კოსმოსში გატარებული რეკორდული 908 დღის შემდეგ აშშ-ის სამხედრო დრონი დედამიწაზე დაბრუნდა
წინა მისიის რეკორდი კოსმოსში გატარებული 780 დღე იყო
მე-6 მისიის ფარგლებში, კოსმოსში გატარებული რეკორდული 908 დღის შემდეგ შეერთებული შტატების სამხედრო კოსმოსური დრონი კანავერალის კონცხზე, NASA-ს კენედის კოსმოდრომზე 12 ნოემბერს დაეშვა.
სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით, მცირე ზომის შატლმა X-37B, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და სამეცნიერო კვლევებში იღებს მონაწილეობას, წინა მისიის 780 დღიანი რეკორდი მოხსნა.
"X-37B-მა 2010 წელს პირველად გაშვების შემდეგ რეკორდები დაამხო და ჩვენი ქვეყანა სწრაფი კვლევისა და კოსმოსური ტექნოლოგიების ინტეგრირების უკონკურენტო შესაძლებლობით დაასაჩუქრა". — განაცხადა Boeing-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯიმ ჩილტონმა
მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო საფრენი აპარატი, ცნობილი როგორც Orbital Test Vehicle 6, რომელსაც აშშ-ის კოსმოსური ძალები და DAF RCO (Air Force Rapid Capabilities Office) ერთობლივად მართავენ, ორბიტაზე 2020 წლის 17 მაისს United Launch Alliance Atlas 5 რაკეტით გაუშვეს.
ექსპერიმენტები
ერთ-ერთი ექსპერიმენტი სატელიტი FalconSat-8 იყო, რომელიც აკადემიის კადეტებმა Air Force Research Laboratory-სთან ერთად შექმნეს. პროექტის მიხედვით, სატელიტს უნდა დაეჭირა მზის სხივი და ექცია ის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად. FalconSat-8 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ჯერ ისევ ორბიტაზეა.
დრონის საშუალებით ჩატარებული კიდევ ერთი პროექტი იყო METIS-2 (Materials Exposure and Technology Innovation in Space), რომლის საშუალებით მიღებულ ინფორმაციასაც მეცნიერები გამოიყენებენ იმის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს კოსმოსის გარემო სხვადასხვა ტიპის მასალაზე.
კიდევ ერთი ექსპერიმენტი იკვლევდა იმას, თუ რამდენ ხანს შეეძლო მცენარის თესლს კოსმოსში გაძლება.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა OTV-6-ი დამატებითი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეს.
საჰაერო ძალები X-37B-s 10 წლის განმავლობაში ასაიდუმლოებდა, თუმცა ახლა სიამაყით აჩვენებს საზოგადოებას.
ის NASA-ს მიერ 1990-იან წლებში შექმნილი X-37A-ის ვარიაციაა. მოგვიანებით პროექტი თავის თავზე თავდაცვის დეპარტამენტმა აიღო. 2010 წელს პირველად გაფრენის შემდეგ კიდევ 2 X-37B ხმელეთზე დარჩა, რომლებიც საშუალოდ 270 დღიანი მისიებისთვის იყვნენ განკუთვნილი.
საერთო ჯამში, კოსმოსში გატარებული 3774 დღეში X-37B-მა 2 მილიარდ კილომეტრზე მეტი გაიარა.
კომენტარები