ჩინეთი ხელოვნური ინტელექტით შექმნილ კონტენტზე რეგულაციებს აწესებს
ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ (CAC) მიიღო რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი მონიშვნის გარეშე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კონტენტის შექმნა (Deepfake-ის ჩათვლით) აიკრძალება.
ჩინეთის მთავრობა თვლის, რომ გაყალბებულ ვიდეოებსა და ფოტოებს, რომლებშიც ადამიანები აკეთებენ ან ამბობენ ისეთ რამეს, რაც რეალურად არ გაუკეთებიათ და უთქვამთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეუძლია.
რეალურად, ჯერ კიდევ 2019 წელს ადმინისტრაციამ ფეიქ ნიუსების AI-ის საშუალებით შექმნა და მათი გავრცელება აკრძალა. ახალი რეგულაციები ამ აკრძალვებს განავრცობს, რაც ხელოვნური ინტელექტის ახალი ტალღის გამოძახილია, რომლის ფარგლებშიც AI-ის გამოყენება უკვე ტექსტების, მუსიკისა და ფოტოების შესაქმნელადაცაა შესაძლებელი.
ასევე იხილეთ: რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთის მთავრობა ტექნოლოგიურ სიახლეებში საფრთხეს ხედავს. მაგალითად, გასულ წელს ჩინეთში ყველა კრიპტოვალუტა აიკრძალა.
Deepfake-ის პრობლემა
Deepfake უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში გაურკვევლობის დასათესად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება. წლის დასაწყისში, ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს იარაღის დაყრისკენ "მოუწოდებდა".
ახალი რეგულაციების მიხედვით, ჩინეთში მსგავსი კონტენტის შექმნა მასში მონაწილე ადამიანის თანხმობის გარეშე დასჯადი იქნება. ასევე იკრძალება ყველაფერი, რაც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, რაც საკმაოდ ბუნდოვანი და საშიში კატეგორიაა.
ამ AI მოწყობილობებს კომისია შემდეგნაირად განმარტავს: ტექონოლოგია, რომელიც იყენებს ღრმა დასწავლის, ვირტუალური რეალობისა და ალგორითმების სხვა სინთეზს ტექსტის, ფოტოს, აუდიო მასალის, ვიდეოსა და ვირტუალური სცენების შესაქმნელად.
როგორ იმოქმედებს ახალი წესები ამ მზარდ ტრენდზე, ამას ახლო მომავალში ვიხილავთ. მითუმეტეს, ჩინეთის მთავრობა არ არის ერთადერთი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მსგავსი განვითარებით შეშფოთებულია. ბაიდენის ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით მიმდინარე თვის დასაწყისში საკუთარი არასავალდებულო რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
კომენტარები