როგორ აპირებს კრეატორ ჰაბი TikTok-ერებსა და კომპანიებს შორის "ჩატეხილი ხიდის" აღდგენას — ინტერვიუ
TikTok ციფრული ბაზრის რევოლუციას აგრძელებს. სთორითელინგის "ტრადიციული" მეთოდები პოპულარობას დღითიდღე კარგავს, ვრცელი პოსტების საკითხავად აღარავის სცალია.
ბუნებრივია, ამ სფეროთი დაინტერესება საქართველოშიც იზრდება, თუმცა კონტენტ კრეატორებისა და კომპანიების კომუნიკაცია დღემდე პრობლემას წარმოადგენს. ამ და სფეროს სხვა პრობლემებზე საპასუხოდ სულ ცოტა ხნის წინ "კრეატორ ჰაბი" შეიქმნა, პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს გამოუცდელ კრეატორებს, დაუკავშირდნენ კოლეგებს და მათთან ერთად განვითარდნენ. გარდა ამისა, ჰაბი შესაძლებლობაა კომპანიებისთვისაც, რომლებსაც სურთ, Instagram-სა და TikTok-ზე თავიანთი პროდუქტები მიზნობრივ აუდიტორიამდე მიიტანონ.
კრეატორ ჰაბის შექმნის საფუძვლეებზე, მიზნებსა და სიახლეებზე, რომელსაც ის მომხმარებელს შესთავაზებს, სტარტაპის დამფუძნებელს — დოდი ხარხელს ვესაუბრეთ, რომელსაც ციფრული მარკეტინგის სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვს:
რატომ TikTok და Instagram და არა Facebook, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს?
2022 წელს მსოფლიოში ყველაზე ხშირად გადმოწერადი აპლიკაცია Tiktok იყო. Tiktok ამ მომენტისთვის 3.5 მილიარდზე მეტჯერ გადმოწერეს. შემდეგი სიაში Instagram-ია.
ონლაინ სტატისტიკის მიხედვით, ამ მომენტისთვის საქართველოდან ტიკტოკზე 250 000-მდე მომხმარებელია რეგისტრირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პლატფორმაზე ჯერჯერობით ტროლების, ბოტების და ყალბი ექაუნთების კეთების პოლიტიკური ინტერესი ნაკლებია, 250 000 საერთოდ არაა სახუმარო რიცხვი.
შესადარებლად, დაახლოებით ამდენი მომხმარებელი იყო საქართველოდან Facebook-ზე, როდესაც დაიწყო ბიზნესის მხრიდან პირველი დაინტერესება სოციალურ მედიაში რაიმე რესურსის ჩასადებად და სწორედ იმ პერიოდში, ამ ინტერესის საპასუხოდ, ერთ-ერთ პირველ ქართულ ციფრულ სააგენტოს, Digital Avenue-ს ჩავუდექი სათავეში. ეს შორეულ 2013 წელს ხდებოდა, ინტერნეტის პენეტრაციის ბევრად უფრო დაბალი მაჩვენებლებით და ბევრად უფრო მეტად გვიწევდა იმის მტკიცება, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილი იყო ფეისბუქი რეკლამის განსათავსებლად. დღეს ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ჩემი პროგნოზით, ზუსტად იგივე, ოღონდ ბევრად უფრო სწრაფად მოხდება საქართველოში TikTok-თან მიმართებით, ინსტაგრამზე კი უკვე ხდება.
სწორედ ამიტომ არის კრეატორ ჰაბის მთავარი ფოკუსი TikTok და Instagram, და არა Facebook. Facebook-ზე მომუშავე ციფრული სააგენტოები მართლა იმდენი წელია მუშაობენ, იმდენად გაჯერებულია ბაზარი, რომ ამ მხრივ საერთოდ არ დგას რაიმე ახლის საჭიროება.
TikTok-მა სრულიად შეცვალა ციფრული კომუნიკაციის ფორმატი. ახალი თაობა — Gen Z, სწორედ მას ირჩევს ინფორმაციის მისაღებად და გასაცემად. სწორედ მისი გავლენით გახდა პრიორიტეტული Instagram reels ფორმატი და Facebook-იც ცდილობს დაეწიოს ამ ტრენდს, რომ მხოლოდ “მოხუცების პლატფორმად” არ დარჩეს და შეინარჩუნოს შედარებით ახალგაზრდა აუდიტორია. ეს საქართველოსაც ეხება.
შეგიძლიათ, მიმოიხედოთ ირგვლივ და დააკვირდეთ, როგორ იქცევიან ინტერნეტთან ახალგაზრდები: Facebook-ს სქროლავენ, Instagram-ს თუ TikTok-ს, სად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, ერთვებიან თუ არა პოლიტიკურ დებატებში ონლაინ.
როგორ დაეხმარება კრეატორ ჰაბი გამოუცდელ კრეატორებს შესაბამისი გამოცდილების მიღებაში? რა ინსტრუმენტები და ცოდნა გაქვთ ამისთვის ჰაბის გუნდში?
კომპანიის დაარსებამდე ბაზარს დიდხანს ვიკვლევდი: ერთი მხრივ, უამრავ კრეატორსა და მეორე მხრივ, ასევე უამრავ ბიზნესს ვესაუბრე. საქართველოში ბევრი კარგი ციფრული სთორითელერია, დიდი აუდიტორიით, რომელმაც უბრალოდ არ იცის, როგორ შეიძლება საკუთარი არხების გამოყენება, მონეტიზაცია, რეკლამის გაყიდვა, კომპანიებთან საუბარი და ა.შ. არიან კიდევ პატარა კრეატორები, ნიშური აუდიტორიით, რომლებმაც არ იციან, როგორ შეიძლება გაზარდონ ეს აუდიტორია და უფრო მეტი ადამიანი დააინტერესონ თავიანთი კონტენტით.
კრეატორ ჰაბის პრიორიტეტი სწორედ ციფრული კრეატორების და სთორითელერების მხარდაჭერაა ამ გამოწვევებში. ჰაბში გაერთიანებულ კრეატორებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ასევე მიიღონ ძალიან კონკრეტული ცოდნა, რაც გააუმჯობესებს მათ ციფრულ რეპრეზენტაციას: ვორკშოპები ვიდეოს მონტაჟის, სხვადასხვა ონლაინ იარაღების, სტატისტიკის ანალიზის, კონტენტის დაგეგმვის, ოფერების შედგენის და მრავალი მიმართულებით.
გარდა ამ აკუმულირებული ცოდნისა, ვთანამშრომლობთ რამდენიმე ისეთ კომპანიასთან, რომლებიც უფრო ამდიდრებენ კრეატორ ჰაბს. მაგალითად, ერთ-ერთი საამაყო პარტნიორობა არის კომპანია AR Geeks — სალომე ყალიჩავა, რომელიც Instagram და TikTok ფილტრებსა და თამაშებს ქმნის. მისი დახმარებით, კრეატორების კონტენტის პარალელურად, შესაძლებელია, რომ პლატფორმაზე მორგებული ფილტრები და თამაშები ნებისმიერი კამპანიის ფარგლებში გაეშვას.
რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა კრეატორ ჰაბი დგას?
შეიძლება ითქვას, რომ ძალიან, ძალიან საამაყო გამოწვევაა, მაგრამ მაინც გამოწვევად რჩება: კრეატორ ჰაბს იმაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ველოდით. ეს აისახა ერთი მხრივ, შემოსული რეგისტრაციების დიდი რაოდენობით, რომელსაც დამუშავება სჭირდება. ასევე, კომპანიების დაინტერესებით, რომლებთანაც თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ კომპანიის გაოფიციალურებამდე მიდიოდა, რადგან TikTok-ზე ხილვადობის საჭიროება ბევრს უდგას.
რამდენად რეალისტურია ქართული სივრციდან საერთაშორისო ბაზარზე გადანაცვლებაზე ფიქრი და რამდენად ფიქრობთ ამაზე?
რეალისტურია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც TikTok-ს არ აქვს გააქტიურებული მონეტიზაციის საკუთარი პლატფორმა. თუმცა, ეს საკმაოდ შორეული პერსპექტივაა, ჯერ საქართველოშია ბევრი საქმე.
თანამშრომლობს თუ არა კრეატორ ჰაბი ამჟამად რომელიმე კომპანიასთან რამე პროექტზე? თუ ჯერ არა, როგორ წარმოგიდგენიათ ჰაბის პირველი ნაბიჯები?
კრეატორ ჰაბის გუნდს TikTok-ზე დაფუძნებულ რამდენიმე პროექტზე უკვე აქვს ნამუშევარი, თუმცა ახლა, ახალი სახელით და სახით პირველად ასპარეზობენ. ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, ასევე ხდება კონტენტ კრეატორების ბაზის შევსება, რათა ჩვენთან შემოერთებით ყველა მიმართულებისა და ნიშის კრეატორები დავაინტერესოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდით, ჰაბელთა საერთო გამომწერები უკვე ნახევარ მილიონს აჭარბებს. შეგიძლიათ, რამდენიმე ცნობილი ინფლუენსერი გაგვიმხილოთ, ვინც დროის ამ მოკლე მონაკვეთში უკვე ჰაბის წევრია?
ესეც სწრაფად შეიცვალა, ნახევარი მილიონი საერთო გამომწერი თითქმის 700 000-ად იქცა. რამდენიმე დიდი კრეატორი შემოგვიერთდა: რუსკა მაყაშვილი, გიორგი წერეთელი, ფრედრო სტარი, დეა აფციაური და ა.შ. ასევე ძალიან საინტერესო ახალი კრეატორები აღმოვაჩინეთ ჩვენი რეგისტრაციის შედეგად, მაგალითად, ხატი ქირია, რომელიც მკერდის კიბოს ებრძვის და ყოველ ნაბიჯს, ყოველ ქიმიას ტიკტოკის აუდიტორიას უზიარებს. საოცარი გოგოა და აუცილებლად გამოიწერეთ.
რა არის ის, რასაც უკვე მიაღწია კრეატორ ჰაბმა და რა არის ის მთავარი მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობთ?
კრეატორ ჰაბმა უკვე მიაღწია იმას, რომ სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოჩნდა. ამის დასტურია ის უდიდესი ინტერესი და გამოხმაურება, რაც ამ სტარტაპის მიერ ნათქვამ გამარჯობას მოჰყვა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ციფრულ სფეროში ერთი დღეც ვერ მოდუნდები: ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და წინ მირბის. ერთ დღეს ყველაზე აქტუალური თემა მეორე დღეს არქივია, ერთ დღეს ყველაზე პოპულარული პლატფორმა მეორე დღეს სულს ღაფავს ან პოლიტიკას ცვლის. ან ილონ მასკი ყიდულობს და ყველაფერი თავდაყირა დგება...
კომენტარები