მეცნიერების სამი გამოწვევა: ტვინი, უკვდავება და სიბერე — ინტერვიუ ზაალ კოკაიასთან
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ სულხან მეტრეველთან ჩაწერილ საინტერესო ვიდეოინტერვიუში ქართველმა პროფესორმა და გლობალურად ცნობილმა მეცნიერმა ზაალ კოკაიამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. კონკრეტულ სტატიაში ყურადღებას ინტერვიუს იმ ნაწილზე გავამახვილებთ, სადაც ტვინზე, სიბერესა და უკვდავებაზე იყო საუბარი.
სულხანის შეკითხვაზე თუ რამდენად რეალურია უკვდავების მიღწევა ზაალმა არაფერი გამორიცხა. მისი თქმით, მეცნიერების მთავარი ამოსავალია "არასდროს თქვა არასდროს". ეს ნიშნავს, რომ ის რაც დღეს წარმოუდგენელი ჩანს, ხვალ შეიძლება ბანალური რეალობა იყოს.
ზაალმა აღნიშნა, რომ ის თავის სამეცნიერო კარიერასა და საკუთრივ მის დარგშიც კი მოესწრო ისეთ პროგრესს, რასაც რამდენიმე წლის წინ თავად ვერ დაუშვებდა.
"მეცნიერებაში კატეგორიულად არაფრის თქმა შეიძლება. დღეს რა ცოდნაც გვაქვს, ამის ფონზე უკვდავება მიუღწევადი ჩანს, მაგრამ რეალურად შეიძლება ასე არ იყოს", — თქვა ზაალმა.
ზაალმა მაგალითად ცხოველების სამყარო მოიყვანა, სადაც არიან არსებები, რომლებსაც არ უვითარდებათ სიმსივნე. მათი იმუნური სისტემა იმდენად განსხვავებულად მუშაობს, რომ ისინი ძლევენ ნებისმიერ სიმსივნურ წარმონაქმნს. ეს მაგალითი შეიძლება ადამიანებმა გამოვიყენოთ მედიცინაში. ამ გადმოსახედიდან, ერთადერთი რაც გვჭირდება ბუნებისგან სწავლაა.
"არის იმის შესაძლებლობა მომავალში განვითარდეს მეთოდოლოგია, რომელიც სიმსივნეს იმუნოთერაპიით ბევრად მარტივად დაამარცხებს. ამისთვის უნდა ვისწავლოთ იმუნური უჯრედების მოდიფიკაცია", — აღნიშნა ზაალმა.
როდესაც უკვდავებაზე საუბრობდნენ, ინტერვიუში ხაზი გაესვა სიცოცხლის გახანგრძლივებასაც. ზაალმა აქ მაგალითად ის ცოცხალი ორგანიზმები მოიყვანა, რომლებიც ასეულობით წელი ცოცხლობენ. ასევე არსებობენ ორგანიზმები, რომლებსაც საკუთარი განვითარების რევერსიის მოხდენაც შეუძლიათ. აქ საუბარია ერთი სტადიიდან მეორე სტადიაზე გადასვლაზე.
როდესაც ვსაუბრობთ უკვდავებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიოლოგია, მაგრამ არანაკლებ საინტერესო თემაა ეთიკური მხარე. ინტერვიუში ზაალმა ამაზეც ისაუბრა. ერთია მომენტი, როდესაც მედიცინა სიცოცხლის გახანგრძლივებას შეძლებს და მეორე რა მოხდება ასეთ დროს სოციუმში, როგორ შეიცვლება მენტალობა, აღქმა და ეგზისტენცია.
"მე არ ვიცი მომავალში რა ფორმა ექნება მედიცინაში ეთიკურ და მორალურ ფაქტორს. ასეთ სამყაროში ვინ გადაწყვეტს ვინ რამდენი ხანი უნდა იცოცხლოს და ვის რამდენი ხანი უნდა ამ სამყაროში ყოფნა. საინტერესოა როგორ უნდა გადაწყვიტოს ასეთ სამყაროში ინდივიდმა სიცოცხლის შეწყვეტა და როგორ დარეგულირდება ეს კანონით", — უთხრა ზაალმა სულხანს.
ინტერვიუს საინტერესო ნაწილი იყო ასევე ის, სადაც ზაალმა უკვდავების სტადიებზე ისაუბრა. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს მუდმივად შეუძლია სიცოცხლე, რა ასაკი უნდა აირჩიოს მან, ვიღაცას შეიძლება მუდმივად 30 წლის ასაკში ყოფნა უნდოდეს, ვიღაცას კი 40-ის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვდავებაზე უკვე ბევრი მეცნიერი სერიოზულად ფიქრობს და სხვადასხვა კვლევებიც ტარდება, დღეს უფრო რეალური და ხელშესახები სიბერის ხარისხის გაუმჯობესებაა. უკვდავების შემდეგ სწორედ ამაზე ისაუბრეს ზაალმა და სულხანმა.
ასევე: ბენჯამინ ბატონის ეფექტი: მეცნიერებმა თაგვების გაახალგაზრდავება შეძლეს, ახლა ადამიანის ჯერია
სულხანის თქმით, პირადად მისი გადმოსახედიდან ყველაზე დიდი პრობლემა ტვინის დაბერებაა, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ალცჰაიმერი, სადაც ადამიანი თავის იდენტობას კარგავს. საპასუხოდ ზაალმა თქვა, რომ ახლო მომავალში ჩვენ წესით შეგვეძლება ალცჰაიმერის დაავადების შენელება.
"დაბერება ბიოლოგიური პროცესია, ალცჰაიმერი კი გარკვეული პათოლოგიაა. შეიძლება ითქვას, ეს აღარ არის ნორმალური დაბერების პროცესი. ჩვენ თუ შევძლებთ ამ დაქვეითების შენელებას ეს მნიშვნელოვანი გზა იქნება ზოგადად ამ ტიპის ასაკობრივი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. თუ ჩვენ შევაჩერებთ იმ დონეზე, რომ ის გავლენას არ მოახდენს ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად და არ იქნები სხვა ადამიანებზე დამოკიდებული, ეს არის ის რასაც ჩვენ ჯანმრთელ დაბერებას ვუწოდებთ", — აღნიშნა ზაალმა.
ეს ის მიზანია, რაზეც დღეს ბევრი მეცნიერი მუშაობს და თანამედროვე მედიცინის გრაალია. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე მედიცინის ხარჯზე ზრდასრულ ასაკს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღწევს, ცივილიზაციის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ხდება სწორედ ასეთი ჯანსაღი დაბერება, სადაც ადამიანი ასაკში ბოლომდე სხვაზე დამოკიდებული არ ხარ.
ზაალის თქმით, ამ მხრივ თანამედროვე მედიცინის მთავარი გამოწვევა დღეს სწორედ ეს არის — დავბერდეთ ჯანმრთელად!
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
თემაზე საუბრის ბოლოს ზაალმა ჯანმრთელი დაბერებისთვის ინდივიდუალურ ძალისხმევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჯანსაღი ძილი და ფიზიკური აქტივობაა.
ვიდეოინტერვიუს სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები