სერიალი "შავი სარკე" 2011 წელს გამოვიდა და სამეცნიერო ფანტასტიკის უამრავი მოყვარულის ყურადღება მიიპყრო. მასში ნაჩვენები საშიში და ინოვაციური ტექნოლოგიები და მათი გავლენა საზოგადოებაზე ბევრი ადამიანისთვის საინტერესო და შოკისმომგვრელი იყო. სერიალს, ჯერჯერობით, 5 სეზონი აქვს და წარმოადგენს ეთიკის, კრიტიკის, უტოპიისა და მეცნიერების მიქსს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ტექნოლოგიებით. და რამდენადაც გასაკვირიც უნდა იყოს, ამ გიჟური ტექნოლოგიებიდან ზოგიერთი რეალურადაც არსებობს ან შექმნის პროცესშია. მოკლედ, ცოტაც ჩასქროლეთ და გაეცანით 5 ტექნოლოგიას "შავი სარკიდან", რომლებიც უკვე არსებობს.

1. ვირტუალური პერსონაჟები

მე-2 სეზონის მე-3 ეპიზოდი, The Waldo Moment, "შავი სარკე"

ფოტო: Abrisuite

The Waldo Moment სერიალში ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ეპიზოდია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ვირტუალურ პერსონაჟებს, გავლენის მოხდენის გზით, შეიძლება საზოგადოების შეცვლის ძალა ჰქონდეს. ეპიზოდში ვალდო, ვირტუალური პერსონაჟი, იპოვებს გავლენას და იწყებს მიმდევრების მოზიდვას. შემდეგ იგი ხდება პოლიტიკოსი, მონაწილეობას იღებს ინტერვიუებში და კენჭს იყრის არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვალდო არ გვყავს, მეტავერსი და ვირტუალური პერსონაჟები უკვე არსებული რეალობაა. ზოგიერთი ბრენდი, მაგალითად, Nike, Decentraland და Sandbox, ქმნის ინფლუენსერებს, რომლებიც რეალურად არ არსებობს.

2. ავტონომიური მიწოდების სერვისი

მე-4 სეზონის მე-3 ეპიზოდი, Crocodile, "შავი სარკე"

როცა რაიმეს უკვეთავთ, ალბათ, ელოდებით, რომ გარკვეულ დროში თქვენს კარს ადამიანი მოადგება და შეკვეთას მოგიტანთ, თუმცა "შავი სარკის" ამ ეპიზოდში ვხვდებით ფურგონს, რომელსაც სამუშაოდ მძღოლი არ სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოპილოტი უკვე არსებობს, იშვიათია ისეთი მიტანის სერვისი, რომელიც მხოლოდ ტექნოლოგიისგან შედგება. რეალურად, Pizza Hut თანამშრომლობდა Toyota-სთან და შეიმუშავა მათი პირველი სრულად ავტონომიური მიწოდების ფურგონი. e-palette-ედ წოდებულ მანქანას შეუძლია თავისით გადაადგილება. თუმცა ასევე აპირებენ ტექნოლოგიის იმგვარად გაუმჯობესებას, რომ მან შეკვეთის მომზადებაც თავად შეძლოს. გარდა ამისა, ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას Amazon თუ FedEX-იც ცდილობს. პროტოტიპები არსებობს, თუმცა, ეს კურიერი რობოტებია და, ჯერჯერობით, ყოველდღიურად ამ გზით არ აწვდიან ამანათებს.

3. ადამიანების შესაფასებელი პლატფორმა

მე-3 სეზონის 1-ლი ეპიზოდი, Nosedive, "შავი სარკე"

ფოტო: Abrisuite

Nosedive შოუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შოკისმომგვრელი ეპიზოდია. აქ წარმოდგენილია საზოგადოება, რომელშიც ადამიანებს შორის ინტერაქცია 5-ვარსკვლავიან სკალაზე ფასდება და მოქალაქეები საქონელსა და მომსახურებას სწორედ თავიანთი რეიტინგის მიხედვით იღებენ. ეპიზოდში ერთ-ერთი პერსონაჟი პროტაგონისტს უყვება, თუ როგორ მოკვდა მისი ქმარი კიბოსგან, რადგან, მათი რეიტინგიდან გამომდინარე, კარგ მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტი რეალობისგან მოწყვეტილი შეიძლება მოგეჩვენოთ, ჩვენს საზოგადოებაში უკვე უამრავი აპლიკაცია ეფუძნება სარეიტინგო სისტემას, მათ შორის, Uber, Airbnb, GlassDoor და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგიდან გამომდინარე ადამიანები უფლებებს არ კარგავენ, ჩვენი საზოგადოებაც რიცხვების გარშემო ტრიალებს.

4. რობოტი ფუტკრები

მე-3 სეზონის მე-6 ეპიზოდი, Hated in the Nation, "შავი სარკე"

ამ ეპიზოდში რობოტ ფუტკრებს ადამიანების მოსაკლავად იყენებენ. ჰეშთეგით #DeathTo, ყველას აქვს შესაძლებლობა, დაასახელოს ადამიანი და მას, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება, მოკლავს ფუტკრის ფორმის დრონი.

რეალურ ცხოვრებაში რობოტი ფუტკრები უკვე არსებობს, თუმცა არა — ადამიანების დასახოცად. ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ჰარვარდის მკვლევრებმა განავითარეს დრონი, რომელიც შეძლებდა ფუტკრის მსგავსად ფრენას. ამ დრონების მთავარი მიზანი ხელოვნური დამტვერვაა, რადგან ნამდვილი ფუტკრები გადაშენების საფრთხის წინაშე არიან.

ასევე იხილეთ: მწერების შთაგონებით შექმნილი 5 რობოტი — მწერბოტების უპირატესობები

5. ხელოვნური ინტელექტი დაღუპულთა ჩასანაცვლებლად

მე-2 სეზონის 1-ლი ეპიზოდი, Be Right Back, "შავი სარკე"

ფოტო: Abrisuite

რობოტების არსებობა სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა "შავი სარკის" ამ სერიაში მათ ქმნიან ხელოვნური ინტელექტით, რათა ჩაანაცვლოს მკვდარი ადამიანები. პროტაგონისტი გადაწყვეტს, ეს ტექნოლოგია დაღუპული ქმრის "გასაცოცხლებლად" გამოიყენოს.

რეალურ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს Hanson Robotics და იგი ქმნის ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს, რომლებსაც შეუძლია რეალური პიროვნების გამეორება. კომპანიის მფლობელმა მარტინ როტბლატმა, ფაქტობრივად, შექმნა რობოტი საკუთარი ცოლის მოგონებებითა და გრძნობებით. რამდენად საშიშადაც უნდა ჟღერდეს, რობოტები და ჩეთბოტები, რომლებიც ადამიანებს იმეორებს, რეალურია და მათი რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

მათ შორის, BINA48 ერთ-ერთი პირველი ჰუმანოიდი რობოტია, რომლის პროცესორშიც ნამდვილი ადამიანის "გონებაა" ატვირთული. მის შემქმნელთან, ბრუს დანკანთან ჩვენს ინტერვიუს აქ შეგიძლიათ გაეცნოთ: ცნობიერების ტრანსფერი, BINA48 და სიყვარული – ინტერვიუ ბრიუს დანკანთან

გარდა ამისა, ამ კუთხით უკვე Microsoft-იც მუშაობს: სიკვდილის შემდეგ ადამიანის ჩეთბოტად გაცოცხლება — Microsoft-ის ახალი მიზანი.

ესაა "შავი სარკის" ის 5 ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებობს რეალურ ცხოვრებაში. შეიძლება, ზოგიერთი მათგანი საშიში მოგეჩვენოთ, თუმცა, ჯერჯერობით, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

ასევე იხილეთ: გაიხსენე, ეს Black Mirror-ში მოხდა, თუ რეალურ ცხოვრებაში — ტესტი

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.