ისტორიაში პირველად, 1 ინდივიდის გენეტიკური მასალისგან ქალისა და კაცის უჯრედები შექმნეს
მეცნიერებმა 1 ადამიანის ბიოლოგიური მასალის გამოყენებით ქალისა და კაცის უჯრედები შექმნეს, რომლებშიც ერთნაირი გენეტიკური კოდი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია და საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ, რა გავლენას ახდენს სასქესო ქრომოსომები სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე.
მოგეხსენებათ, არსებობს X ქრომოსომათა წყვილი და XY, რაც ჩვენს სქესს განსაზღვრავს, ანუ სხვადასხვა ბიოლოგიური მახასიათებლის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. ხშირად ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა ქალებსა და კაცებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, რისი დეტალურად შესწავლაც ძალიან ძნელია, რადგან ცდისპირებში პოტენციურ რისკ-ფაქტორთა მთელი წყება შეიძლება გამოვლინდეს.
ამ დაბრკოლების გადასალახად, სპეციალისტთა გუნდმა სწორედ გენეტიკურად იდენტური უჯრედების შექმნა გადაწყვიტა, რომელთა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი სასქესო ქრომოსომები იქნებოდა. მათი გამოყენებით სქესის მიხედვით დაავადებების მოდელირება და პრეპარატების ეფექტიანობის დადგენაა შესაძლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,
ამ გეგმის შესასრულებლად სპეციალისტებმა დონორი ინდივიდი შეარჩიეს, რომელსაც კლაინფელტერის სინდრომის იშვიათი "მოზაიკური" ფორმა ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ მის უჯრედებში სხვადასხვა რაოდენობის სქესობრივი ქრომოსომა იყო, მაგალითად სამი XXY, ორი X, ერთი X ან ერთი Y.
უჯრედული რეპროგრამირების მეშვეობით, მკვლევრებმა სისხლის ამგვარი თეთრი უჯრედები iPS ტიპის ღეროვან უჯრედებად აქციეს, რომლებსაც რეგენერაციისა და განსხვავებული ფუნქციის მქონე ერთეულად გარდაქმნის უნარი აქვს. მეცნიერებმა მიღებულ ბიოლოგიურ მასალაზე ექსპერიმენტები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ზოგიერთი გენი XX ან XY ქრომოსომაში უფრო აქტიური იყო. ასევე, მსგავსი ღეროვანი უჯრედებით ნეირონები შექმნეს და მათი განვითარების ადრეულ ეტაპზე სქესობრივი სხვაობის გავლენას დააკვირდნენ.
ეს მიღწევა დაგვეხმარება, ქალებისა და კაცებისთვის სათანადო სამკურნალო თერაპიები შევიმუშაოთ, რომელიც კონკრეტულად მათი სქესობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით იქნება შექმნილი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Stem Cell Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები