2022 წლის მთავარი სამეცნიერო მიღწევები — ყველაფერი აქ
2022 პოსტკოვიდური წელი იყო, რომელშიც პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვებისგან ნელ-ნელა ვთავისუფლდებოდით. გათავისუფლდა შეზღუდვებისგან სხვადსახვა სამეცნიერო კვლევა თუ მისიაც, რასაც პანდემია აფერხებდა.
შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 მეცნიერებისთვის საკმაოდ კარგი, მრავალფეროვანი და დატვირთული გამოდგა. და მაინც, თუ რაიმე უნდა გამოვარჩიოთ, ეს ალბათ ეპოქალური და ისტორიული კოსმოსური მისიების მრავალფეროვნება იყო. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიღწევები იყო მედიცინაში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კვანტური კომპიუტერების მხრივ და სხვა.
როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ სტატიაში მოგიყვებით იმ მთავარ სამეცნიერო მიღწევებსა თუ აღმოჩენებზე, რომლებიც 2022 წელს მოხდა.
ნანატრი მომენტი — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტოები და საკუთარი რეკორდების მოხსნა
კოსმოსური მისიების მრავალფეროვნება ვახსენე და მოდით დავიწყოთ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით, კაცობრიობის ახალი თვალით, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაჯდა!
თუ 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო მიღწევა ჯეიმს ვების გაშვება იყო, 2022-ში ეს ამ ისტორიული ტელესკოპის გააქტიურებაა! 2021 წლის, 25 დეკემბერს 14-წლიანი ლოდინის შემდეგ ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გაუშვეს, მაგრამ არანაკლებ რთული მისი გააქტიურება და ჩართვა გამოდგა. გააქტიურებამდე ტელესკოპს თავის ორბიტამდე უნდა მიეღწია, სადამდეც მას 1,5 მილიონი კილომეტრი და ურთულესი კოსმოსური მანევრები აშორებდა. ამისთვის ტელესკოპს ერთი თვე დასჭირდა, ხოლო პირველი ფოტოები და მექანიზმის სრულად ამუშავება დაახლოებით 6 თვის შემდეგ ვიხილეთ — მას შემდეგ რაც კოსმოსური ტელესკოპის პირველი 5 ფოტო გამოაქვეყნდა.
ასევე: ის, რასაც 18 წელი ველოდით — ნახეთ, ჯეიმს ვების ტელესკოპის პირველი ფოტო
ტელესკოპმა ასტრონომიაში აღმოჩენების ახალი ერა 12 ივლისს დაიწყო, როდესაც მისი გადაღებული პირველი ფოტო ვიხილეთ.
ამის შემდეგ კი იყო რეკორდები და რეკორდები. რაც მნიშვნელოვანია, ვებმა გააქტიურების შემდეგ სულ რამდენიმე კვირაში უკვე თავისი რეკორდების მოხსნა დაიწყო.
შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების პირველი ფოტოები — რა დავინახეთ
ესეც ტელესკოპის მიერ გაკეთებული უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებისა თუ რეკორდების მცირე ჩამონათვალი:
- ჯეიმს ვებმა 12.9 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის ფოტო გადაიღო
- ჯეიმს ვების ტელესკოპმა დაამტკიცა, რომ ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების დაფიქსირება შეუძლია
- ჯეიმს ვები უკვე საკუთარ რეკორდებს ხსნის — ტელესკოპმა ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირა
- ისტორიაში პირველად, ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა
- ჯეიმს ვების ტელესკოპმა სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები უკვე შეცვალა — როგორია უძველესი გალაქტიკები
- ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფერო ყველაზე დეტალურად შეისწავლა
მთვარის მისია დაიწყო! — Artemis 1 წარმატებით გაუშვეს
კოსმოსთან დაკავშირებით წელს არანაკლებ მნიშვნელოვანი მთვარის მისიების დაწყება იყო. კენედის კოსმოსური ცენტრიდან მძლავრი რაკეტა Space Lunch System გაუშვეს. მან დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტისკენ კოსმოსური ხომალდი Orion წაიღო. სწორედ ეს ხომალდი 2025 წელს მთვარეზე უკვე ადამიანს დასვამს.
ეს მთვარეზე დიდი დაბრუნება იქნება, რადგან უკვე 50 წელია, იქ ადამიანს ფეხი აღარ დაუდგამს. თუმცა, ამჯერად ბევრად უფრო ამბიციური გეგმებით — არტემისის მისიების ფარგლებში ჩვენ დედამიწის თანამგზავრზე ბაზის შექმნას და იქ გრძელვადიანი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ! რაც მთავარია, მთვარეზე ბაზა ერთგვარი სამზადისია კიდევ უფრო მასშტაბური მისიისთვის — მარსის კოლონიზაციისთვის.
Artemis 1-ის მისია ტექნოლოგიისა და მეცნიერების გამოცდა იყო, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ასტრონავტთა გასამგზავრებლად ყველაფერი სათანადოდ მუშაობს. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და 25 დღიანი მოგზაურობის შემდეგ 11 დეკემბერს Orion წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა.
შემდეგი პოდკასტი: აპოლოდან არტემისამდე — მთვარის მისიები
ადამიანის მთვარეზე დაბრუნება და ამჯერად იქ ბაზის დაფუძნება ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შესაბამისად, ამ მისიის წარმატებით დაწყება თავისუფლად შეგვიძლია ისტორიულ მომენტად შევრაცხოთ!
Falcon Heavy-ის ორბიტაზე გაშვება — ყველაზე მძლავრი რაკეტის დიდებული დაბრუნება
წელს თავი SpaceX-მაც გამოიჩინა. პირველ ნოემბერს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon Heavy, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესად ითვლება, დედამიწის ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს. მოვლენა სწორედ იმიტომაა აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი, რომ ეს ამ აპარატისთვის ბოლო 3 წელში პირველი მისია იყო.
აფრენიდან 2.5 წუთში რაკეტას 2 გვერდითა ამაჩქარებელი გამოეყო და გაშვების ადგილთან ახლოს, კანავერალის კონცხისკენ სინქრონულად გაემართა. მთავარი ამაჩქარებელი 4 წუთში განცალკევდა და ატლანტის ოკეანისკენ აიღო გეზი. გვერდითა ამაჩქარებლები ხმელეთზე აფრენიდან დაახლოებით 10 წუთში, ვერტიკალურად დაეშვა, რაც კომპანიისთვის 151-ე წარმატებული მცდელობა იყო.
რაკეტამ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე, 35 400 კილომეტრის მოშორებით ტვირთი აიტანა. ეს Falcon Heavy-სთვის რიგით მე-4 გაშვება იყო. ამ რაკეტის დებიუტი 2018 წელს შედგა, როცა მან კოსმოსში ილონ მასკის Tesla Roadster და კოსმოსურ კოსტიუმში გამოწყობილი მანეკნი გაიყვანა.
ამ ტიპის რაკეტის მონაწილეობით უკანასკნელი მისია 2019 წელს განხორციელდა. მას შემდეგ აპარატის გაშვებას ხელი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა შეუშალა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ის 3-წლიანი შუალედის შემდეგ დაბრუნდა.
მსგავსი მისიები ერთგვარი სამზადისია მარსის კოლონიზაციისთვის, როდესაც უმძვლავრესი რაკეტებით წითელ პლანეტაზე ერთდროულად ბევრი ადამიანის გაგზავნა შეგვეძლება.
პლანეტარული თავდაცვის სისტემა — ისტორიაში პირველად, კოსმოსური ხომალდი ასტეროიდის მთვარეს შეაჯახეს და ობიექტს ტრაექტორია შეუცვალეს
2022 წლის უმთავრესი კოსმოსური მიღწევების სიას ნამდვილად გამორჩეული მისიით ვასრულებთ — ეს Dart-ია, პირველი პლანეტარული თავდაცის სისტემა!
და აი ისიც, 2022 წლის, 27 სექტემბრიდან დედამიწის მოსახლეობამ ვიცით, რომ ჩვენი ტექნოლოგიით შექმნილი პლანეტარული თავდაცვის სისტემა გვაქვს და ის კარგად მუშაობს! დიახ, დინოზავრებო, ჩვენ თქვენი ბედის გაზიარებას აღარ ვაპირებთ!
მაშ ასე, ისტორიულმა მისიამ — NASA-ს "ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტმა" (DART) გვიჩვენა, რომ ჩვენი პლანეტარული თავდაცვის ტექნოლოგიები ეფექტიანია და მას საჭიროების შემთხვევაში, ჩვენთვის საშიში ასტეროიდის არიდება შეუძლია.
რაც შეეხება მისიის დეტალებს, 24 000 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავი კოსმოსური ხომალდი თავის სამიზნე ასტეროიდის მთვარეს შეეჯახა. აღნიშნულ ისტორიულ მომენტს, რომელიც დედამიწიდან 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობდა, პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს.
შემდეგი პოდკასტი: ასტეროიდები და კომეტები — პლანეტარული თავდაცვის სისტემა
შეჯახებიდან ორი კვირის შემდეგ, უკვე დაზუსტებით გავიგეთ, რომ მიზანი მიღწეულია! დიმორფოსის ორბიტა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ის რეალურად კაცობრიობისთვის საფრთხის მომტანი რომ ყოფილიყო, ასტეროიდს მართლაც თავიდან ავიცილებდით. მაშ ასე, 2022 წელს გავგეთ, რომ კაცობრიობა ასტეროიდის მოძრაობაში ხელოვნურად ჩაერია და წარმატებასაც მიაღწია!
მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი გადაიღეს
კოსმოსური მისიების შემდეგ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებრე შავი ხვრელის ფოტოს ვერ გამოვტოვებდით!
მაისში გავიგეთ, რომ მეცნიერებმა, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მეშვეობით, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის, მშვილდოსან A*-ს პირველი გამოსახულება მოიპოვეს.
ასევე: როგორ გადაიღეს შავი ხვრელის ფოტო — ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ
ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული შავი ხვრელი ჩვენგან დაახლოებით 27 000 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი მასა მზისას 4.3 მილიონჯერ აღემატება, რადიუსი კი 23.5 მილიონი კილომეტრია.
ამ უჩვეულო ობიექტების დაფიქსირება ასტრონომებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო, რადგან ასეთი ობიექტებისგან სინათლე არ გამოიყოფა, თუმცა გარემოზე გრავიტაციული ზემოქმედების შედეგად, კვალი მაინც რჩება. მაგალითად, მშვილდოსან A*-ზე ინფორმაციას მის გარშემო მოძრავი ვარსკვლავის, S2-ის მეშვეობით იგებენ.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
რაც აღსანიშნავია, აქამდე მეცნიერებს მხოლოდ 1 ზემასიური შავი ხვრელი, M87* ჰქონდათ გადაღებული, რომელიც იმავე სახელწოდების გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. ეს 2019 წელს მოხდა. 2022 წელს კი კაცობრიობა კიდევ ერთი ასეთი მიღწევის მომსწრე გახდა, თანაც საკუთარ გალაქტიკაში.
ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ამაჩქარებელი დაგვიბრუნდა
კოსმოსიდან დედამიწაზე ვბრუნდებით — 2022 წელი მეცნიერებაში ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ამაჩქარებლის დაბრუნებითაც გამორჩეულია. კოლაიდერი სამი წლის განმავლობაში გამორთული იყო — მიზეზი განახლება იყო.
LHC, ცერნში, საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ჟენევასთან ახლოს, 2018 წელს გამორთეს, რათა მეცნიერებსა და ინჟინრებს მთელი მსოფლიოდან ის კიდევ უფრო გაეძლიერებინათ. მესამე გაშვება, დააფიქსირებს ნაწილაკების რეკორდულ შეჯახებებსა და ენერგიებს. ატლასის და CMS-ის ექსპერიმენტების ამ ფაზაში შეგვიძლია ველოდეთ მეტ შეჯახებას, ვიდრე წინა ორი ფაზის დროს ერთად.
მეცნიერები ამ ახალი ექსპერიმენტებით შეეცდებიან გაიგონ თუ რა არის ბნელი მატერია, როგორია ნაწილაკების როლი და რაც მთავარია, რატომ გაჩნდა სამყარო.
ასევე: ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ამაჩქარებელი ბრუნდება — რა უნდა ვიცოდეთ
ცნობისთვის, დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ძლიერი ნაწილაკების ამაჩქარებელია. ის 2008 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე კაცობრიობას უდიდესი აღმოჩენები მოუტანა. LHC შედგება ზეგამტარი მაგნიტების რგოლისგან და აქვს მრავალი მოწყობილობა. ამ ტექნოლოგიის განახლება და თავიდან ჩართვა მეცნირებისთვის ნამდვილად წლის მოვლენა იყო.
IBM-მა მსოფლიოში უსწრაფესი 433 კუბიტის მქონე კვანტური კომპიუტერი წარადგინა
რთულია წელი მეცნიერებაში ისე შეაჯამო კვანტური კომპიუტერები არ ახსენო. ეს ის მომავლის ტექნოლოგიაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ძალიან დიდი იმედით უყურებს. ამ ეტაპზე კვანტური კომპიუტერები ჯერ საწყის ეტაზეა, მაგრამ სწორედ ამ ტექნოლოგიას აქვს ჩვენი ცივილიზაციისთვის უდიდესი პოტენციალი.
კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს. შესაბამისად, IBM Summit 2022-ზე ყველაზე სრაფი კვანტური კომპიუტერის წარდგენას ვერ გამოვტოვებდით. ეს კი ნოემბერში მოხდა, როდესაც IBM-მა თავისი ახალი 433 კუბიტის მქონე კვანტური კომპიუტერი წარადგინა. ეს სამჯერ აღემატება კომპანიის წინა რეკორდს —127 კუბიტს.
შემდეგი პოდკასტი: კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
კომპიუტერს Osprey ეწოდება და მის პროცესორს შეუძლია აწარმოოს რთული კვანტური გამოთვლები ნებისმიერი სხვა კლასიკური კომპიუტერის გამოთვლითი შესაძლებლობების მიღმა.
ფაქტია, კვანტური კომპიუტერები სულ უფრო რეალური ხდება და ამ მხრივ 2022 წელს IBM-ის ეს თამამი განაცხადი ნამდვილად გამორჩეული იყო.
გარღვევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში — Open AI: DELL-E 2 & ChatGPT
თანამედროვე სამყარო ხელოვნური ინტელექტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ალგორითმები ყველგან არიან, ისინი ყველაფერს ხედავენ და ხშირ შემთხვევაში ჩვენც გვიბიძგებენ იმისკენ თუ რას დავინახავთ. შესაბამისად, წლის შეჯამება ამ სფეროს გარეშე არ გამოვა, მით უმეტეს, რომ ამ მხრივ წელს ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლეები იყო.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამორჩეული Open AI იყო, კომპანია, რომლის თანადამფინანსებელი ილონ მასკიცაა და რომელმაც წელს ორი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი დადო. პირველი ეს Dall-E 2-ია, ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია, რომელიც სურათებს აღწერაზე დაფუძნებით ქმნის. მაგალითად, თუ აპლიკაციაში "ცხენზე ამხედრებულ ასტრონავტს", ან "სუშისგან დამზადებულ კატას" მიუთითებთ, ის საპასუხოდ შემდეგ მაღალი ხარისხის სურათებს მოგაწვდით:
გარღვევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში — ეს AI სურათებს მხოლოდ ტექსტური აღწერისგან აგენერირებს
აპლიკაცია ობიექტის სურათს მისი მახასიათებლების — ფორმის, ფერის და ა.შ. საფუძველზე ქმნის. გარდა ამისა, მას სურათის რამდენიმე ობიექტის კომბინაციით შექმნაც შეუძლია. ადრინდელი მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით, DELL-E 2 პროდუქტს ისეთ დეტალებსაც ამატებს, რომლებიც აღწერაში საერთოდ არაა აღნიშნული, თუმცა რეალისტური სურათის შესაქმნელადაა საჭირო. მაგალითად, როდესაც "ზამთარში მინდორში მჯდომარე მელიას ნახატი" მიუთითეს, DELL-E 2-მა თვითონვე განსაზღვრა, რომ ცხოველს ჩრდილიც დასჭირდებოდა.
შემდგომი განვითარების შემთხვევაში DALL-E-ის აქვს პოტენციალი, ისეთი სფეროები მოიცვას, როგორიც ილუსტრაციების შექმნა და stock ფოტოგრაფიაა.
Open AI ამით არ დაკმაყოფილდა და უკვე წლის ბოლოს რევოლუციური ჩეთბოტი შემოგვთავაზა. ადამიანები მას კითხვებს უსვამდნენ, ესაუბრებოდნენ და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესო იყო, რომ 5 დღეში ჩეთბოტს უკვე რამდენიმე მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს კიდევ ბევრი რამე შეუძლია. მეტიც, ჩეთბოტის მულტიფუნქციონირებიდნ გამომდინარე, ბევრს ისიც ჰგონია, რომ ChatGPT-ს Google-ის ჩანაცვლებაც შეუძლია. შესაბამისად, შესაძლოა, მომავალში ინტერაქიული საძიებო სისტემა გვქონდეს, თუმცა, აქამდე ჩეთბოტს კიდევ ბევრი რამე ექნება სასწავლი.
შემდეგი პოდკასტი: ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი
მსოფლიოში პირველად, ადამიანზე ხელოვნური სისხლი გამოცადეს
მეცნიერებაში წლის შეჯამება მედიცინის მიღწევების გარეშე არ გამოვიდოდა. ამ მხრივ 2022 წელს ბევრი საინტერესო სიახლე იყო, მაგრამ განსაკუთრებულად აღსანიშნავი ალბათ ხელოვნური სისხლის ფაქტორია.
მსოფლიოში პირველი კლინიკური ცდის ფარგლებში, ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში გაზრდილი სისხლის წითელი უჯრედები მოხალისეების ორგანიზმში შეუშვეს. ცდას შეუძლია რევოლუციური ცვლილებები შეიტანოს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისა და თალასემიის მკურნალობის მეთოდიკაში.
სისხლის უჯრედები დონორების ღეროვანი უჯრედებიდან გაზარდეს, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, დონორის მოწოდებული მცირე რაოდენობით სისხლი გადასხმამდე რამდენიმეჯერ გამრავლდეს.
ამ მიდგომის გამოყენებით დაიძლევა დონორების დეფიციტი სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისათვის, რომელთაც რეგულარული გადასხმა ესაჭიროებათ ისეთი დაავადებების გამო, როგორიც ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და თალასემიაა.
მეორეს მხრივ, ლაბორატორიის სისხლი უფრო დიდ ხანს გაძლებს, ვიდრე ბუნებრივად შექმნილი. ერითროციტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 120 დღეა, დონორის მიერ გადასხმული სისხლი კი სხვადასხვა ასაკის უჯრედებს შეიცავს. თუ კვლევა წარმატებული იქნება, ლაბორატორიული სისხლის გადასხმა პაციენტს შედარებით იშვიათად დასჭირდება, რაც ჰემოსიდეროზს (რკინის ჭარბ დაგროვებას) აარიდებს თავიდან.
რამდენიმე თვეში საბოლოოდ გვეცოდინება, გაამართლა თუ არა ამ ამბიციურმა პროექტმა, თუმცა პირველადი ცდების წარმატება და თეორიული გამართულობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სისხლის იშვიათი დაავადებების დამარცხებას უფრო და უფრო ვუახლოვდებით.
ისტორიაში პირველად, თერმობირთვული სინთეზის გამოყენებით სუფთა ენერგია მიიღეს
დაბოლოს, წლის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი სამეცნიერო სიახლე! 13 დეკემბერს შევიტყვეთ, რომ ისტორიაში პირველად, აშშ-ში, Lawrence Livermore National Laboratory-ში თერმობირთვული სინთეზის რეაქციის შედეგად სუფთა ენერგიის მიღება შეძლეს. ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა თერმობირთვული სინთეზის შედეგად იმაზე მეტი ენერგიის გამომუშავება მოხერხდა, ვიდრე ექსპერიმენტს სჭირდებოდა!
ეს მოვლენა ენერგიის სექტორში გარდამტეხ რევოლუციასთან კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს.
რასთან გვაქვს საქმე? ასეთი კვლევებისას მეცნიერები მზესა და სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციის გამეორებასა და შენარჩუნებას ცდილობენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტიპის რეაქტორებს აქვთ პოტენციალი, პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის სუფთა ენერგია წარმოქმნან, ნოლი გამონაბოლქვითა თუ დაბინძურებით!
თერმობირთვული შერწყმა არის რეაქცია, რომელიც ხდება ვარსკვლავების გულებში. ასეთ დროს ორი ბირთვი ერწყმება ერთმანეთს და ერთ უფრო მძიმე ბირთვს წარმოქმნის. ეს არ გამოყოფს სათბურის აირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ პოტენციურად სუფთა ენერგიის წყაროს.
შემდეგი პოდკასტი: თერმობირთვული სინთეზი — როგორ მიიღეს სუფთა ენერგია ხელოვნური მზისგან
თუ მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ, როგორ მიიღონ მეტი ენერგია მსგავსი რეაქციისგან ეს სრულიად რევოლუციური იქნება. ამიტომ, ჩაინიშნეთ, 2022 წლის 13 დეკემბერი ის რიცხვია, რომელიც ისტორიის წიგნებში ჩაიწერება.
კომენტარები