ნახეთ: მეცნიერებმა მზის გვირგვინში პლაზმის უზარმაზარი ქსელი გამოავლინეს
მეცნიერებმა მზის ატმოსფეროს გარეთა ფენის, გვირგვინის შუა ნაწილზე დაკვირვებისას იქ პლაზმის რთული, ქსელის მსგავსი სტრუქტურა გამოავლინეს, რომელიც დინამიკურობით ხასიათდება. ეს მიანიშნებს, რომ მზის ქარი, ანუ დამუხტული ნაწილაკების ნაკადი სწორედ იქიდან იღებს სათავეს.
ჩვენი ვარსკვლავის შუა გვირგვინი, რომელიც მისი ზედაპირიდან დაახლოებით 1 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, მზის ატმოსფეროს ყველაზე ნაკლებად შესწავლილი რეგიონია. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. 2021 წელს სპეციალისტებმა ეს არეალი ულტრაიისფერ სპექტრში შეისწავლეს და მზის ქარის ფორმირების შესახებ ღირებული ინფორმაცია მოიპოვეს.
აღნიშნული ფენომენი მნიშვნელოვანია, რადგან "კოსმოსურ ამინდს" განსაზღვრავს, მათ შორის გავლენას ახდენს დედამიწაზეც. ეს მაშინ ხდება, როცა დამუხტული ნაწილაკები აქამდე აღწევს და ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს. შედეგად გეომაგნიტურ შტორმებს ვიღებთ, რომელთაც საკომუნიკაციო სისტემების დაზიანება ან მათი მუშაობის შეფერხება შეუძლია.
ახალი კვლევის ავტორებმა მზის შუა გვირგვინის შესასწავლად ხელოვნურ თანამგზავრ GOES-17-ზე დამონტაჟებული ულტრაიისფერი კამერა SUVI გამოიყენეს, რომლითაც მნათობს 1 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხელსაწყომ არა მხოლოდ ვარსკვლავის ცენტრი, არამედ მისი კიდეებიც გადაიღო და მეცნიერებს "ფარული" რეგიონის დანახვის საშუალებას მისცა.
მათ ყურადღება მზეზე ფორმირებულ 2 კორონალურ ხვრელზე გაამახვილეს, რომელიც მუქი შეფერილობის მბრუნავი არეალია, სადაც მაგნიტური ველი სუსტია და მატერიას სივრცეში ათავისუფლებს. ასეთი წარმონაქმნები ობიექტის აღმოსავლეთ და დასავლეთ კიდეებზე დაფიქსირდა, მათი საშუალებით კი შუა გვირგვინის დაქსელილი სტრუქტურა იხილეს, რომელსაც S-ქსელი უწოდეს.
ის მაგნეტიზებული პლაზმის ერთგვარი ძაფებისგანაა შედგენილი, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ ურთიერთქმედებაშია, რაც ქსელის მაღლა მზის ქარის გაჩენას უწყობს ხელს. უკანასკნელი მიგნება NASA-ს სამომავლო 2-წლიანი მისიის PUNCH დაგეგმვაში დაგეხმარება, რომლის მზისკენ გაშვებაც 2023 წელსაა ჩანიშნული.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები