ერევნის მერია ხალხს ყოველ დილას, 7 საათზე მუსიკით გააღვიძებს
ერევნის მერმა განაცხადა, რომ ხალხის გასაღვიძებლად ყოველ დილით, 07:00 საათზე მერიის საათის კოშკსა და მთელს ქალაქში მუსიკა დაუკრავს, რადგან მისი თქმით, სამუშაო დღე "ადრე უნდა დაიწყოს".
Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მერმა, ჰრაჩია სარგისიანმა თქვა, რომ დარწმუნებულია, "ქალაქმა ადრე უნდა გაიღვიძოს".
მიუხედავად იმისა, რომ მერიის საათის კოშკი ზარს ყოველ საათში რეკავს, სარგისიანმა განაცხადა, რომ ახლა ყოველ დილას ერევნის ჰიმნი დაუკრავს. მისი თქმით, მუსიკა, ასევე, გაჟღერდება დედაქალაქის 12-ვე რაიონში — ხმის სისტემები უკვე დამონტაჟებულია. ერევანში ერთ მილიონზე მეტი, ანუ, დაახლოებით, სომხეთის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს.
მართალია, ახალ ამბავს სომხეთში იუმორით შეხვდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც იდეა მოიწონეს. მათი თქმით, მთელი ქვეყანა ადრე უნდა იღვიძებდეს, თუმცა ეს გარდამავალი პროცესი კოორდინირებული უნდა იყოს.
ორშაბათს, მერიის სხდომაზე, სარგისიანმა თქვა, რომ მის განცხადებაზე მსგავს რეაქციას არ ელოდა — მან ინტერნეტში გავრცელებული სახუმარო პოსტებიც მოიწონა.
"არ მეგონა, რომ ეს ასეთი დიდი მოვლენა იქნებოდა. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ ხალხი ერევანს ასეთი დიდი პასუხისმგებლობით ეპყრობა", — თქვა მან.
სარგისიანმა თავი აარიდა იმ კომენტარებს, რომ მუსიკამ, შესაძლოა, მოსახლეობა შეაწუხოს. მისი თქმით, საათის ზარები ყოველ დილით უკვე რეკდა და ამაზე "აქამდე არავის დაუწუწუნია".
"დარწმუნებული ვარ, ხალხი ისე გაიღვიძებს, როგორც ჩვეულებრივ. მათ ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა", — თქვა მან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები