აღმოჩენილია პლანეტა, რომელსაც ზეფირის მსგავსი სიმკვრივე აქვს — ის წყალშიც კი არ ჩაიძირებოდა
ასტრონომებმა ჩვენგან 580 სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც წარმოუდგენლად დაბალი, ზეფირის მსგავსი სიმკვრივისაა და წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარეშემო მოძრაობს.
ასეთი მნათობები ყველაზე პატარა და ნაკლებად კაშკაშაა, თუმცა მათში წყალბადის ჰელიუმად გარდასაქმნელად ბირთვული სინთეზი მაინც მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯუჯები ჩვენი მზესავით ცხელი არაა, საკმაოდ აქტიურია და მძლავრი ამოფრქვევებითაც ხასიათდება, რასაც ციური სხეულების ატმოსფეროს განადგურება შეუძლია.
ამგვარი პირობების გამო, მსგავს სისტემებში დაბალი სიმკვრივის მქონე პლანეტების არსებობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ობიექტზე, სახელად TOI-3757 b, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ის საკუთარ ვარსკვლავთან იმდენად ახლოს გადაადგილდება, რომ მისი ორბიტული პერიოდი სულ რაღაც 3.5 დღეა. ის იუპიტერზე ოდნავ დიდია და აირისგანაა შედგენილი.
მეცნიერთა განცხადებით, წითელ ჯუჯასთან ასე ახლოს პლანეტის ფორმირებას 2 ფაქტორი განსაზღვრავს. პირველ რიგში, მიიჩნევა, რომ მსგავსი ციური სხეულების წარმოქმნა მყარი მატერიის შეერთებით იწყება, რის შედეგადაც დედამიწაზე 10-ჯერ მასიურ ბირთვს ვიღებთ. შემდეგ ის დიდი რაოდენობით გარემომცველ აირს იზიდავს და იუპიტერის მაგვარი ობიექტი ხდება. TOI-3757 b-ს შემთხვევაში, ეს პროცესი ნელი უნდა ყოფილიყო, რამაც მის სიმკვრივეზეც იქონია გავლენა.
მეორე მხრივ, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გასათვალისწინებელია TOI-3757 b-ს მცირედ ელიფსური ორბიტაც, რომელიც დაბრტყელებულ წრეს მოგვაგონებს. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული ეგზოპლანეტა მნათობს ზოგჯერ ჩვეულებრივზე მეტად უახლოვდება, რა დროსაც ის ძალიან ცხელდება და ატმოსფერო "იბერება".
ამ ციური სხეულის კვალს მეცნიერებმა TESS-ის მისიის ფარგლებში, ტრანზიტის მეთოდით, ანუ ვარსკვლავთან პლანეტის ჩავლით გამოწვეული სიკაშკაშის ცვლილების შესწავლის გზით მიაგნეს. მონაცემები მათ სხვა ტელესკოპების დახმარებით გადაამოწმეს და დამატებითი ინფორმაცია მოიპოვეს.
დადგინდა, რომ TOI-3757 b-ს მასა დედამიწისას 85-ჯერ აღემატება, მისი საშუალო სიმკვრივე კი ყოველ კუბურ სანტიმეტრზე მხოლოდ 0.27 გრამია. მეტი სიცხადისთვის, თუ მას საკმარისი ზომის, წყლით სავსე აბაზანაში მოვათავსებდით, ზედაპირზე იტივტივებდა და არ ჩაიძირებოდა.
ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ ეგზოპლანეტას, კერძოდ კი მის ატმოსფეროს, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპითაც გამოიკვლევენ. მათი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა,
კომენტარები