ბელგიელ დიჯეის — შარლოტ დე ვიტეს დიდი ხანია, რაც ტექნოს დედოფალს უწოდებენ. გარმოჩეული არა მხოლოდ შარლოტის მინიმალისტური მუსიკაა, არამედ მისი პიროვნებაც — თავდაუზოგავი, მიზანდასახული და set-ებზე მუდამ მოღიმარი, რასაც ტექნოსივრცეში იშვიათად მოვკრავთ თვალს და რაც მის ერთგვარად მელანქოლიურ მუსიკასთან, თითქოს, თანხვედრაში არ მოდის. შარლოტის ცხოვრების მოტოდ "არავითარი ძილი" იქცა, რომელსაც მთელი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მიჰყვება და ბელგიის პატარა ქალაქში დაბადებული დიჯეის მიერ მიღწეული წარმატებაც ამას ნამდვილად ამტკიცებს.

ფოტო: We Rave You

დასაწყისი

პირველ მუსიკალურ CD-ზე, რომელიც შარლოტმა ბავშვობაში შეიძინა, ჯგუფ Eiffel 650-ის სიმღერა Blue იყო ჩაწერილი. მაშინ დედამ უთხრა: "თუ გინდა, მაშინ შენი ფულით უნდა იყიდო" — სწორედ შარლოტის დედა იყო ის ადამიანი, რომელმაც მას დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასა და მუსიკაში თავით გადაშვებაში დაეხმარა.

შარლოტის მამა მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მის გარშემო მუდამ ტრიალებდა სხვადასხვა მელოდია, თუმცა თავად შარლოტმა მუსიკის კეთება თინეიჯერობისას, ჯერ კიდევ 17 წლისამ დაიწყო. თუმცა კი, სკოლის მოსწავლე დიჯეი მუსიკასა და სწავლას რომ ვეღარ უთავსებდა, დედამისმა არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა: "მისმინე, შარლოტ. სკოლითა და მუსიკით ერთდროულად დაკავებული ვეღარ იქნები. თუ ეს ის არის, რაც ნამდვილად გინდა და ბედნიერს გხდის, უბრალოდ, ამას გაჰყევი", — შარლოტი მუდამ მადლიერი იქნება ამ სიტყვების, რამაც ბიძგი მისცა ეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარდა. უკვე 18 წლის დიჯეი ბელგიის გარშემო მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა და სხვადასხვა ადგილას უკრავდა. თუმცა მაშინ არა თავისი რეალური სახელით, არამედ მამაკაცი ალტერ ეგოს ფსევდონიმით — Raving George-ით დგებოდა მიქშერთან. წლების შემდეგ კი შარლოტი მიხვდა, რომ აღარ სჭირდებოდა ამ სახელის ზურგს უკან ამოფარება და გადაწყვიტა, ბოლომდე შეენარჩუნებინა საკუთარი ავთენტურობა.

შარლოტის, როგორც პიროვნებისა და დიჯეის ჩამოყალიბებაზე, დიდი გავლენა, რა თქმა უნდა, იმ ქალაქმაც მოახდინა, სადაც გაიზარდა — ბელგიის პატარა ქალაქი გენტიც გამოირჩეოდა კლუბებით, რომლებსაც შარლოტი უკვე 16-17 წლისა სტუმრობდა.

"უკრავს მუსიკას და უყვარს საჭმელი"

ასე ახასიათებს შარლოტი საკუთარ თავს ინსტაგრამის Bio-ში: უკრავს მინიმალისტურ და Acid ტექნოს და უყვარს როგორც იაპონური, ისე იტალიური და ფრანგული სამზარეულოები. თუმცა კი, დიდი ხანია, შარლოტი მხოლოდ სხვის ტრეკებს აღარ აჟღერებს, არამედ საკუთარ მელოდიებსაც ქმნის და 3 წლის წინ დაარსებულ ლეიბლ KNTXT-საც უძღვება. იმის აღნიშვნაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიჯეი წელიწადში 200-მდე სეტს უკრავს და სწორედ ამიტომ შარლოტს კლუბური სცენის ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანს უწოდებენ.

ისეთი წარმატება, რასაც შარლოტმა მიაღწია, ცოტა დიჯეის თუ ხვდა წილად: 2017 წლიდან მოყოლებული, დიჯეი ყოველ წელს დგება მსოფლიოში ყველაზე დიდი EDM ფესტივალის — Tomorrowland-ის სცენაზე, ათი ათასობით ადამიანის წინ და დაუვიწყარ გამოცდილებას სჩუქნის მათ. მეტიც, წელს შარლოტი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ამ ფესტივალის მთავარი სცენა დახურა.

შარლოტის მრავალფეროვანი დისკოგრაფიიდან მას ყველაზე დიდი პოპულარულობა ერთმა სიმღერამ — You're Mine-მა მოუტანა, რომელიც Oscar and the Wolf-თან ერთად შეიქმნა და მაშინვე მიიქცია მეინსტრიმის ყურადღება.

თუმცა, შარლოტის წარმატება არა მხოლოდ პოპულარობით, არამედ შესაბამისი ჯილდოებითაც დაფასდა: 2019 წელს მანდ DJ Awards მოიპოვა; ამავე და შემდეგ წელს კი — International Dance Music Awards.

KNTXT

შარლოტ დე ვიტეს კალიბრის დიჯეის მიერ ლეიბლის დააარსება გასაკვირი არავისთვისა, მაგრამ, რეალურად, მუსიკოსისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. მისი თქმით, ლეიბლის შექმნა მუსიკალური კარიერის დაწყებისთანავე უნდოდა, მაგრამ თვითდაჯერება აკლდა და ამ ოცნების განხორციელება მხოლოდ დიდი წარმატების მოპოვების შემდეგ შეძლო.

თუმცა, შარლოტს ლეიბლთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო აზრები ჰქონდა: ერთი მხრივ, ის თვლიდა, რომ არტისტის მიერ მსგავსი რაიმეს შექმნა ქედმაღლური საქციელია, მეორე მხრივ კი, ლეიბლი მას თავისუფლებასა და იმ დამოუკიდებლობას აძლევს, რაც ჰაერივით სჭირდება ყველა ხელოვანს. ამიტომაც 2019 წელს KNTXT შეიქმნა, რომლის ფარგლებში შარლოტი როგორც საკუთარ, ისე სხვა არტისტების მუსიკას აქვეყნებს.

ფოტო: SoundCloud

თუკი უკვე ხართ შარლოტის set-ების მოყვარული ან ახლა გინდათ, რომ გაეცნოთ ტექნოს დედოფლის შემოქმედებას, მაშინ სჯობს, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. შარლოტ დე ვიტეს მოსმენას 24 სექტემბერს, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ DECODER-ის ფარგლებში შეძლებთ.