ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავთა გასაოცარი შეჯგუფების 2 სხვადასხვა ხედი დააფიქსირა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ვარსკვლავთა ერთი შეჯგუფების ორი სხვადასხვა გასაოცარი ხედი დააფიქსირა, რომლებზეც ახალგაზრდა და შედარებით ხნიერი მნათობები ახლო ინფრაწითელი და ახლო ულტრაიისფერი ფილტრების გამოყენებითაა გამოვლენილი.
ეს ობიექტი NGC 1850-ის სახელით ცნობილი სფეროსებრი შეჯგუფებაა, რომელშიც პირველი ვარსკვლავები დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა და გარემომცველი მტვერი თუ აირი ღია კოსმოსში გაფანტა. მათი საერთო გრავიტაცია საკმაოდ ძლიერია, რამაც ასეთი ერთიანობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. შედეგად, ამ რეგიონში უფრო მეტი მატერია მიიზიდა, რამაც მნათობთა ახალი პოპულაცია წარმოშვა.
ზემოთ ნაჩვენებ სურათზე მეტწილად ხნიერი მნათობებია გამოვლენილი, რომლებიც მოწითალო შეფერილობისაა. მეორე სურათზე კი ცისფრად მოკაშკაშე ახალგაზრდა ობიექტებია წარმოდგენილი, რომელთაც ხანმოკლე სიცოცხლე აქვს.
როგორც NASA-ში ამბობენ, ამ სურათებზე 200-მდე წითელი გიგანტია აღბეჭდილი. ესენია ვარსკვლავები, რომელთა გარეთა ფენაც გაფართოებულია და წითლად ელვარებს, თუმცა გაციებულია, რადგან მათ ბირთვში წყალბადის მარაგი იწურება.
ამ შთამბეჭდავი შეჯგუფების გადასაღებად, რომელშიც 2021 წელს შავი ხვრელიც აღმოაჩინეს, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ოქროს თევზის თანავარსკვლავედისკენ მიმართეს. სწორედ იქაა განლაგებული NGC 1850, რომელიც ირმის ნახტომის თანამგზავრი გალაქტიკის, მაგელანის დიდი ნისლეულის ნაწილია.
ჩვენგან 160 000 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავთგროვის ორგვარი გამოსახულება საშუალებას გვაძლევს, რომ NGC 1850-ის სრული სურათი დავინახოთ და გავიგოთ, რა "იმალება" მტვრის ღრუბლებში, რომელთა ფორმირებაც, მეცნიერთა თქმით, ვარსკვლავთა ზეახლად ანთებას უკავშირდება.
კომენტარები