უფრო ახლოს
საქართველო და უკრაინა ბევრ რამეში ჰგვანან ერთმანეთს: მრავალფეროვანი ხალხითა და საერთო გასაჭირით დაწყებული, ბერლინის კედლის ნგრევასთან ერთად საღეჭი რეზინის წელვით მიღებული სხვადასხვა კულტურული გამოცდილებით დასრულებული.
კლუბი CLOSER 2013 წელს დაარსდა კიევში — დაახლოებით იმ დროს, როდესაც თბილისში ელექტრონული მუსიკა და კლუბები მცირე პაუზის შემდეგ ხელმეორედ იწყებდნენ ფეხის მოკიდებას. პატარა კლუბი დიდი წვეულებებით მალევე გახდა ბევრი ადამიანის საყვარელი წერტილი, სხვადასხვა სუბკულტურის, არტისტების, უსაქმურების და საქმოსნების შეკრებისა და ინფორმაციის გაცვლის ადგილი. კლუბს ჯერ ტანსაცმლის მაღაზია დაემატა, შემდგომ — ვინილების. სამუშაო კვირის დღეებში კი გამოფენას ან ჯაზის საღამოსაც დაესწრები ვეგეტარიანული სამზარეულოს გავლით.
CLOSER-მა, ბევრი სხვა კლუბის მსგავსად, პანდემიისას, სერიოზული დარტყმა მიიღო და რაღაც მანქანებით შეძლო თავის გადარჩენა, მაგრამ პანდემიას ომი მოჰყვა. ომს კი ის პასუხისმგებლობები, რომელიც თითოეულ ადამიანს უნდა უჩნდებოდეს საერთო გასაჭირისას. ასე დაიწყო კლუბმა ჯარისკაცებზე ზრუნვა, მათი ყოველდღიური სადილითა თუ სხვადასხვა აუცილებელი ნივთით მომარაგება (მათ შორის, ჯავშან ჟილეტითა და მედიკამენტებით) და უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების შეფარებაც კი, რის ფულსაც სხვადასხვა საქველმოქმედო აქციით აგროვებენ.
CLOSER
ამჯერად ახალი, მძიმე გასაჭირი აქვთ, ომს ზამთარი დაემატა, ზამთრის დაწყებასთან ერთად კი საერთო მტერმა ელექტროენერგიისთვის საჭირო შენობა ნაგებობები დაბომბა და დედაქალაქს დენი ნაწილობრივ ძლივს მიეწოდება. ელექტროენერგიის გარეშე კი ცივა. ოღონდ მართლა ძალიან ძალიან ცივა — ბაღებში, სკოლებში და თავშესაფრებში.
კომუნა მზესუმზირა სხვადასხვა ღონისძიებითა და ეზო ფესტივალით მუდმივად ჩართულია სამოქალაქო აქტივობებში. გაზაფხულის ერთი წვეულებიდან შემოსული თანხა უკრაინის დასახმარებლად უკვე გადარიცხეს, ახლა კი ცოტა უფრო მეტის გაკეთება სურთ, რისთვისაც CLOSER-ის რეზიდენტი არტისტები Shakolin და VOVA KLK საქართველოში მოიწვიეს. მათ მოსმენას Sazamtro Invites Closer Kyiv წვეულებაზე შეძლებთ.
შემოსული ფულით უკრაინა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი კიევის მოსახლეობისთვის გენერატორებს შეიძენს. ეს, მართალია, ზღვაში წვეთია, მაგრამ ენაზე ერთი წვეთი ზღვის მოხვედრაც საკმარისია იმისთვის, რომ გაიგო, რა გემო აქვს. ერთი-ორი განათებული საკლასო ოთახი ან სარდაფში გამთბარი ბავშვი ძალიანაც საქმეა.
თუკი წვეულებაზე მოსვლას ვერ შეძლებ და დახმარების სურვილი მაინც გაქვს შეგიძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხო ფული:
GE53TB7001436020100011
დანიშნულება: უკრაინისთვის
მიმღები შპს "ეზო"
კომენტარები