სამხრეთ კორეასა და აშშ-ში ცალ-ცალკე აღზრდილი იდენტური ტყუპების IQ-ებს შორის დიდი განსხვავება დაფიქსირდა
აშშ-ში გაზრდილი ტყუპის ინტელექტის კოეფიციენტი 16 ქულით დაბალი იყო, ვიდრე კორეაში გაზრდილი დის.
იდენტურმა ტყუპებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაიზარდნენ, გამოავლინეს მოულოდნელად დიდი განსხვავებები კოგნიტიურ შესაძლებლობებში. აღსანიშნავია, რომ ტყუპები პიროვნული მახასიათებლებით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.
სეულში, სამხრეთ კორეაში, 1974 წელს დაბადებული დები ორი წლის ასაკში დაშორდნენ, როდესაც ერთი ტყუპი ბაზარში დაიკარგა. მიუხედავად მისი მშობლების გამოჩენისა სატელევიზიო გადაცემაში დაკარგული პირების შესახებ, ბავშვს ვერ მიაგნეს და იგი მოგვიანებით ამერიკელების ოჯახმა იშვილა.
შტატებში გაზრდილმა ტყუპმა არ იცოდა, თუკი დედმამიშვილი ჰყავდა, სანამ 2018 წელს არ წარუდგინა თავისი დნმ სამხრეთ კორეის ოჯახის წევრების გაერთიანების პროგრამას. ორი წლის შემდეგ მან მიიღო ინფორმაცია, რომ მას არა მხოლოდ იდენტური ტყუპი ჰყავდა, არამედ უფროსი და-ძმაც კი.
შეხვედრის შემდეგ, ტყუპებმა დაასრულეს ტესტების სერია, რომელიც აფასებდა მათ ინტელექტს, პიროვნულ მახასიათებლებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სამედიცინო ისტორიას. ყველას გასაკვირად, შედეგებმა აჩვენა, რომ აშშ-ში გაზრდილი ტყუპის ინტელექტის კოეფიციენტი 16 ქულით დაბალი იყო, ვიდრე კორეაში გაზრდილი დისა.
დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Personality and Individual Differences-ში, ეწინააღმდეგება მონოზიგოტური ტყუპების შესახებ წინა კვლევებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ტყუპებს შორის საშუალო IQ სხვაობა, მაქსიმუმ, შვიდი ქულაა. ორ დას შორის ამხელა განსხვავებაზე ავტორები წერენ: "გასაოცარია, რომ ტყუპებმა აჩვენეს მნიშვნელოვანი განსხვავებები კოგნიტიურ შესაძლებლობებში, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერ გენეტიკურ გავლენასთან."
ეს შეუსაბამობა გამოწვეული იყო თუ არა ტყუპების განსხვავებული აღზრდით, ძნელი სათქმელია, თუმცა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ შეერთებულ შტატებში გაზრდილ დას 3-ჯერ ჰქონდა გადატანილი ტვინის შერყევა, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონია მის კოგნიტიურ უნარებზე.
ტყუპების წყვილის შეფასებისას მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ მათი პიროვნული მახასიათებლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ის, რომ ეს მსგავსება შენარჩუნდა მიუხედავად დების განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებისა და საცხოვრებელი პირობებისა, საინტერესოა და ხაზს უსვამს როლს, რომელსაც გენეტიკა თამაშობს ადამიანის ტემპერამენტის განსაზღვრაში.
მაგალითად, მაშინ, როცა კორეაში გაზრდილი ტყუპისცალი მოსიყვარულე და ჰარმონიულ ოჯახურ პირობებში იზრდებოდა, ნაშვილები და აღმოჩნდა უფრო მკაცრ ოჯახში, სადაც ადგილი ჰქონდა მშობლებს შორის რეგულარულ კონფლიქტებსა და განქორწინებას. ამის მიუხედავად, წყვილს ჰქონდა თვითშეფასების იდენტური ქულები და ძალიან მსგავსი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფილები. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია საკვერცხეებიდან სიმსივნის ამოღების მიზნით. თუმცა, ტყუპები განსხვავდებოდნენ თავიანთი კულტურულად ჩაბეჭდილი იდეოლოგიების მიხედვით. კერძოდ, აშშ-ში აღზრდილი და უფრო ინდივიდუალისტური ხედვის დემონსტრირებას ახდენდა, ხოლო მის კორეაში გაზრდილ ტყუპისცალს უფრო კოლექტივისტური ღირებულებები ჰქონდა.
ცხადია, ტყუპების ცალკე აღზრდის შემთხვევები იშვიათია და ეს საკითხი მეტ შესწავლას საჭიროებს, ვიდრე რაიმე მკაფიო დასკვნამდე მივიდოდეთ. მიუხედავად ამისა, ეს კვლევა იძლევა გარკვეულ ახსნას იმ გენეტიკურ, კულტურულ და გარემო ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე.
კომენტარები