ვირთხები გადაგვარჩენენ — მეცნიერები მათ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების საპოვნელად წვრთნიან
ბელგიურ არაკომერციულ ორგანიზაცია APOPO-ში მომუშავე სპეციალისტები ვირთხებს წვრთნიან, რათა მათ მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. ამ სუპერგმირ მღრღნელებს RescueRAT-ს უწოდებენ.
"ვირთხები ძალიან ცნობისმოყვარე არსებები არიან და გარემოს შესწავლა უყვართ, რაც ადამიანთა მოსაძებნად და გადასარჩენად საჭირო თვისებებია", — აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, დონა კინი და აღნიშნავს, რომ მათი უპირატესობა, ასევე, მცირე ზომის ადგილებში ადვილად შეძრომა და კარგი ყნოსვაა.
მეცნიერები ცხოველებს ამ დავალების შესრულებას მსგავსი კატასტროფის სიმულაციის მეშვეობით ასწავლიან. პირველ რიგში, მათ ოთახში სამიზნე ინდივიდს უნდა მიაგნონ, შემდეგ კი პატარა ზურგჩანთაზე დამაგრებულ ღილაკს დააჭირონ, რითაც სიგნალს გაააქტიურებენ. ამ ყველაფრის მერე, ისინი ადგილზე ბრუნდებიან და ჯილდოს სახით დამსახურებულ სასუსნავს იღებენ.
ვირთხების პატარა ზურგჩანთის შექმნაზე, რომლის მიზანიც დაზარალებულთან დაკავშირებაა, APOPO ეინდჰოვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებთან ერთან მუშაობს. ის კამერებით, მიკროფონებითა და გადამცემებითაა აღჭურვილი.
APOPO-ს სხვა ორი პროექტიც აქვს. პირველი ვირთხების მიერ ტუბერკულოზის ამოცნობაში მდგომარეობს, მეორე კი ნაღმის აღმოჩენაში. ამისთვის მღრღნელებს 9 თვიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში წვრთნიან. მათ კარგად უვლიან, ჯანსაღ კვებაზე ჰყავთ, ხშირად ავარჯიშებენ, თამაშისთვისაც უტოვებენ დროს და ვეტერინარის ყურადღებასაც არ აკლებენ.
ვირთხები თვალების გახელას დაახლოებით 4 კვირის ასაკში იწყებენ და გარემოსა თუ ადამიანებს ეგუებიან. მათ პროფესიონალებთან ურთიერთობა თავიდანვე აქვთ და ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ხმებს, სუნებს ეჩვევიან.
მათ ასწავლიან, რომ ჯილდოსთან დააკავშირონ ტკაცუნის ხმა, რომელიც ტუბერკულოზიან ბიოლოგიურ მასალასთან მიახლოებისას ესმით, შემდეგ კი დაავადების მიმართ დადებითი და უარყოფითი ნიმუშების გარჩევას სწავლობენ. სასუსნავს ისინი მხოლოდ სწორად გამოცნობისას იღებენ.
ნაღმების დასაფიქსირებლად, როგორც წესი, მეტალის დეტექტორები გამოიყენება, თუმცა ვირთხებს ამ პროცესის დაჩქარება და ადამიანების უსაფრთხო ადგილზე სწრაფად გადაყვანა შეუძლიათ. მათ HeroRAT-ს, ანუ გმირ ვირთხებს იწოდებენ, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებების სუნს გრძნობენ და ის ლითონის ფრაგმენტების სუნში არ ეშლებათ. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ცხოველები საჩოგბურთო კორტის ზომის არეალს 30 წუთში ათვალიერებენ, რისთვისაც მეტალის დეტექტორებს 4 დღე სჭირდება.
კომენტარები