ჩინეთი აზიის მასშტაბით უდიდესი ოპტიკური ტელესკოპის აგებას გეგმავს
პეკინის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტები ოპტიკური ტელესკოპის აგებას გეგმავენ, რომელიც აზიის მასშტაბით უდიდესი იქნება.
როგორც ცნობილია, მთავარი მოწყობილობა 2024 წლისთვის შეიქმნება, მისი ობიექტივის დიაფრაგმის ზომა კი 6 მეტრითაა განსაზღვრული. 2030 წლისთვის ტელესკოპის სარკე 8 მეტრამდე გაფართოვდება. პროექტს, რომლის ფარგლებშიც ამ ყველაფრის განხორციელებას აპირებენ, EAST ეწოდება.
იმედოვნებენ, რომ ის ჩინეთისთვის ოპტიკური ასტრონომიის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მსოფლიო დონის პირველი ოპტიკური ტელესკოპი იქნება, რადგან დღესდღეობით წამყვანი ობსერვატორიები უფრო მეტად დასავლეთშია განლაგებული, მაგალითად ჰავაიზე, ჩილეში, კანარის კუნძულებზე და ა.შ.
პირველ ეტაპზე 18 ექვსკუთხა სეგმენტისგან შედგენილი სარკის შექმნა იგეგმება, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისას მოგვაგონებს, მისი სავარაუდო დიამეტრი კი დაახლოებით 6 მეტრი გახლავთ. ობსერვატორია ცინხაის პროვინციის ტერიტორიაზე, ტიბეტის მთიანეთში, 4 200 მეტრ სიმაღლეზე აიგება. მეორე ფაზა სარკის გარშემო კიდევ 18 ექვსკუთხა ნაწილის დამატებას ითვალისწინებს.
პეკინის უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 500-600 მილიონ იუანს მიაღწევს, რაც 69-84 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტურია. იქ მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ ასტრონომია სოციალურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს, რისი დასტურიც 2020 წლის ფიზიკის დარგის ნობელიანტები არიან, რომლებმაც სწორედ ოპტიკური ტელესკოპების მეშვეობით ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი აღმოაჩინეს.
ახალი ტელესკოპი ჩინეთს კოსმოსზე უკეთ დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს. აქვე გეტყვით, რომ ქვეყანა 2023 წლის მიწურულისთვის Xuntian-ის სახელით ცნობილი კოსმოსური ობსერვატორიის გაშვებასაც აპირებს.
კომენტარები