გაფრთხილება: სტატია შეიცავს ძალადობის აღწერას.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის არმიის ქალ სამხედროს შეურაცხყოფას აყენებენ.

პარასკევს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქალი 13-14 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებების დროს მოკლეს.

აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მიერ გადაღებულ ვიდეოში სომეხი სამხედროების ცხედრები ჩანს, მათ შორის, ორი ქალია.

ერთ-ერთ ქალს შიშველ სხეულზე წარწერები აქვს, თვალის ბუდეში ქვები და მოჭრილი თითი პირში აქვს მოთავსებული.

კაცი, რომელიც ვიდეოს იღებს, აზერბაიჯანულად ამბობს: "შეხედეთ ამ ძუკნას, აქ ორი ქალია. ქვად გადაიქცა".

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გავრცელებულ ვიდეოზე ქალაქ ჯერმუკში პარასკევს, უცხოელი დიპლომატების ვიზიტის დროს ისაუბრა. ქალაქი აზერბაიჯანის თავდასხმის სამიზნე იყო — სამხედროებმა ქალაქთან ახლოს მდებარე პოზიციებზე კონტროლი დაამყარეს.

"ჩვენს საბრძოლო პოზიციებზე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის, ქალების მიმართ სისასტიკეები ჩაიდინეს. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად, თუ რა გაუკეთეს ქალ სამხედროს — მოჰკვეთეს ფეხები, თითები, გააშიშვლეს. ეს სისასტიკის უმაღლესი დონეა", — უთხრა ედვარდ ასრიანმა დიპლომატებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12-13 სექტემბერს შეტაკებები დაიწყო — აზერბაიჯანული ძალები სომხეთს თავს დაესხნენ, მიზანში ამოიღეს სამხედრო პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები. აზერბაიჯანი ამტკიცებდა, რომ ეს თავდასხმა სომხეთის "პროვოკაციებზე" პასუხი იყო.

შეტაკებები მას შემდეგ დასრულდა, რაც სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა. ერევანი აღნიშნავდა, რომ ამაში დიდი წვლილი აშშ-ის მთავრობამ ითამაშა. აზერბაიჯანის მხარეს შეთანხმება ოფიციალურად ჯერ არ უღიარებია.

ეს ორდღიანი ომი ამ ქვეყნებს შორის მომხდარი წინა ბრძოლებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მასში მთიანი ყარაბაღი არ მონაწილეობდა. წინა შეტაკებებისგან განსხვავებით, საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით დასავლურმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს და მხარეებს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ამას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც — მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და სომხეთზე თავდასხმები დაგმო.

სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს კი ბლინკენმა პირობა დადო, რომ საკითხს პირადად გაუმკლავდებოდა და სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყობდა ხელს.

აშშ-ის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ნენსი პელოსი ესტუმრა სომხეთს, რათა მისი მხარდაჭერა გამოეხატა. მას რეგიონში სხვა ვიზიტები არ დაუანონსებია.

აზერბაიჯანი საფრანგეთმაც გააკრიტიკა — გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საფრანგეთის წარმომადგენელმა აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ და "სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ" მოუწოდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ Armenpress-ს განუცხადა, რომ ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღება განიხილება.

სომხეთის ტრადიციული სტრატეგიული მოკავშირე, რუსეთი საპასუხოდ დუმდა და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ ორივე მხარეს მოუწოდა.

რუსეთი ხელშეკრულებით ვალდებულია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის დროს ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით დახმარება გაუწიოს. მას ეს ევალება, როგორც ორმხრივი შეთანხმების, ასევე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრობის საფუძველზე. სომხეთის მიერ დახმარების თხოვნის მიუხედავად, CSTO-მ სომხეთში მხოლოდ ფაქტების დამდგენი მისია გააგზავნა.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, ქვეყანას "მეტი იმედი აღარ აქვს", რომ სომხეთის დასახმარებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავდაცვითი მექანიზმები გააქტიურდება.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.