მეცნიერებმა გიგანტური, მარტორქას ზომის კუ აღმოაჩინეს და მას ლევიათანი უწოდეს
კუს, მისი გიგანტური პროპორციებიდან გამომდინარე, ბიბლიური ზღვის ურჩხულის სახელი უწოდეს.
ესპანეთში აღმოაჩინეს ოკეანის გიგანტი, რომელიც ოდესღაც ანტიკურ წყლებში დაცურავდა და წარმოადგენს კუს ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახეობას. მისი მენჯის ზომა მიგვანიშნებს, რომ 83,6-დან 72,1 მილიონამდე წლის წინ მცხოვრებ კუს სიგრძეში 4 მეტრამდე შეეძლო გაზრდა.
ყველაზე დიდ აღმოჩენილ ზღვის კუდ აქამდე ითვლებოდა არქელონი, რომელიც გადაშენდა გვიანი ცარცული პერიოდის ბოლოს, დაახლოებით, 66 მილიონი წლის წინ. თუმცა ეს ახალი ნიმუში, მისი მენჯის ზომის მიხედვით, თითქმის, არქელონის ზომისა უნდა ყოფილიყო, რაც მას დედამიწის ერთ-ერთ უდიდეს და ევროპის ყველაზე დიდ ზღვის კუდ აქცევს.
ახლად აღმოჩენილ სახეობას Leviathanochelys aenigmatica დაარქვეს, რაც საკმაოდ სიმბოლურია, რადგან სახელის პირველ ნაწილში მოხსენიებულია ბიბლიური ზღვის ურჩხული ლევიათანი, რომელიც რეალურად ზღვის გველი იყო, თუმცა სახელი L.aenigmatica-ს ეპიკურ ზომაზე ხაზგასასმელად შეირჩა.
დასახელების უკანასკნელი ნაწილი აღებულია ბერძნული არსებითი სახელიდან αἴνιγμα ("aínigma"), რაც ნიშნავს ენიგმას, რომელიც წარმოადგენს მინიშნებას სახეობის მენჯისა და ბაკნის თავისებური ანატომიური მახასიათებლების შესახებ. სწორედ ამ მახასიათებლებმა მიახვედრა კვლევის ავტორებს, რომ ისინი უყურებდნენ ახალ სახეობას და, შესაძლოა, კუს ახალ ჯგუფსაც კი.
პრეისტორიული გიგანტი აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ესპანეთის კალ ტორადეს რაიონში, სადაც ის, სავარაუდოდ, ზედაპირის ქვეშ იმალებოდა, დაახლოებით, 80 მილიონი წლის განმავლობაში. ეს მისი არსებობის მონაკვეთს ათავსებს გვიანი ცარცული პერიოდის მე-5-მე-6 ეტაპზე, დროში, როცა ზღვის დონის ამაღლებით ოკეანემ დაიბრუნა სანაპირო ზონები.
უძველესი ნაშთები მოიცავს კუს მენჯსა და მისი ბაკნის ნაწილებს. უნიკალური ძვლოვანი სტრუქტურა მის მენჯზე მიუთითებს, რომ აღმოჩენა წარმოადგენს კუს ახალ ტაქსონს, რადგან ეს საინტერესო თვისება სხვა სახეობების ნაშთებზე არ დაფიქსირებულა. ავტორების ვარაუდით, მისი ფუნქცია შეიძლება დაკავშირებული იყოს უნიკალურ რესპირატორულ ანატომიასთან.
მისი უზარმაზარი ზომა არის კონვერგენტული ევოლუციის მაგალითი, რადგან აქამდე ითვლებოდა, რომ კუს სამყაროს გიგანტები, როგორებიცაა პროტოსტეგიდები: არქელონი და პროტოსტეგა, — არსებობდნენ მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. აშკარაა, რომ გიგანტიზმი წარმოიშვა კუს მრავალ გვარში მთელი მსოფლიოდან, რის შედეგადაც კოლოსალური ზომის სახეობები პლანეტის საპირისპირო მხარეებზე დაცურავდნენ. ამდენად, აღმოჩენა ამ ახალი, გიგანტური და უცნაური ქელონიოიდი Leviathanochelys aenigmatica-სი, რომელიც ზომით არქელონს უწევდა კონკურენციას, ნათელს ჰფენს ზღვის კუების მრავალფეროვნებას და იმ ფაქტს, რომ გიგანტიზმის ფენომენი ამ ჯგუფებში ევროპაშიც ფიქსირდებოდა.
კომენტარები