ახალი პროგრამით გაიგებთ, როგორი იქნებოდით, სხვადასხვა ეპოქაში რომ გეცხოვრათ

ფოტო: MyHeritage
ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორი იქნებოდით, ძველ საბერძნეთში ან, თუნდაც, ეგვიპტეში რომ გეცხოვრათ? თუ თქვენი პასუხი, "კი" არის, მაშინ გეტყვით, რომ ამის გაგება უკვე მარტივად შეგიძლიათ, რაშიც ახალი პროგრამა დაგეხმარებათ.
დნმ-ის ანალიზზე ორიენტირებული კომპანია MyHeritage მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს, რომელსაც AI Time Machine ეწოდება. ის ინტერნეტსივრცეში უკვე საკმაოდ პოპულარულია და ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილი მოირგონ.
"AI Time Machine-ის გამოყენებით შეგიძლიათ, საკუთარი თავი ეგვიპტელი ფარაონის, შუა საუკუნეების რაინდის, მე-19 საუკუნის ლორდის ან ლედის, ან ასტრონავტის ამპლუაში იხილოთ", — ვკითხულობთ ვებგვერდზე.
პროგრამის გამოსაყენებლად თქვენი 10-25 სურათი უნდა ატვირთოთ, რომელიც სხვადასხვა რაკურსითაა გადაღებული და აჩვენებს როგორც მთლიან სხეულს, ასევე მხოლოდ სახეს, ზედატანსა და პროფილს. ამის შემდეგ პროცესს დაახლოებით 30-90 წუთი სჭირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ შედეგები მოცდად ნამდვილად ღირს, მაგრამ ზოგ ფოტოში საკუთარ თავთან მსგავსება შეიძლება ვერ იპოვოთ. ეს იშვიათად ხდება და ატვირთული სურათების ხარისხსა და მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული.
MyHeritage-ს ნებართვა აქვს, რომ სტაბილური დიფუზიის ტექნოლოგია გამოიყენოს, რომელიც ტექსტის სურათებად ქცევის AI გენერატორებში გვხვდება.
ყოველი ანგარიშის მფლობელს, რომლისთვისაც უფასო ვერსიაა ხელმისაწვდომი, 5 თემაში გაერთიანებული 40 სურათის დაგენერირება შეუძლია. თუ მეტი გსურთ, სერვისის შეძენა მოგიწევთ.
საცდელად, დააჭირეთ ამ ბმულს.
კომენტარები