ბირმული პითონი გველის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახეობაა, რომლის წარმომადგენლების სიგრძეც 5 მეტრამდე აღწევს. ეს არსებები პირს ისე ფართოდ აღებენ, რომ ირმისა და ალიგატორის გადაყლაპვაც შეუძლიათ. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ახერხებენ ისინი ამას.

უნდა ითქვას, რომ მშობლიურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბირმული პითონების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული, რაც, ნაწილობრივ, საცხოვრებელი არეალის დაკარგვითაა განპირობებული. ამის მიუხედავად, ფლორიდაში ისინი ეკოსისტემას საფრთხეს უქმნიან, რადგან თითქმის ყველა ცხოველს ესხმიან თავს.

სურათზე ვხედავთ, როგორ ყლაპავს ბირმული პითონი თეთრკუდიან ირემს.

ფოტო: Ian Bartoszek

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ უზარმაზარ გველებს პირის ფართოდ გასაღებად კონკრეტული მახასიათებელი ეხმარება. კერძოდ, ქვედა ყბების ზეწელვადი კანი, რომლის საშუალებითაც დიდი ზომის მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად სანსლავენ.

ზოგადად, ადამიანისა და დანარჩენი ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, გველების ყბები ერთმანეთთან მჭიდროდ არაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ელასტიკური იოგით. თუმცა, ბირმულ პითონებს პირის მიმდებარედ არსებული საოცრად წელვადი კანის სახით უპირატესობა აქვთ.

ბირმული პითონისა და ხის ყავისფერი გველის აღებული პირის ზომის სხვაობა.

ფოტო: Bruce Jayne

ამ ქვეწარმავლების სხეულისა და დაღებული პირის ზომების შესადარებლად, მეცნიერებმა მათთან ერთად ბევრად პატარა, ველურ პირობებში დაჭერილი ხის ყავისფერი გველებიც შეისწავლეს, რომლებიც ჩიტებსა და სხვა მომცრო არსებებზე ნადირობენ.

შედეგად, სპეციალისტებმა დაადგინეს, მაქსიმუმ რამხელა ცხოველის გადაყლაპვას შეძლებდნენ ეს გველები და რა სარგებელს მიიღებდნენ ამა თუ იმ "ნადავლით". როგორც მოსალოდნელი იყო, პატარა პითონები, იმავე ზომის სხვა ქვეწარმავლებთან შედარებით, ბევრად დიდ მსხვერპლს სანსლავენ. ასევე, ბირმული პითონების ყბების წელვადი კანი მხოლოდ მათ მრავალფეროვან კვებით რაციონს არ განაპირობებს, არამედ მტაცებლების ლუკმად ქცევისგანაც იცავს.

ბირმული პითონის ყბები.

ფოტო: Jayne et al., Integrative Organismal Biology, 2022

"როცა ეს პითონები საკმარისად იზრდებიან, მათი შეჭმა მხოლოდ ალიგატორებს შეუძლიათ, თუმცა პითონები თავად ყლაპავენ ალიგატორებს", — აცხადებენ ავტორები.

მართალია, ახალი კვლევა ბირმული პითონებისგან ეკოსისტემის დაცვაში ვერ დაგვეხმარება, მაგრამ მათი პოტენციური გავლენის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ. მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Integrative Organismal Biology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.