ახალი კვლევის თანახმად, "სიყვარულის ჰორმონს" დაზიანებული გულის აღდგენა შეუძლია
კვლევა თევზებსა და ადამიანის უჯრედებზე ჩატარდა. შედეგების დასადასტურებლად პრეკლინიკური და კლინიკური ცდებია საჭირო.
შესაძლოა, სიყვარულის ჰორმონად წოდებული ოქსიტოცინი "გატეხილი" გულის "გამთელებაში" დაგვეხმაროს — დანიო-რერიოსა (იგივე ზებრათევზი) და ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ ზემოხსენებული ჰორმონი დაზიანებულ გულის ქსოვილებს აღდგენაში ეხმარება. ნაშრომი ჟურნალში Frontiers in Cell and Developmental Biology გამოქვეყნდა.
ოქსიტოცინს "სიყვარულის" ანდა "ჩახუტების" ჰორმონს უწოდებენ, რადგან მას ადამიანებს შორის სოციალური კავშირებისა და ნდობის დამყარებაში მიუძღვის წვლილი. ზემოხსენებული ნეიროტრანსმიტერის დონეები ჩახუტების, სქესობრივი კავშირის ანდა ორგაზმის დროს იმატებს.
ოქსიტოცინი სხეულში არაერთ სხვა ფუნქციასაც ასრულებს: მშობიარობისას ჭინთვებს იწვევს და შემდგომში ლაქტაციას უწყობს ხელს; სისხლის წნევისა და ანთებას შემცირებით გულსისხლძარღვთა სისტემას იცავს დაზიანებისგან და სხვა.
ახალი კვლევა ჰორმონის კიდევ ერთ შესაძლო სარგებელზეც გვაფიქრებს: იგი, მინიმუმ დანიო-რერიოში მაინც, გულს დაზიანებული და მკვდარი კარდიომიოციტების (კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც გულის მკუმშავ ძალას წარმოქმნის) ჩანაცვლებაში ეხმარება. ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული ცდების ადრეული შედეგები მიანიშნებს იმაზეც, რომ ოქსიტოცინს ანალოგიური ეფექტების გამოწვევა ადამიანებშიც შეუძლია სწორ დროს სწორი დოზით მიღების შემთხვევაში.
როგორც ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, გული დაზიანებული ან მკვდარი ქსოვილების აღდგენის კუთხით ძალიან შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვლევა მოწმობს, რომ დაზიანების (მაგალითად, გულის შეტევის) შემდგომ მისი ყველაზე გარე მემბრანის (ეპიკარდიუმი) უჯრედთა ნაწილი ახალ ფუნქციას ითავსებს — ისინი გულის ქსოვილის იმ შრისკენ გადაადგილდება, სადაც კუნთებია და ღეროვანი უჯრედების მაგვარ უჯრედებად გარდაიქმნება. ისინი შემდგომში გულის რამდენიმე ტიპის უჯრედად (მათ შორის, კარდიომიოციტებად) შეიძლება იქცეს.
მოყვანილი პროცესი ცხოველებში კარგადაა შესწავლილი. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ, შესაძლოა, ეს ზრდასრულ ადამიანებშიც ხდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი პროცესი არც ისე ეფექტურია. ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ, თუკი რამენაირად მეტ ეპიკარდიულ უჯრედს ვუბიძგებთ კარდიომიოციტებად გარდაქმნას, ამით გულს დაზიანების შემდგომ აღდგენაში დავეხმარებით.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის უჯრედებში ამ პროცესის გააქტიურება ოქსიტოცინის გამოყენებით შეიძლება. მათ ტვინისგან წარმოქმნილი 14 სხვა ჰორმონიც შეამოწმეს, თუმცა ახალი კარდიომიოციტების შექმნის ბიძგი უჯრედებისათვის არც ერთ მათგანს არ მიუცია.
მომდევნო ექსპერიმენტები მეცნიერებმა დანიო-რერიოშზე (ეს თევზი ქსოვილთა რეგენერაციის უნარით გამოირჩევა) ჩაატარეს. მათ შენიშნეს, რომ გულის დაზიანებიდან სამი დღის განმავლობაში თევზების ტვინებმა იმაზე დაახლოებით 20-ჯერ მეტი ოქსიტოცინის გამოყოფა დაიწყო, ვიდრე დაზიანებამდე. ჰორმონი შემდეგ გულისკენ გადაადგილდა, თავის რეცეპტორებს დაუკავშირდა და ეპიკარდიული უჯრედების ახალ კარდიომიოციტებად გარდაქმნის პროცესი წამოიწყო.
შესაბამისად, ექსპერიმენტები მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ოქსიტოცინს დაზიანებული გულის აღდგენაში საკვანძო როლი ჰქონდეს. ნაშრომის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ჰორმონის ზემოქმედების გაძლიერებით მეცნიერები ახალი სამკურნალო საშუალებების, თუნდაც ოქსიტოცინის შემცველი მედიკამენტების, შექმნას შეძლებენ.
"შემდგომში ოქსიტოცინს გულის დაზიანების მქონე ადამიანებში უნდა დავაკვირდეთ", — განაცხადა აიტორ აგირემ, კვლევის მთავარმა ავტორმა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა — "საერთო ჯამში, შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად ცხოველებში პრეკლინიკური, ხოლო ადამიანებში კლინიკური კვლევები უნდა ჩატარდეს".
კომენტარები