ისტორიაში პირველად: ექიმებმა ბავშვის გულის დეფექტს ღეროვანი უჯრედებით უმკურნალეს
ფინლი ორი წლის წინ გულის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა. ბრისტოლის უნივერსიტეტისა და პროფესორ მასიმო კაპუტოს გუნდის დამსახურებით, ფინლი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც ოპერაციის შემდეგ გულის ქსოვილების აღსადგენად ღეროვანი უჯრედების ინექციით უმკურნალეს.
British Health Foundation-ის პრეს რელიზის მიხედვით, პროფესორი კაპუტო და მისი გუნდი ახლა მუშაობს იმაზე, რომ ფინლის მდგომარეობაში მყოფ მეტ ბავშვს დაეხმაროს.
ბავშვს დაბადებიდან ოთხ დღეში გულის ოპერაცია ჩაუტარდა, რათა არტერიები სწორად გადაეადგილებინათ. 12-საათიანი პროცედურის შემდეგ, გართულებები დაიწყო და ფინლის გულის ფუნქცია გაუარესდა, რის გამოც მისი მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გახდა საჭირო. რამდენიმე დღეში პროფესორმა კაპუტომ ბავშვის მშობლებს დამატებითი არჩევანი, ღეროვანი უჯრედების ინექცია შესთავაზა.
ღეროვანი უჯრედების პლასტირი
პროფესორი კაპუტო 2003 წლიდან გულის ოპერაციების განსავითარებლად კლინიკურ ცდებსა და პროექტებს ატარებს. მას აინტერესებდა აუმჯობესებდა თუ არა შედეგებს თერაპევტული ჰიპოთერმია, გულის ოპერაციის პროცესში ორგანიზმის ტემპერატურის დაგდება.
გარდა ამისა, ის ღეროვანი უჯრედების პლასტირის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც ოპერაციის პროცესში გულში ჩააკერებენ. სტანდარტული სინთეტიკური პლასტირებისგან ან გულის სარქველების ჩამნაცვლებლისგან განსხვავებით, თეორიულად, ბავშვის ზრდასთან ერთათ მისი გამოცვლა საჭირო არ იქნება. მკვლევრების თქმით, ეს ტექნოლოგია შეამცირებს ან მოხსნის ბავშვებში ხელახალი ოპერაციების აუცილებლობას.
ფინლის ღეროვანი უჯრედები კლინიკური ექსპერიმენტის ფარგლებში არ მიუღია. ასევე, მასზე კაპუტოს პლასტირი არ გამოუყენებიათ. ამის ნაცვლად, ბავშვმა ოპერაციისას ღეროვანი უჯრედები ინექციის სახით მიიღო.
კომენტარები