იხილეთ პირველი სახლი, რომელიც 3D პრინტერით სრულად ბიომასალისგან დაბეჭდეს
საერთო ჯამში, სრულყოფილი სახლის შესაქმნელად 1 დღეც არ გახდა საჭირო.
მენის უნივერსიტეტის (University of Maine) პრეს რელიზის მიხედვით, 3D პრინტერის საშუალებით ააწყვეს სახლი, სახელწოედებით BioHome3D, რომლის შესაქმნელადაც სრულად ბიომასალა გამოიყენეს.
სრულად გადამუშავებადი და იზოლირებული
ახალი სტრუქტურის პროტოტიპს, რომლის ფართობიც 55 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 3D პრინტერით შექმნილი იატაკი, კედლები და სახურავი აქვს, რომლებიც ხის ბოჭკოებითა და ბიო-ფისითაა დამზადებული. სახლი სრულად ექვემდებარება გადამუშავებას, სითბოს იდეალურად ინარჩუნებს და მისი ბეჭდვის პროცესს ნარჩენები თითქმის არ დაუტოვებია.
"ჩვენი ქვეყანა საბინაო კრიზისისა და მუშა-ხელის დეფიციტის შტორმშია, თუმცა მენის უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ პრობლემების მოგვარება მენის შტატის საფირმო ორიგინალურობით შეგვიძლია. ინოვაციური BioHome3D-ის საშუალებით მენის უნივერსიტეტის განვითარებული სტრუქტურებისა და კომპოზიტების ცენტრი საბინაო კრიზისის მოგვარებას, ტყის პროდუქტების ინდუსტრიის გაძლიერებასა და ადამიანების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფას ცდილობს, რათა ისინი ჩვენს ეკონომიკას დაეხმარონ. მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, დღევანდელი განვითარება წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუხდი მადლობას მენის უნივერსიეტეტსა და მის პარტნიორებს და მოუთმენლად ველი პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზებით ამ პრობლემებთან ბრძოლის გაგრძელებას", — განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე გუბერნატორმა ჯანეტ მილსმა.
ტექნოლოგიას შეუძლია სამუშაო ძალის კრიზისი გადაჭრას, რომელიც ამ ეტაპზე საბინაო კრიზისსაც იწვევს, რადგან ახალი საცხოვრებლების შენება ნელი ტემპით მიმდინარეობს, პროცესის ავტომატიზება კი ამ პრობლემას მოხსნის.
"აქ, ASCC-ში, ჩვენ ვეძებთ გზებს, რომელიც ჩვენი მსოფლიოსა და შტატის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება. ამისათვის ჩვენ ვიკვლევთ ქარის ტექნოლოგიებს, ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას, ტყის პროდუქტებსა და გაფართოებულ 3D ბეჭდვას. საქმე, რომელიც ამ ლაბორატორიაში კეთდება", — განაცხადა მენის უნივერსიტეტის პრეზიტენტმა ჯოან ფერინი-მანდიმ.
ახალი სტრუქტურა ოთხ ნაწილად დაიბეჭდა და აეწყო სულ რაღაც ნახევარ დღეში, მასში ელექტროენერგიის გაყვანას კი 2 საათი დასჭირდა. საერთო ჯამში, სრულყოფილი სახლის შესაქმნელად 1 დღეც არ გახდა საჭირო.
ASCC-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, აქამდე ბევრი ტექნოლოგია შექმნილა, რომელიც სახლის ასაწყობად 3D პრინტერს იყენებს, თუმცა ყველა მათგანში ბეტონის კედლები და ხის გადახურვა გამოიყენებოდა, რისგან განსხვავებითაც BioHome3D-ის შესაქმნელად სრულად ბიოლოგიურ ორგანიზმებზე დაფუძნებული მასალები გამოიყენეს.
მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მსგავსი სახლების შენება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება, შესაძლებელი იქნება მათი სასურველი დიზაინითა და ბიომასალით შექმნაც.
კომენტარები