ტვინის ეს პარაზიტი მგელს ხროვის ლიდერად აქცევს — როგორ
მეცნიერების აზრით, ეს კვლევა ტოქსოპლაზმოზის პრევენციისა და მკურნალობისათვის მნიშვნელოვანი იქნება
როგორც ჩანს, რუხი მგლები უცნაური და ნაკლებად გამოკვლეული პარაზიტის, toxoplasma gondii-ის მსხვეპლი ხშირად ხდებიან, თუმცა მისი ეფექტი ხშირად საპირისპიროდ გამოიხატება — პარაზიტი მგელს ლიდერის თვისებებს უვითარებს.
ძაღლისებრთა ოჯახის ბენეფიტები
ახალი კვლევის ფარგლებში, იელოუსთოუნის ეროვნული პარკის T. Gondii-ით დაავადებული მგლების გასული 27 წლის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ყველა ინდივიდს, რომლის ორგანიზმშიც პარაზიტმა შეაღწია, რისკიანი ქცევითი მიდრეკილებები განუვითარდა.
მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტი სხვა ცხოველების, მათ შორის ადამიანების (რომელთა ორგანიზმშიც ტოქსოპლაზმოზის გამომწვევი პარაზიტი, მეცნიერთა აზრით, კატის ექსკრემენტიდან ხვდება), ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, როგორც ჩანს, ძაღლისებრთა ოჯახის შემთხვევაში მონაცემები საპირისპიროა. Yellowstone Wolf Project-ის მიხედვით, ინფიცირებული მგლების ხროვის ლიდერად ჩამოყალიბების შანსს პარაზიტი საშუალოდ 46-ჯერ ზრდის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის ზრდაა, რაც toxoplasma gondii-მ სხვა ძუძუმწოვრებშიც, განსაკუთრებით კი ადამიანებში, აჩვენა.
გადამტანი კატისებრთა ოჯახი
პარაზიტშეყრილი მგლები, კვლევის მიხედვით, 11-ჯერ უფრო ხშირად მიდიან ახალი ტერიტორიების საძიებლად, ვიდრე მათი ჯანმრთელი თანამოძმეები — ეს სახიფათო და გაბედული ქცევაა, რომელიც მგლების საზოგადოებაში ინდივიდის მიმართ პატივისცემას, შესაბამისად, მისი გალიდერების შანსს ზრდის.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ toxoplasma gondii-ის მიერ გამოწვეულ გამბედაობასა და სხვა მგლების ტერიტორიაზე წასვლის სურვილს, იქ ბრძოლასა და შესაძლო სიკვდილს შორის კავშირი არსებობს". — განაცხადა CNN-თან საუბარში ბიოლოგმა კონორ მეიერმა
კონორ მეიერმა, კირა კესიდიმ და მათმა სხვა კოლეგებმა ჯერ არ იციან, საიდან ხვდება მგლის ორგანიზმში პარაზიტი, თუმცა იელოუსთოუნის პარკზე დაკვირვებით ვარაუდობენ, რომ იქაურ ინდივიდებში toxoplasma gondii-ის მთავარი გადამტანები ადგილობრივი პუმები არიან. ეს ხსნის სხვა მეცნიერების ადამიანებთან დაკავშირებით ზემოთ გამოთქმულ ვარაუდსაც.
ჯერ საბოლოო დასკვნა გამოტანილი მაინც არ არის, კვლევები უნდა გაგრძელდეს და ზუსტად დადგინდეს, მართლაც იწვევს თუ არა პარაზიტი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელ ორგანიზმებში განსაკუთრებულ ჰორმონულ ცვლილებებს. მეცნიერების თქმით, ეს კვლევა ტოქსოპლაზმოზის პრევენციისა და მკურნალობისათვის მნიშვნელოვანი იქნება.
ასევე იხილეთ: ორსულობისას გადატანილი ინფექციები აუტიზმისა და დეპრესიის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის
კვლევა ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები