დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი ხეების სწრაფ ზრდას განაპირობებს — როგორ გვიცავს ტყე
ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ემისია კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს, ოჰაიოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით კი ეს ხეების ბიომასის ზრდასაც განაპირობებს.
"ტყეები ატმოსფეროდან მთლიანი გამოყოფილი ნახშირორჟანგის 13 პროცენტს შთანთქავს. ჩვენ ჰაერში მილიარდობით ტონა CO2-ს ვუშვებთ, თუმცა, ამავე დროს, ტყეების ზრდით მისი დიდი ნაწილი ბათილდება", — აცხადებენ სპეციალისტები.
ამ პროცესს ნახშირორჟანგით განაყოფიერების ეფექტი ეწოდება. ეს მაშინ ხდება, როცა CO2 მცენარეებში ფოტოსინთეზს აჩქარებს. შედეგად, ხეები უფრო სწრაფად იზრდება. ამ გზით ატმოსფეროში დაგროვებული ნახშირორჟანგის დონე იკლებს. მაგალითად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყეები ყოველწლიურად 700-800 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, რაც ქვეყნის ემისიას 10 პროცენტით ამცირებს.
ეს ნიშნავს, რომ ტყეები კლიმატის ცვლილებას ეწინააღმდეგება და გვიცავს. მეცნიერები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში ხეების სიდიდის ცვლილებას, სავარაუდოდ, თვალით ვერც კი შევნიშნავთ, თუმცა სხვაობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თანაც, ზემოხსენებული პროცესი არა მხოლოდ ახალგაზრდა, არამედ ხნიერ მცენარეებშიც მიმდინარეობს.
მეცნიერებმა უკანასკნელი კვლევა 1970-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე პერიოდში შეგროვებული მონაცემებზე დააფუძნეს და ნახშირბადის ემისიის მაჩვენებლები ტყის ბიომასის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დააკავშირეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები