ნახეთ: გასაოცარი სურათი მარსის ყინულიან ლანდშაფტს გვიჩვენებს
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდისგან Mars Express ახლახან მარსის გასაოცარი სურათი მივიღეთ, რომელზეც წითელი პლანეტის სამხრეთ პოლუსის მახლობლად არსებული ულამაზესი ყინულიანი ლანდშაფტია ნაჩვენები.
თვალწარმტაცი ფოტოს ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზამთრის პეიზაჟს ვუყურებთ. ამის მიუხედავად, კოსმოსურმა აპარატმა ეს კადრი 19 მაისს გადაიღო, როცა ჩვენი მეზობელი ციური სხეულის სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის სეზონი იყო, ყინულოვანი საფარის მოცულობა კი შემცირებას იწყებდა.
აღსანიშნავია, რომ მარსზე, დედამიწის მსგავსად, 4 სეზონია: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი წითელ პლანეტაზე უფრო ცივია, ვიდრე ჩვენთან. კერძოდ, იქ ამ დროს ტემპერატურა -60 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
სურათზე ყურადღებას 2 უზარმაზარი კრატერი იქცევს, რომლებზეც წყლის ყინულისა და დანალექი ქანების შრეებია წარმოდგენილი, რასაც "პოლარული შრეებიანი დანალექები" ეწოდება. მსგავსი წარმონაქმნი ასევე მოჩანს ღრმულებს შორის გადაჭიმულ ერთგვარ ქედზეც.
უფრო შემაღლებულ ადგილებზე ყინული ნაკლებად გვხვდება, შესამჩნევია მუქი შეფერილობის დიუნებიც. მეცნიერთა ვარაუდით, ამ დიუნების შემადგენელი მტვერი მუქია, რადგან ის "დამარხული" ვულკანური მატერიისგანაა ფორმირებული, რომელიც უძველეს მარსზე მომხდარი ამოფრქვევებისას გამოიყო და ძლიერი ქარის გავლენით მარსის ზედაპირზე გადანაწილდა.
სხვა მუქი წერტილები მტვერთან და ნაკადებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ყინულიან ზედაპირზე მაშინ იფრქვევა, როცა გრუნტქვეშა ნახშირორჟანგი პირდაპირ აირად იქცევა, ანუ სუბლიმირდება. შედეგად, მტვრის გეიზერებს ვიღებთ, რომლებიც წითელი პლანეტის ატმოსფერომდე ვრცელდება.
ამავე პროცესის გამო, მარსის პოლარული რეგიონის მიმდებარედ დიდი ზომის მქონე, უჩვეულო ფორმის წარმონაქმნები გვხვდება, რომლებიც სუბლიმირებული ყინულის მიერაა ფორმირებული. ისინი ცარიელ ტბებს მოგვაგონებს, რის მაგალითსაც სურათის ზედა მარცხენა კუთხეში ვხედავთ.
ასევე, გამოსახულების ცენტრალურ ნაწილში ბუნდოვანი ღრუბლებია აღბეჭდილი, რომლებიც წყლის ყინულისგანაა შედგენილი, ხოლო მათი ტრაექტორია, გარკვეულწილად, ქვედა ლანდშაფტითაა განსაზღვრული. გაზაფხულზე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის სუბლიმაცია წნევას ზრდის და ძლიერ ქარს განაპირობებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ატმოსფეროსა და პლანეტის ზედაპირს შორის მატერიის მიმოცვლას უწყობს ხელს.
კომენტარები