IBM-მა მსოფლიოში უსწრაფესი 433 კუბიტის მქონე კვანტური კომპიუტერი წარადგინა
IBM-მა ოთხშაბათს IBM Summit 2022-ზე თავისი ყველაზე ძლიერი კვანტური კომპიუტერი წარადგინა. ახალ რეკორდსმენს Osprey ჰქვია და 433-კუბიტიანი პროცესორი აქვს. ეს სამჯერ აღემატება კომპანიის წინა რეკორდს —127 კუბიტს.
"ახალი 433-კუბიტიანი Osprey-ის პროცესორი გვაახლოებს იმ წერტილთან, სადაც კვანტურ კომპიუტერებს გამოვიყენებთ ადრე გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად", — თქვა დოქტორმა დარიო გილმა, IBM-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და კვლევის დირექტორმა.
განცხადების თანახმად, Osprey-ის პროცესორს შეუძლია აწარმოოს რთული კვანტური გამოთვლები ნებისმიერი სხვა კლასიკური კომპიუტერის გამოთვლითი შესაძლებლობების მიღმა.
მეტიც, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს შემოგვთავაზებენ Condor-ს, მსოფლიოში პირველ უნივერსალურ კვანტურ კომპიუტერს 1000 კუბიტზე მეტი სიმძლავრით.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
Osprey შეიცავს კომპლექსურ გაყვანილობის სისტემებს და საკონტროლო ელექტრონიკის ახალ თაობას.
კომპანიამ შექმნა თავისი პირველი კვანტური კომპიუტერი 2016 წელს. მოწყობილობას ჰქონდა ხუთი კვანტური ბიტი — ყველა მათგანი სუპერგამტარი სქემები იყო. უკვე 2019 წელს 27 კუბიტიანი Falcon-ის წარდგენა მოხდა, 2020 წელს 65-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი ვიხილეთ, ხოლო 2021 წელს მორიგი რეკორდსმენი წარსდგა — Eagle 127 კუბიტით.
IEEE Spectrum-ის ინფორმაციით, Eagle-სა და Osprey-ის აქვთ გამოყოფილი მავთულები და სხვა კომპონენტები, რომლებიც საჭიროა წაკითხვისა და კონტროლისთვის. გამოცემის თანახმად, ეს მრავალდონიანი გაყვანილობა პროცესორს ეხმარება კუბიტების გამართულობაში.
შემქმნელების თქმით, მათ ახლა აქვთ ტექნოლოგია რაც 100 კუბიტზე მეტის მიღების საშუალებას თავისუფლად იძლევა.
კომპანიაში აღნიშნეს ორი მთავარი უპირატესობა, რომელიც Osprey-ის გააჩნდა Eagle-თან შედარებით: ერთი არის მიკროტალღური კაბელები, რომელსაც IBM იყენებდა წინა კვანტურ პროცესორებთან მოქნილი ლენტიანი კაბელებით, ხოლო მეორე არის ახალი თაობის კონტროლის ელექტრონიკა, რომელიც აგზავნის და იღებს მიკროტალღურ სიგნალებს.
ზემოაღნიშნული მოქნილი ლენტიანი კაბელები ადაპტირებულია კრიოგენურ გარემოში. მათმა მახასიათებლებმა განაპირობა ჩიპთან მიმავალი კავშირების რაოდენობის 77 პროცენტით ზრდა.
"ძირითადად, თითქმის ორჯერ მეტი მავთულია, რაც დაგვეხმარება კვანტური კომპიუტერების გაფართოებაში", — ამბობენ მკვლევრები.
ხარჯების შემცირება მასშტაბების გასაზრდელად
ახალი პროცესორის საკონტროლო ელექტრონიკა მოიცავს კრიო-CMOS კონტროლერის ჩიპს, რომელიც შექმნილია 14-ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიის გამოყენებით და მუშაობს დაახლოებით 4 კელვინზე (-269,15 გრადუსი ცელსიუსი).
იგი იყენებს აპლიკაციისთვის სპეციფიკურ ინტეგრირებულ მიკროსქემის დიზაინს, რომელიც ნაკლებად მოცულობითია და ნაკლებ ენერგიასაც მოითხოვს.
"აქამდე თითო კუბიტზე დაახლოებით 100 ვატი გვჭირდებოდა, ახლა გვჭირდება მხოლოდ ათი მილივატი. შესაბამისად, ამჯერად ჩიპზე ბევრად უფრო მეტი კუბტის მოთავსება შეგვიძლია", — ამბობენ შემქმნელები.
ყველა ამ გაუმჯობესებამ შეამცირა ღირებულება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"ჩვენი პირველი თაობის 5 და 20 კუბიტიანი მოწყობილობებით, გვჭირდებოდა საკონტროლო ელექტრონიკის მთელი კომპლექტი, ხოლო Eagle-თან ერთად, ეს ბევრად გამარტივდა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ 400 კუბიტზე მეტი აღჭურვილობის მქონე ტექნოლოგიები“, — ნათქვამია განცხადებაში.
IBM-ში ამბობენ, რომ ისინი მნიშვნელოვნად ავითარებენ კვანტური კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფას. მათი მიზანია გაუმკლავდნენ თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევებს. თავის მხრივ, ეს უახლესი კვანტური კომპიუტერი ამ ყველაფრის ილუსტრაციაა.
კომენტარები