ექვსკუთხა ალმასები დედამიწაზე შესაძლოა, ჯუჯა პლანეტიდან მოხვედრილიყო
ახალი კვლევის მიხედვით, ზემტკიცე ექვსკუთხა ალმასები დედამიწაზე შესაძლოა, მზის სისტემის ჯუჯა პლანეტის მანტიიდან მოხვედრილიყო, როცა მას 4.5 მილიარდი წლის წინ დიდი ასტეროიდი შეეჯახა.
ასეთ ალმასს ლონსდეილიტი ჰქვია და მას იშვიათი მეტეორიტები შეიცავს. მინერალ გრაფიტისა და ხის ნახშირის მსგავსად, ის ნახშირბადის ერთ-ერთი სტრუქტურული ფორმაა, რომლის შემთხვევაშიც ატომებს არა კუბური, არამედ ექვსკუთხა განლაგება აქვს.
"ეს კვლევა ადასტურებს, რომ ლონსდეილიტი ბუნებაში არსებობს. ჩვენ, ასევე, მისი უდიდესი კრისტალები აღმოვაჩინეთ, რომელთა ზომაც სულ რაღაც 1 მიკრომეტრია, ანუ ისინი ადამიანის თმის ღერზე ბევრად წვრილია", — აცხადებენ ავტორები.
აღნიშნულ ალმასებს პირველად "კანიონ დიაბლოდ" წოდებულ მეტეორიტში, 1967 წელს მიაგნეს, სახელი კი ბრიტანელი კრისტალოგრაფის, კეტლინ ლონსდეილის პატივსაცემად დაარქვეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ კრისტალების ექვსკუთხა ფორმა მათ უფრო მყარს ხდის, რაც შესაძლოა, მტკიცე მატერიის შექმნის ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში დაგვეხმაროს.
სპეციალისტებმა ურეილიტის ტიპის მეტეორიტებში არსებული ლონსდეილიტი შეისწავლეს. კერძოდ, მათ მიკროსკოპით დააკვირდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი ორთქლის ქიმიური დალექვის პროცესის შედეგად, მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე წარმოიქმნა, როცა ჯუჯა პლანეტამ სხვა ასტრონომიულ სხეულთან კატასტროფული შეჯახება განიცადა.
ასეთმა პირობებმა მას გრაფიტის მსგავსი ფორმისა და ტექსტურის შენარჩუნების საშუალება მისცა, წნევისა და ტემპერატურის შემცირებამ კი ის ნაწილობრივ ალმასით ჩაანაცვლა. ამგვარი პროცესი შესაძლოა, საწარმოო მეთოდად გამოვიყენოთ და სიმყარით გამორჩეული მასალა შევქმნათ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები