ავტომობილის ოპერაციული სისტემა — Google და Renault საავტომობილო ტექნოლოგიებზე ერთად იმუშავებენ
ავტომობილი თავად ეტყვის მძღოლს, როცა შეკეთება სჭირდება, ზოგ პრობლემას კი მის გარეშე აღმოფხვრის.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, Google-მა და Renault Group-მა გადაწყვიტეს, ოთხწლიანი თანამშრომლობა უფრო განავრცონ და მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პროგრამული პლატფორმა განავითარონ. ეს "პროგრამულად განსაზღვრული საშუალება" Google-ის Android Automotive სისტემაზე იქნება აგებული და დასამუშავებლად მონაცემებს კომპანიის ქლაუდ სერვერებს გაუგზავნის.
2018 წელს, Renault-Nissan-Mitsubishi ალიანსმა (ერთ-ერთი უდიდესი ავტო-ჯგუფი მსოფლიოში) ტექნოლოგიურ გიგანტთან შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა, რომ ამ კომპანიების ავტომობილები აღიჭურვებოდა Google-ის ავტომობილის ოპერაციული სისტემით, რომელიც Assistant-ს, Maps-სა და Play Store-ს მოიცავს.
მიუხედავად ამისა, ახალი შეთანხმება მხოლოდ Renault-სა და Google-ს შორის დაიდო. შესაბამისად, მოიცავს ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანიის 4 ბრენდს: Renault, Dacia, Alpine და Mobilize. ალიანსის სხვა წევრებმა Amazon Web Services არჩიეს, როცა Renault-მა განაცხადა, რომ მისი ავტომობილების პროგრამული მხარის სასურველი პროვაიდერი Google იქნება.
პირველი შეთანხმება მილიონობით ახალ სატრანსპორტო საშუალებაში უბრალოდ Android-ის მოთავსებას გულისხმობდა, ახალი ხელშეკრულება კი შედარებით კომპლექსურია. კომპანიები აცხადებენ, რომ ერთად იმუშავებენ "Digital Twin-ზე", ავტომობილის ვირტუალურ ასლზე, რომელსაც განვითარებული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ექნება ახალი სერვისებისა და ფუნქციების ინტეგრირების გასამარტივებლად.
Google და Renault ამტკიცებენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ირგვლივ კოლაბორაციისა და ახალი AI შესაძლებლობების ვირტუალურ სიმულაციაში გამოცდის საშუალებით, შეძლებენ გააუმჯობესონ სატრანსპორტო საშუალებები. ავტომობილი თავად ეტყვის მძღოლს, როცა შეკეთება სჭირდება, ზოგ პრობლემას კი თვითონ აღმოფხვრის. გარდა ამისა, მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, შექმნან პერსონალიზებული გამოცდილება, რომელიც მოიცავს მძღოლის ქცევას, ხშირ მარშრუტებსა და ელექტრო ავტომობილის დასატენ ლოკაციებს.
Renault არ არის ერთადერთი ავტომწარმოებელი, რომელიც პროგრამული პლატფორმის განვითარებას ცდილობს, რათა Tesla-ს გაუწიოს წინააღმდეგობა, რომელიც ინდუსტრიაში ამინდს ქმნის. მთავარი იდეა ისაა, რომ ავტომობილის ფუნქციების დიდი ნაწილი პროგრამულად გაკონტროლდება და მისი განვითარება (დააფდეითება) იქნება შესაძლებელი.
Google საავტომობილო ინდუსტრიაში შეღწევას დეკადაზე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა მისი მცდელობები აქამდე წარმატებული ნაკლებად იყო, რადგან ავტომწარმოებლები კონკურენციას უფრთხოდნენ. მიუხედავად ამისა, კომპანიამ აქამდე შეძლო ისეთ დიდ მწარმოებლებთან პარტნიორობის მიღწევა, როგორებიც Ford, GM, Volvo, Honda და BMW არიან.
კომენტარები