უდრის თუ არა აუდიო წიგნის მოსმენა წაკითხვას?
რა უპირატესობები აქვს ლიტერატურის მოსმენას, კითხვასთან შედარებით?
პასუხი შეკითხვაზე, "არის თუ არა აუდიოწიგნის მოსმენა ისეთივე კარგი, როგორიც კითხვაა", არის "დიახ". ამ ორ მოქმედებას უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე განსხვავება, ხოლო ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, იდენტურია. განსხვავებას წარმოადგენს მხოლოდ ის, თუ როგორ გაიაზრებს ჩვენი ტვინი მიღებულ ინფორმაციას. მოსმენილისა და წაკითხულის გააზრება აბსოლუტურად განსხვავებული პროცესებია. მოსმენა სმენითი ქერქის ჩართულობას მოითხოვს, როცა კითხვაში სხვა ნაწილებთან ერთად მხედველობის ქერქია ჩართული.
ადამიანები, რომლებიც აუდიოწიგნების მოსმენას კითხვაზე დაბლა აყენებენ, ვერ ხსნიან ამ შეხედულების მიზეზს, თუ რატომ ნიშნავს აუცილებლად მოსმენა ლიტერატურაში ნაკლებ ჩართულობას. მათი ნაწილი გარკვეულ არგუმენტებს მაინც ეყრდნობა. მათ მოჰყავთ კვლევები, რომელიც ამბობს, რომ წიგნის შინაარსი მოსმენით ნაკლებად გვამახსოვრდება. ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი აქვს: მოსმენისას სხვა რამეზე ყურადღების გადატანა, ე.წ მულტიტასკინგი ბევრად მარტივია და ყურადღების ოდნავი გაფანტვის შემთხვევაშიც ძალიან რთულია გამწყდარი აზრის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება. მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ აუდიოწიგნი ლიტერატურის მოყვარულს წარმოსახვის უნარს უზღუდავს, რადგან საუბარი, ემოციის გამოხატვა, კონკრეტული ადამიანის ხმა პირდაპირ არის მოცემული და არ არის საჭირო მისი გონებაში მოფიქრება. ამ ლოგიკის მიხედვით, აუდიოწიგნი იმიტომ ჩამოუვარდება საკითხავს, რომ უფრო მარტივია, რადგან არ მოიცავს ტანჯვის ელემენტს, რომელიც შესრულებული მოვალეობის აუცილებელი დასტურია, ზუსტად ისე, როგორც ტკივილი ადასტურებს ჭეშმარიტ ვარჯიშს.
უფრო დიდ პრობლემას წიგნის რადიკალურად განსხვავებული მიზნებისთვის კითხვა წარმოადგენს. ბევრი ადამიანი კითხულობს მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში გონებრივი მონაცემების დაქვეითების პრევენციის, აზროვნების უნარის გაუმჯობესებისა და ემოციური ინტელექტის გაძლიერების გზას ხედავს.
საინტერესო ფაქტია, რომ ლიტერატურისგან სიამოვნების მიღების ჩვენი პირველი გამოცდილება სმენითია. სანამ თავად კითხვას ვისწავლიდით, უფროსები გვიყვებოდნენ ზღაპრებს. აუდიოწიგნების მოსმენა სწორედ მოყოლილი ამბის მოსმენის სიამოვნებას აცოცხლებს.
ამბის სიტყვიერი თხრობა წერით ფორმას ათასწლეულებით უსწრებს და ჩვენთვის ცნობილი უძველესი ისტორიების უმრავლესობა, დაბეჭდვამდე საუკუნეების განმავლობაში თხრობითი სახით არსებობდა.
ჰომეროსის ეპოსებიც კი თაობიდან თაობას კოცონის ირგვლივ სახალხო მთქმელებისა და ბარდების მსგავსი პიროვნებების თხრობით გადაეცემოდა, ამავე სახით ადაპტირდებოდა და იცვლებოდა. ევოლუციონისტ ბიოლოგებს ამგვარი რიტუალების პრაქტიკულ ფუნქციასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი აქვთ. ამბების ამგვარად თხრობა ადამიანების დაახლოების, გაუცხოების აღმოფხვრის მიზნით განვითარდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ადამიანები მაშინ გონების გავარჯიშებაზე ფიქრობდნენ. პირიქით, ისინი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ მოსწონდათ.
ეს ადრეული ისტორიები ლექსების სახით იყო მოცემული, რადგან იმ დროში პოეზია, მუსიკა და თხრობა ერთმანეთისგან განუყოფელ ცნებებს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ აუდიოწიგნების მოყვარულები მარტივად იგებენ პროზის მელოდიურ მხარეს, რომელიც მკითხველს ხშირად ეკარგება სწრაფად კითხვისას. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც მოსმენა, კითხვისგან განსხვავებით, ტვინის მარჯვენა ჰემისფეროზე მოქმედებს, რომელიც მუსიკასთან, პოეზიასთან და სულიერებასთან უფრო მეტად არის დაკავშირებული. ეს შეიძლება ხსნიდეს იმ ფაქტს, რომ რელიგიური ტექსტების დიდი ნაწილი ხმამაღლა წასაკითხად არის შექმნილი.
მხატვრული ლიტერატურის შემთხვევაში სხვაობის დანახვა ძნელია, თუმცა აკადემიური ლიტერატურა მოსმენასა და კითხვას შორის განსხვავებებს გამოკვეთს.
მოსმენით უკეთ ვსწავლობთ თუ კითხვით?
როგორც უკვე ვახსენეთ, როცა საქმე კონკრეტული ინფორმაციის მიღებას ეხება და არა ლიტერატურით განცდილ სიამოვნებას, განსხვავებები იჩენს თავს.
კვლევამ აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღებისას სხვადასხვა ტესტებსა და ქვიზებში ის ბავშვები უკეთეს შედეგს იღებდნენ, ვინც ეს ცნობები კითხვის სახით მიიღო.
ასევე, თანაბარ დროში კითხვით ბევრად დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე მოსმენით: საშუალოსტატისტიკურ მოზრდილ ადამიანს წუთში 250-300 სიტყვის წაკითხვა შეუძლია, როცა წუთში 150-160 სიტყვაზე მეტის წარმოთქმის შემთხვევაში, საუბარი თითქმის გაუგებარია.
მტკიცება რომ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ, საშუალოსტატისტიკურ მკითხველს საათში 15000 სიტყვის წაკითხვა შეუძლია, როცა იმავე დროში მსმენელი მხოლოდ 9000 სიტყვის მოსმენას შეძლებდა. შესაბამისად, დროის გასვლასთან ერთად ეს უფსკრული უფრო გაიზრდება. ამის მიუხედავად, კვლევა გვირჩევს, რომ თუ გვსურს ინფორმაცია სრულყოფილად მივიღოთ, კარგი იქნება ორივე მეთოდს მივმართოთ — ჯერ წავიკითხოთ, შემდეგ მოვუსმინოთ.
ტემპი, რა თქმა უნდა განსხვავებულია, თუმცა თუ გაგების კუთხით შევხედავთ, განსხვავება თითქმის არ არის, ეს 2021 წლის კვლევამაც დაადასტურა.
საბოლოოდ, უნდა იყოთ ნაკლებად დისკრიმინაციული ტექნიკურ საშუალებებთან მიმართებით და მეტად ყურადღებიანი წიგნების შერჩევისას. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი გონება პროცესში სხვაგან გარბის და სრულად ვერ ხართ ჩართული, დაფიქრდით, იქნებ ეს კონტენტის ბრალია და არა მექანიზმის, რომელსაც მის გასაცნობად იყენებთ. სხვა თუ არაფერი, აუდიოწიგნს კითხვის რამდენიმე დისკომფორტის (თვალებისა, კისრისა და ა.შ ტკივილი) მოხსნა შეუძლია, თუმცა, რასაკვირველია, არც ერთი მათგანი მეორეს ერთმნიშვნელოვნად არ სჯობს, ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული.
კომენტარები