დიდი აფეთქება თუ დიდი ასხლეტა — მკვლევრების თქმით, ყველაფერი დიდი აფეთქებით არ დაწყებულა
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ვარაუდობს, რომ სამყაროს წარმოშობის გაგებას შესაძლოა გარკვეული განახლება დასჭირდეს.
როგორც The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია ნათქვამი, სამყარო შესაძლოა დაიწყო დიდი ასხლეტით და არა დიდი აფეთქებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოსმოსი შეიძლება დაბადებულიყო კოსმოლოგიური ფაზის — ასხლეტის — და არა სივრცე-დროის არაფრიდან ექსპონენციურად გაზრდის შედეგად.
"ინფლაციის თეორია შეიქმნა ეგრეთ წოდებული ცხელი დიდი აფეთქების მოდელის სხვადასხვა დახვეწილი გამოწვევების ასახსნელად. ის ასევე ხსნის ჩვენს სამყაროში სტრუქტურის წარმოშობას კვანტური რხევების შედეგად", — თქვა პირველმა ავტორმა Sunny Vagnozzi-მ, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა.
ნაშრომი ამტკიცებს, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ კოსმოსური მიკროტალღური ფონი (CMB), ელექტრომაგნიტური ნარჩენი, რომელიც სამყაროს ადრეული ეტაპებით თარიღდება.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსურმა ხომალდმა CMB-ის გაზომვა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. შედეგები კი მკვლევრებისთვის მაშინვე ცოტა საეჭვოდ ჟღერდა.
"როდესაც გამოცხადდა პლანკის თანამგზავრის შედეგები, ჩაითვალეს, როგორც კოსმოსური ინფლაციის დადასტურება. თუმცა, ზოგიერთი ჩვენგანი ამტკიცებდა, რომ შედეგები შესაძლოა საპირისპიროზე მეტყველებდეს", — თქვა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომმა ავი ლოებმა, რომელიც ასევე მუშაობდა კვლევაზე.
თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ სამყაროს მხოლოდ მას შემდეგ ვხედავთ, რაც დიდი აფეთქება მოხდა.
"დაკვირვებადი სამყაროს რეალური კიდე (ლიმიტი) არის 13,8 მილიარდი სინათლის წელზე. ეს ის დროა, რომელიც გავიდა სამყაროს დაბადებიდან. თუმცა, სამყაროს გაფართოებიდან გამომდინარე კოსმოსის კიდე ბევრად უფრო შორს არის", — ამბობს ლოები.
მკვლევრების თქმით, ეს ყველაფერი არქეოლოგიურ გათხრებს ჰგავს. რაც უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ანუ რაც უფრო შორეულ წარსულში გავიხედავთ, მით უფრო მეტი გვეცოდინება სამყაროს წარმომავლობაზე. თუმცა, რა არის ამ ჰორიზონტის, იგივე კიდეს მიღმა ჩვენთვის უცნობია.
ერთი სიტყვით, ამ ყველაფერზე პასუხის მისაღებად ჯერ კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო. თუმცა, რაც არ უნდა წარსულში ჩავიხედოთ, მაინც გაგვიჭირდება იმის თქმა თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.
"ასეთი ადრეული მოვლენების სათანადო გაგება მოითხოვს კვანტური გრავიტაციის პროგნოზირებულ თეორიას, რომელსაც ჩვენ არ ვფლობთ", — თქვა ლოებმა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მკვლევრები დანებებას აპირებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ უნდა ვეძებოთ კოსმოსური გრავიტონის ფონი (CGB), რომელიც შედგება თავისუფლად მოძრავი გრავიტონებისგან, ჰიპოთეტური ელემენტარული ნაწილაკებისგან, რომლებსაც შეუძლიათ გრავიტაციული ურთიერთქმედების ახსნა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ CGB უნდა არსებულიყო სამყაროს შექმნის პროცესში. შესაბამისად, თუ მკვლევრები ამას აღმოაჩენენ, მათ შესაძლოა დიდი აფეთქება საერთოდ გამორიცხონ, როგორც თეორია.
თუმცა, CGB-ის აღმოჩენას უკიდურესად დახვეწილ ტექნოლოგია სჭირდება, რომელიც უბრალოდ ჯერ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მასზე ფიქრის შეწყვეტა ნამდვილად არ ღირს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები