რეკორდული სიცხის შედეგად ლონდონში რამდენიმე ტყის ხანძარი გაჩნდა
ინგლისში რეკორდული სიცხეების პარალელურად, ტყის ხანძრების ტალღის გამო ლონდონის სახანძრო ბრიგადამ დედაქალაქში ცეცხლის "მნიშვნელოვანი ინციდენტი" გამოაცხადა. აქ ტემპერატურამ 40°C-ს პირველად გადააჭარბა.
მთელ ქალაქში ცეცხლს 350 მეხანძრე ებრძვის. მოსახლეობის ნაწილს, ხანძრის შედეგად, საცხოვრებლების დატოვება მოუწია. ლონდონის მერის, სადიქ ხანის განცხადებით, "უზარმაზარმა ტალღამ" სახანძრო მომსახურებაზე "უდიდესი ზეწოლა მოახდინა".
გასული კვირის დასაწყისიდან, სითბური ტალღის შედეგად, ევროპაში ხანძრის ასობით კერა გაჩნდა. გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით, ქვეყანაში, რომელიც ზომიერი კლიმატით გამოირჩევა, ტემპერატურა იმ მაჩვენებლამდე გაიზარდა, რომელიც, უმეტესად ეკვატორის ზონაში ფიქსირდება ხოლმე, მაგალითად, იამაიკაში, მალდივებსა და ბარბადოსზე.
ჰითროუს აეროპორტში სამშაბათს, 19 ივლისს, ადგილობრივი დროით შუადღის 12:50 საათზე გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიურმა სამსახურმა რეკორდული ტემპერატურა — 40.2°C გრადუსი დააფიქსირა. წინა რეკორდი, რომელიც 2019 წელს დამყარდა, 38.7 გრადუსი ცელსიუსი იყო.
ბოლო დღეებში მხუთავმა სიცხეებმა ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებას, სკოლებისა და საავადმყოფოების მუშაობას შეუშალა ხელი. გაერთიანებულ სამეფოში სახლების დიდი ნაწილი სითბოს შენობაში შენარჩუნებასა და იზოლირებაზეა ორიენტირებული და გამაგრილებელი სისტემა არ აქვს. ექსტრემალური სიცხის გამო, ლონდონის ლუტონის აეროპორტმა ცოტა ხნით ფუნქციონირება შეწყვიტა, სიცხის შედეგად კი აღმოსავლეთ ინგლისის მთავარი გზა "სკეიტპარკს" დაემსგავსა.
Sentinel-3 ხელოვნური თანამგზავრიდან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მიწის ტემპერატურამ გაერთიანებულ სამეფოში სითბური ტალღის ორდღიანი პიკის პირველ დღეს — ორშაბათ დილით დაახლოებით 50°C-ს მიაღწია.
ექსტრემალურმა სიცხეებმა ხანძრების გაჩენა გამოიწვია შუაგულ ევროპის კონტინენტზეც. ევროკავშირის ხელოვნური თანამგზავრების პროგრამა Copernicus-ის მონაცემებით, გასულ 10 დღეში ხანძარმა საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის 400 კმ2-ზე დიდი ტერიტორია მოიცვა.
კლიმატის ცვლილების შედეგად, ამინდი კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი და ექსტრემალური გახდება. 28 ივნისს ჟურნალ Environmental Science: Climate-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სითბური ტალღები, რომელთა წარმოქმნის ალბათობა, ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით, ნებისმიერ წელთან შედარებით, 10-დან ერთი იყო, ახლა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება და ადრინდელთან შედარებით 2.2 გრადუსით ცხელი იქნება. ის სითბური ტალღები კი, რომელთა წარმოქმნის ალბათობა ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით 50-ში 1 იყო, ახლა 5-ჯერ უფრო მეტია.
კომენტარები