სოციალური მედია მოწყენილობისგან გვიცავს, რაც სერიოზული პრობლემაა — ახალი კვლევა
სოციალური მედია, შესაძლოა, გვეხმარება მოწყენილობის დაძლევაში, მაგრამ იგი ასევე ხელს გვიშლის, აღმოვაჩინოთ ის, რაც უფრო ღირებულია.
ახალი კვლევის თანახმად, სოციალური მედია ხელს გვიშლის, განვიცადოთ ღრმა, სრულყოფილი მოწყენილობა. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება უარყოფითად სულაც არ ჟღერდეს, თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, მოწყენილობა ინოვაციის დასაბამი შეიძლება იყოს.
მოწყენილობის ეს "ღრმა" დონე განსხვავდება მისი საწყისი, ზედაპირული დონისგან, რომელსაც ვგრძნობთ, როდესაც ველოდებით ავტობუსს ან სატელევიზიო პროგრამის დაწყებას. მიუხედავად ამისა, მონოტონურობა შეიძლება მყისიერად გაიფანტოს Snapchat-ის, Twitter-ის, Instagram-ის, TikTok-ის ან Facebook-ის შემოწმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოწყენილობის დონე არასოდეს გადადის კრეატიულობის ზონაში.
"ღრმა მოწყენილობა შეიძლება ჟღერდეს ზედმეტად ნეგატიურ კონცეფციად, მაგრამ, სინამდვილეში, ის შეიძლება იყოს უკიდურესად პოზიტიური, თუკი ადამიანებს მიეცემათ საშუალება დაუბრკოლებელი აზროვნებისა და განვითარებისთვის", — ამბობს ტიმოთი ჰილი, სოციოლოგი დიდი ბრიტანეთის ბატის უნივერსიტეტიდან. "უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემია იყო ტრაგიკული, დესტრუქციული, შრომატევადი გამოცდილება ათასობით ნაკლებად იღბლიანი ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ ისტორიებს ადამიანებისა, რომლებმაც იპოვეს ახალი ჰობი, კარიერა ან მიმართულებები ცხოვრებაში."
ჰილმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს 15 ინდივიდი, რომლებსაც ან ანაზღაურებადი შვებულება ან სახლიდან მუშაობის უფლება მისცეს პანდემიის დროს. ასაკი, პროფესია და განათლება განსხვავდებოდა მონაწილეებს შორის, რომლებიც იყვნენ ინგლისიდან ან ირლანდიის რესპუბლიკიდან.
მონაწილეებთან ჩატარდა სტრუქტურირებული ინტერვიუები, რომლებშიც ისინი განმარტავდნენ, თუ როგორ ატარებდნენ დროს პანდემიის დროს და რა განცდები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოწყენილობა მუდმივად იჩენდა თავს, მის გასაფანტად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა სოციალური მედია და ე.წ. "დუმსქროლინგი".
იმ მონაწილეებმა, რომლებმაც მოწყენილობის უფრო ღრმა დონე განიცადეს, აღმოაჩინეს, რომ ამ გრძნობამ მათში მოუსვენრობა და სიცარიელე წარმოშვა. თუმცა ასევე წარმოიშვა ბიძგი ამ სიცარიელის შესავსებად; მათ ხელახლა აღმოაჩინეს კულინარიის, ველოსიპედით სეირნობისა და სხვა ჰობები.
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს ფუფუნება, იჯდეს და არაფერი გააკეთოს დიდი ხნის განმავლობაში და რომ სოციალური მედია შეიძლება იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. თუმცა, ისინი ამბობენ, რომ გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სოციალური მედია ჩვენს აზროვნებაზე.
"პრობლემა, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ის იყო, რომ სოციალურ მედიას შეუძლია, შეამსუბუქოს ზედაპირული მოწყენილობა, მაგრამ ყურადღების გაფანტვა იწოვს დროსა და ენერგიას და ხელს უშლის ადამიანებს, გადავიდნენ ღრმა მოწყენილობის მდგომარეობაში, სადაც მათ, შესაძლოა, ახალი მისწრაფებები აღმოაჩინონ", — განმარტავს ჰილი.
ზედაპირული და ღრმა მოწყენილობის ეს იდეა, თითქმის, 100 წლით თარიღდება გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის, ლექციების სერიით. ჰაიდეგერი ვარაუდობს, რომ მოწყენილობა არის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და იგი კულტივირებას საჭიროებს.
სხვა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მოწყენილობა და თავისუფალი გონების მასთან დაკავშირებული ხეტიალი შემოქმედებითობის გადამწყვეტი საფუძველია, რის გამოც ამდენი კარგი იდეა სწორედ შხაპის დროს მოგვდის. მკვლევრების აზრით, სოციალური მედია, შესაძლოა, გვეხმარება მოწყენილობის დაძლევაში, მაგრამ იგი ასევე ხელს გვიშლის, აღმოვაჩინოთ ის, რაც უფრო ღირებულია.
კომენტარები