ექსპერტების თქმით, 2026 წლისთვის, ონლაინ შიგთავსის 90% ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება შექმნილი
ხელოვნური ინტელექტი (AI) დღითიდღე ვითარდება და იხვეწება. ცოტა ხნის წინ, მის მიერ გენერირებულმა ფილმმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის ჯილდოც კი მოიპოვა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ასეთი წინსვლა მომავალში კაცობრიობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
"ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში ხედავთ", — გვაფრთხილებენ ევროკავშირის სააგენტო Europol-ში მომუშავე სპეციალისტები.
"ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2026 წლისთვის, ონლაინ შიგთავსის 90% სინთეტიკურად იქნება გენერირებული, რაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ან გარდაქმნილ მედიას ნიშნავს.
უმეტეს შემთხვევაში, სინთეტიკური მედია ვიდეოთამაშებისთვის, ასევე, სერვისების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გენერირდება, თუმცა მისი რაოდენობის ზრდამ და ტექნოლოგიის განვითარებამ დეზინფორმაციის გავრცელებას უფრო მეტი გასაქანი მისცა", — ვკითხულობთ Europol-ის ოფიციალურ ანგარიშში.
იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე საზოგადოება ბოტებსა და ტექსტის გამოსახულებად გარდაქმნის AI პროგრამებს უკვე ხშირად აწყდება, ასეთი შიგთავსის 90% მართლაც საკმაოდ მოცულობითია და მიუთითებს, რომ სულ რამდენიმე წელში, თითქმის ყველა ციფრული მასალის ავთენტურობა საეჭვო იქნება.
"ყოველდღიურობაში ადამიანები თავიანთ აღქმას ენდობიან, რათა განასხვაონ, რა არის რეალობა და რა — არა. აუდიო და ვიზუალური ჩანაწერები ხშირად სარწმუნოდ მიიჩნევა, მაგრამ რა მოხდება, თუ ასეთი მედიის გენერირება ხელოვნურადაცაა შესაძლებელი და ეს არარეალური მოვლენების ჩვენებას, მათ არასწორად წარმოჩენას ან სიმართლის დამახინჯებას ემსახურება?", — ამბობენ სპეციალისტები.
ოფიციალურ ანგარიშში ყურადღება დიფფეიქ ტექნოლოგიებზე და მათთან დაკავშირებულ საფრთხეებზეა გამახვილებული, რომლებიც, ექსპერტთა აზრით, მთელი სიმძაფრით არცთუ ისე შორეულ მომავალში დაგვემუქრება. ეს ქმნის საჭიროებას, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია უფრო მკაცრად გადავამოწმოთ.
კომენტარები