოყვარულმაც არ იცოდა, რომ იაპონელი კინოჯადოქრის ეს ნამუშევარი, რეალურად, ცნობილი ბრიტანელი მწერლის, დაიანა უინ ჯონსის, რომანის ეკრანიზაცია გახლავთ.
ახლა, როცა ყველაფერი გარკვეულია — ვიცით მთარგმნელის ვინაობაც (პოტერიადის რამდენიმე წიგნის შეუდარებელი მთარგმნელი, ქეთევან ყანჩაშვილი) და გამოსვლის სავარაუდო დროც (2023 წლის გაზაფხული) — დროა, მეტი მოგიყვეთ გამომცემლობაზე, რომელიც ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს ქართულ ენაზე გააცოცხლებს.
საქმე ისაა, რომ მედუზას მთლად ახალი გამომცემლობაც არ ეთქმის — კომპანია უკვე ნახევარ წელზე მეტია, არსებობს და ამ ხნის განმავლობაში რჩეულ ქართულ ფანტასტიკურ მოთხრობებსაც მოუყარა თავი კრებულში. ამასთან ერთად, გასულ წელს გამომცემლობა მედუზამ უკვე დაიწყო 3 ნაწარმოების თარგმნა, დებიუტანტი ქართველი ავტორის წიგნზე მუშაობა და, რაც მთავარია, უამრავი მკითხველისთვის თავის გაცნობა.
როგორ გაჩნდა გამომცემლობის შექმნის იდეა
ყველაფერი პანდემიის პერიოდში დაიწყო — მაშინ, როცა ყველას მსგავსად, გამომცემლობის დამფუძნებლებს, ანა ყიასაშვილსა და მარიამ კვიციანს, დროის უმეტესი ნაწილის სახლში გატარება უხდებოდათ. ორივე მათგანი, რასაკვირველია, ყოველთვის აქტიური მკითხველი იყო, მაგრამ, ამასთან ერთად, საგამომცემლო სფეროს შიდა სამზარეულოსაც კარგად იცნობდნენ — მუშაობდნენ როგორც წიგნის მაღაზიებში, ასევე უშუალოდ გამომცემლობებში. თუმცა, როგორც ალბათ ბევრ ჩვენგანს, ხშირად უჩნდებოდათ კითხვა, რატომ არ გამოიცემოდა ესა თუ ის წიგნი. ასე დაიბადა იდეაც — ანამ მარიამს შესთავაზა, საკუთარი გამომცემლობა ხომ არ შეგვექმნაო.
"აღფრთოვანებული მაშინვე დავთანხმდი", — იხსენებს მარიამი, — "როგორც ჟანრის მოყვარული, ბევრს ვკითხულობ ინგლისურად, რადგან ქართულ ენაზე მაინცდამაინც მრავლად არ მოიპოვება [ჟანრული ლიტერატურა]. ამიტომ, მალევე ჩამოვწერე ათობით წიგნი, რომლის გამოცემასაც ვისურვებდი".
იდეის შემდეგ მისი განხორციელების გზების ძებნა დაიწყეს. უმთავრესი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ფინანსური უზრუნველყოფა იყო. მედუზა ამ დროისთვისაც დამფუძნებლების სახსრებით ფუნქციონირებს. თუმცა, შემართება ხომ ყველა საქმეში უმთავრესია; ჰოდა, საგამომცემლო საქმიანობასაც "ფესვებთან დაბრუნებითა" და ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტებით შეუდგნენ — ქართული საი-ფაი მოთხრობებით.
დროთა კავშირი გასულ საუკუნეში ქართველი ავტორების მიერ დაწერილი მოთხრობების ანთოლოგიაა. კრებული ნუგზარ აფხაზავას, შოთა გაგოშიძის, ელგუჯა მერაბიშვილის, ბორის მიშველაძის, ზაალ ტაბაღუასა და ედიშერ ყიფიანის მოთხრობებს აერთიანებს.
"დედაჩემს უყვარდა ეს ჟანრი და სახლში მრავლად გვქონდა ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოებები. მეც ბავშვობიდან აქტიურად ვკითხულობდი", — ჰყვება მარიამი, — "მართალია, ჩვენთან სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი მაინცდამაინც განვითარებული ჟანრები არაა, მაგრამ გასულ ათწლეულებში არაერთი ავტორი წერდა ამგვარ პროზას".
დიდი მასალის მიუხედავად, გამომცემლებმა, ერთი მხრივ, მათთვის საყვარელი ნაწარმოებები შეარჩიეს კრებულისთვის, მეორე მხრივ კი, შეეცადნენ, ქართული ჟანრული პროზის საწყისების მრავალფეროვნება ეჩვენებინათ თანამედროვე მკითხველისთვის. ასე დაიბადა კრებულის სახელიც — დროთა კავშირი. ედიშერ ყიფიანის მოთხრობის ეს სათაური ათწლეულების წინ დაწერილი ტექსტების თანამედროვე კრებულში თავმოყრას სწორედაც რომ შეეფერება.
საბჭოთა დროის ქართული საი-ფაი, როგორც "მოთვინიერებული ლიტერატურა"
მედუზას დამფუძნებელი ჰყვება, რომ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორია მე-20 საუკუნის ადრეული წლებიდანვე იწყება. თუმცა, განსაკუთრებით აქტიურად ეს ჟანრი ჩვენთან 1970-იანი წლების შემდეგ ვითარდებოდა — სანამ საუკუნის მიწურულს ქვეყანაში მძიმე სოციოეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნებოდა.
რადგან საბჭოთა კავშირში ტექნოლოგიური განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო, მწერლები და სხვა ხელოვანებიც ოდას სწორედ სამეცნიერო სიახლეებს უძღვნიდნენ. თუმცა, იმ პერიოდის ქართულ საი-ფაის მაინც გამორჩეული ღირებულება აქვს — არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ ისტორიულიც თვალსაზრისითაც.
- ქართული საი-ფაის მიერ სწორად ნაწინასწარმეტყველები ტექნოლოგიური სიახლეები
- გასული საუკუნის ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო მოთხრობები
"ეს მოთხრობები ჩვენი კულტურის უახლოესი ისტორიის ნაწილია, თან ისეთის, რომელზე ლაპარაკიც დიდად არ გვიყვარს", — აღნიშნავს ქეთი ჩართოლანი, რომელიც წლებია, საბჭოთა პერიოდის ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკას იკვლევს, — "ეს მოთვინიერებული ლიტერატურაა, რადგან ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა სოცრეალიზმის შიგნით შეიქმნა და განვითარდა. მაგრამ, ამასთან, ამ ტექსტებში იმის ამოკითხვაც შეგვიძლია, თუ როგორ უმკლავდებოდა ქართული მწერლობა საბჭოთა რეჟიმზე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნას.
"უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ ხშირად შაბლონური ენით დაწერილ ტექსტებში მომავლის ის ხედვებია წარმოდგენილი, რომლებშიც ქართველი გმირი ცივილიზებული სამყაროს ცენტრში დგას. დაპყრობილი ერისთვის, რომლის ეროვნული იდენტობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იყო, ამგვარ წარმოსახვას ერთგვარი თერაპიის როლიც კი შეეძლო შეესრულებინა".
დღეს ამ ტექსტებს ეს დანიშნულება ალბათ ნაკლებად აქვთ, თუმცა, დროთა კავშირში შეტანილი მოთხრობები მაქსიმალურად ბევრი განსხვავებული გემოვნების მქონე მკითხველზეა გათვლილი. ამდენად, წიგნში საი-ფაის ნებისმიერი მოყვარული მისთვის საინტერესო საკითხავს ადვილად იპოვის.
ადვილი კი არ ყოფილა ავტორებთან კავშირის პოვნა. რადგან ტექსტების პირველად გამოცემიდან ათწლეულებია გასული, მწერლების ნაწილი გარდაცვლილია, მათი ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად კი გამომცემლებს დიდი ძალისხმევის გაღება დასჭირდათ. თუმცა, თუკი დროთა კავშირით დაინტერესებული ქართველი მკითხველის რაოდენობას გავითვალისწინებთ, ამ გაღებულმა ძალისხმევამ ნამდვილად გაამართლა.
ჟანრული ლიტერატურის ადგილი თანამედროვე წიგნის თაროზე საქართველოში
ფენტეზის და საი-ფაის მსოფლიოში მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს. ეს მიმართულებები ყველაზე პოპულარულ კატეგორიებს შორის გასულ წელსაც მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ. სამწუხაროდ, საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა, ჟანრული ლიტერატურის გამოცემის და გაყიდვების ტენდენცია მაინც მზარდია.
"ქართულ ლიტერატურას, ობიექტური მიზეზების გამო, მრავალრიცხოვანი მკითხველი ისედაც არ ჰყავს. ამიტომ გამომცემლობისთვის ისეთ ნიშურ ჟანრებზე კონცენტრირება, როგორიც სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზია, გამბედაობას მოითხოვს", — აღნიშნავს ქეთი, რომელსაც მთარგმნელად არაერთ გამომცემლობასთან უთანამშრომლია, — "თუმცა, მსგავსი გამბედაობა აუცილებელი და გამართლებულიცაა.
"ჟანრს მკითხველი თავისთავად არ გაეზრდება, თუ სრულიად ახალი ან ყველას მიერ მივიწყებული ტექსტები ხელმისაწვდომი არ გახდება. მედუზა სწორედ ამას აკეთებს. კრებული, დროთა კავშირი ხომ მკითხველს აცნობს იმ მემკვიდრეობის ნაწილს, რომელიც ქართულ მწერლობას სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში აქვს დაგროვილი".
ქეთის შეხედულებებს მარიამიც იზიარებს. მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, იგი მიიჩნევს, რომ ქართველი მკითხველი ფანტასტიკის ჟანრს სათანადოდ ჯერ არ იცნობს.
"ჩვენთან ფენტეზის და საი-ფაის ოდნავ ვიწროდ იცნობენ — იციან ერთი კონკრეტული მიმართულების ნაწარმოებები და ალბათ ვერც აღიქვამენ, რამდენად მასშტაბური შეიძლება ეს ჟანრები იყოს — მოიცავდეს სხვადასხვა ქვეჟანრს და ფორმასაც კი", — ამატებს გამომცემელი.
სხვათა შორის, მარიამი ასევე შეეხო ამ ჟანრში ქართველი ავტორების პასიურობის საკითხსაც. იგი ნუგზარ აფხაზავას სტატიას იშველიებს და საი-ფაიში სამეცნიერო ნაწილის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მარიამის თქმით, საბუნებისმეტყველო თუ ტექნიკური მიმართულებების განვითარება, მათ შორის სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში, ამ ჟანრის ლიტერატურისთვისაც აუცილებელია. ეს, ერთი მხრივ, პოტენციურ ავტორს საჭირო ცოდნას მისცემს, იმუშაოს ამ ჟანრში, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს მკითხველის დაინტერესებას სამეცნიერო მიმართულებებით.
თუმცა, საი-ფაის და, ზოგადად, ჟანრული ლიტერატურისადმი ინტერესი ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაშიც რომ არსებობს, ამას მედუზას სასიგნალო წიგნის გამოცემაზე უკუკავშირიც მოწმობს. ეს დაადასტურა გასულ შემოდგომაზე გამართულმა პრეზენტაციამაც, სადაც სხვადასხვა ასაკის მკითხველებმა გამომცემლებს თავიანთი სურვილებიც გაუზიარეს.
გამომცემლობა მედუზას სამომავლო გეგმები
დასაწყისში ფანტასტიკური გეგმები ტყუილად არ გვიხსენებია. მედუზა სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას აპირებს. მარიამის თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან, ბალანსი დაიცვან საი-ფაისა და ფენტეზის გამოცემას შორის. თუმცა, თარგმანებთან ერთად, მედუზას მკითხველი ორიგინალური ქართული ნაწარმოებებითაც იქნება განებივრებული. წინა საუკუნის პიონერ ავტორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე დებიუტანტი ქართველი მწერლის წიგნზე.
ამას გარდა, გამომცემლობის სამომავლო გეგმებში ბევრ ნაცნობ სახელსაც გადააწყდებით — ართურ კლარკიდან ურსულა ლე გუინამდე. მანამდე კი, ყველაზე ადრე ალბათ დაანონსებულ ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს შევხვდებით.
უშველებელი სერიების გადამკიდე, ფენტეზისა და საი-ფაის მკითხველს მოთმინებით ლოდინი არ გვესწავლება — მთავარია, ახლა ზუსტად ვიცით, სად უნდა მოვიკითხოთ საკითხავი.
კომენტარები