დედამიწის მომავალი "ნათელია" — უნდა გეშინოდეთ თუ არა გლობალური დუღილის

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ამ სტატიაში არც დისტოპიურ მომავალს დაგიხატავთ და არც ათასჯერ ნათქვამს გავიმეორებ, რომ ცოტაც და აღარაფერი გვეშველება. ჩემი ღრმა რწმენით, გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება, ამ უკანასკნელის ხარისხი კი თვითონ მდგომარეობის სირთულეზეა დამოკიდებული. აქ (თითქმის) მხოლოდ ამჟამინდელ მსოფლიოსა და კლიმატზე გიამბობთ, შეფასების გაკეთებას კი თქვენ განსჯას ვანდობ.

რას ნიშნავს გლობალური დუღილი? რატომ "გვაშინებენ"?

წლევანდელი ტემპერატურული რეკორდების შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა გლობალური დათბობიდან გლობალური დუღილის ერაში გადასვლა გვახარა. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ეს ზაფხული შეიძლება ცხელი იყო, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ იმიტომ, რომ ახლა მომავალ ზაფხულებთან შედარებით მაინც გრილა.

2023 წლის ივლისი ექსტრემალური სიცხეების თვე იყო. იმან, რომ საქართველოში ტემპერატურული რეკორდები არ ფიქსირდება, არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ჩვენთან ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე, ვთქვათ 30 წლის წინ იყო. გარდა ამისა, საშუალო ტემპერატურის მატება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დედამიწის გარკვეულ ნაწილებში ტემპერატურული ნამატი ამ ნიშნულზე ზოგან ნაკლებია, ზოგან კი ბევრად მეტი.

თუმცა, სხვა რეგიონების დათბობა ისევე უნდა გვანაღვლებდეს, როგორც ადგილობრივის, რადგან პოლუსებზე ყინულის დნობა და საშუალო ტემპერატურის 4 გრადუსით მატება მხოლოდ პინგვინებს და პოლარულ დათვებს კი არ ვნებს, არამედ ჩვენც, ასობით ათასი კილომეტრით შორს მცხოვრებ ადამიანებს.

ჩრდილოეთის ირმების ჯოგი, კანადა

ჩრდილოეთის ირმების ჯოგი, კანადა

ფოტო: პიტერ ევინსი, WWF-Canada

მიუხედავად იმისა, რომ პოლარული რეგიონები უფრო მოწყვლადნი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ, დათბობის შედეგად აქ მიმდინარე პროცესები იწვევს გლობალურად ზღვის დონის მატებას, ოკეანეში წყლის ცირკულაციის ცვლილებას, ამინდის რეჟიმების შეცვლას და ა.შ.

თავის მხრივ, ზღვის დონის მატებას სანაპირო ზოლის ეროზია მოსდევს, საფრთხეს უქმნის ნაპირთან მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნებას, და, შესაძლოა, მტკნარი წყლის წყაროებში მარილიანი წყლის შეღწევაც განაპირობოს, რაც სასმელი და სარწყავი წყლის მარაგების დაკარგვას გამოიწვევს.

პოლუსებზე ყინულების დნობამ შესაძლოა შეცვალოს ზღვის წყლის ტემპერატურა და მარილიანობა, რაც ოკეანის ცირკულაციის რეჟიმებს შეცვლის. ოკეანური დინებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედამიწაზე კლიმატის რეგულირებაში, ვინაიდან გადააქვს სითბო პლანეტის გარშემო. ამ სისტემის დარღვევამ შესაძლოა ამინდის რეჟიმები შეცვალოს შორეულ რეგიონებში, ასევე ტემპერატურა, ნალექიანობა და ქარიშხლების სიხშირე.

პოლარული დათვი, ალასკა

პოლარული დათვი, ალასკა

ფოტო: სტივენ კაზლოვსკი, naturepl.com | WWF

ჰავაის მაუნა ლოას ობსერვატორიის პროგნოზით, წელს დედამიწის ატმოსფეროში CO2-ის საშუალო დონე 419.2 პპმს (ატმოსფეროში ყოველ მილიონ მოლეკულაში 419.2 მოლეკულა ნახშირორჟანგია) მიაღწევს. გასული 50 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 100 პპმ-ით გაიზარდა და ყოველ წელს დამატებით 2 ნიშნულით იზრდება.

2023 წლის ივნისი NOAA-ის (აშშ-ის ეროვნული ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაცია) მიხედვით, ბოლო 174 წელში ყველაზე ცხელი ივნისი იყო. ამ თვეში გლობალურად ზედაპირის საშუალო ტემტერატურა 1.05°C-ით მეტი იყო გასული საუკუნის საშუალო მაჩვენებელზე - 15.5°C-ზე. აქედან გამომდინარე, წელს პირველად, ივნისის ტემპერატურამ გლობალურ საშუალოს 1°C-ზე მეტით პირველად გადააჭარბა. მაგრამ, ხუთი მეასედი რა უნდა იყოს, არა?

ხანძარი საბერძნეთში, ეგეოსის კუნძულებზე

ხანძარი საბერძნეთში, ეგეოსის კუნძულებზე

ფოტო: ANGELOS TZORTZINIS/AFP

ERA5-ის მონაცემების მიხედვით, გლობალურად ჰაერის საშუალო ტემპერატურამ უმაღლეს ნიშნულს — 17.08°C-ს ამ წლის 6 ივლისს მიაღწია. როგორც ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზე ხედავთ, 3 ივლისიდან მოყოლებული, 23 ივლისის ჩათვლით, ყოველი დღის ტემპერატურა წინა რეკორდზე — 2016 წლის 13 აგვისტოს დაფიქსირებულ 16.80°C-ზე მაღალია. ივლისის პირველი 23 დღის დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 16.95°-ია. შეგახსენებთ, რომ გასული წლების მონაცემებით, აქამდე აღრიცხულებს შორის ყველაზე ცხელი ივლისი და ზოგადად ყველაზე ცხელი თვე 2019 წელს დაფიქსირდა, როცა საშუალო ტემპერატურა 16.63°C იყო, თუმცა ალბათ არც 0.32°C უნდა იყოს "სერიოზული რიცხვი".

ფოტო: ERA5;C3S/ECMWF

ზღვის ზედაპირის დღიური ტემპერატურები სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების 60°-ებს შორის 2023 წლის აპრილიდან რეკორდულ მაჩვენებლებზე რჩება. რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის რეკორდულ ტემპერატურებს, ხანძრებს და კატასტროფებს, არ მგონია ამ ინფორმაციამ რაიმე ახალი და განსხვავებული გითხრათ გარდა იმისა, რომ დედამიწა ერთიანი სისტემაა და ყველაფერი ერთმანეთთან იმაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

კლიმატი და სოფლის მეურნეობა

ქრონიკული შიმშილი, სურსათის არასაიმედოობა და საკვები რესურსების არასაკმარისი მიღება ის რამდენიმე შედეგია, რაც კონფლიქტებმა, კლიმატის ცვლილებამ და ექსტრემალურმა სიცხეებმა და ა.შ. მოგვიტანა. ამ პრობლემებს კიდევ უფრო აუარესებს სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა.

არასტაბილური კლიმატი არამხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას ამცირებს, ასევე ზრდის ექსტრემალური ამინდის მოვლენების ინტენსივობას, ცვლის სხვადასხვა კულტურების დარგვისთვის ხელსაყრელ დროებს და კარგ პირობებს ქმნის მავნებლებისა და დაავადებების გასავრცელებლად. ხანგრძლივ პერსპექტივაში ცვალებადი ამინდის რეჟიმები ზრდის ზეწოლას შეზღუდულ ბუნებრივ რესურსებზე, როგორიცაა წყალი, ბუნებრივი აირი, ფოსფორი, და ა.შ.

თურქეთი, 2021 წელი

თურქეთი, 2021 წელი

ფოტო: Ihsan Ilze

მცენარეები, იქნება ეს მარცვლეული კულტურები თუ ენდემური სახეობები, გარკვეულ ბუნებრივ პირობებზე არიან ადაპტირებულნი. მაგალითად, ალპურ რეგიონებში ისინი მოკლე ზაფხულებსა და გრძელ ცივ ზამთარში ხარობენ და მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ატმოსფეროს ტემპერატურა გარკვეულ დიაპაზონში უნდა მერყეობდეს. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც სინათლე, ჰაერის ტენიანობა და ა.შ., მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბიოლოგიური პროცესების მიმდინარეობას, როგორებიცაა ზრდა, განვითარება და რეპროდუქცია.

ტემპერატურის ზრდა იწვევს ტრანსპირაციის მატებას, რომლის მაღალმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, ნიადაგის წყლის მარაგი შეამციროს, შედეგად კი დააქვეითოს მცენარეების პროდუქტიულობა. ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის ვარგის საკვებ რესურსზე წვდომას შეზღუდავს, მწარმოებლისთვის კი მოსავლიდან მიღებულ მოგებას.

თუმცა, ტემპერატურის მატება ალბათ არაფერია იმ ზიანთან, რაც კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ კატასტროფებს შეუძლია მოუტანოს მიწათმოქმედების სექტორს, განსაკუთრებით კი მცირე ფერმერებს. მსოფლიო ბანკის მიხედვით, 1976-დან 1990 წლამდე პატარა ქვეყნებში (მოსახლეობა უტოლდება ან ნაკლებია 1.5 მლნ-ზე) წელიწადში, საშუალოდ, 7 კლიმატის კატასტროფა ფიქსირდებოდა, 2006-დან 2021 წლამდე კი ეს მაჩვენებელი 13-ჯერ გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა გვალვის მიმართულებით შეინიშნება. ქარიშხლების რიცხვი დაახლოებით იგივე დარჩა, თუმცა მათ ახლა უფრო დამაზიანებელი შედეგები მოაქვს, ვიდრე ადრე. ცალსახად, ეს ყველაფერი პირდაპირ გავლენას ახდენს მოსავალზე.

კალკუტა, ინდოეთი

კალკუტა, ინდოეთი

ფოტო: Satyaki Acharya

კატასტროფებს იწვევს ძლიერი წვიმებიც. მაგალითად, შარშან ივლისსა და აგვისტოში პაკისტანს რეკორდული წვიმები დაატყდა თავს, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. ამ მოვლენას დაახლოებით 1 700 ადამიანი შეეწირა, 7.9 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა და ჯამში 33 მილიონ ადამიანს მიადგა ზიანი.

როგორც აღვნიშნე, ამ მოვლენების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან მცირე ფერმერები — ადამიანები, რომელთა შემოსავლის მთავარ წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს და რომლებსაც ცვალებად კლიმატთან ადაპტაციისთვის საკმარისი რესურსები არ აქვთ. იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილება დათბობასთან ერთად ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირებასაც მოიაზრებს, მასთან ადაპტაცია საკმაოდ რთული ამოცანაა. ეს პროცესი საკმაოდ არაპროგნოზირებადია და მასზე მორგება მცირე ფერმერებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. კლიმატის ცვლილების გაურკვევლობა და მისი კომპლექსური კავშირი მიწასთან ამჟამინდელ სოფლის მეურნეობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მტკნარი წყლის რესურსების 72%-ის მოხმარებაზე სოფლის მეურნეობაა პასუხისმგებელი. კლიმატის ცვლილებამ, შესაძლოა, მარცვლეულის წარმოებაში წყლის მარაგთან დაკავშირებული რისკები გაზარდოს. მეტიც, დათბობასთან ერთად უფრო ინტენსიური გახდება გლობალური წყლის წრებრუნვა, რაც სახმელეთო რეგიონებში ნალექიანობასა და ზედაპირული წყლების დინებას შეცვლის. ეს ყველაფერი, ცალსახად, გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობის სექტორზე და, შესაბამისად, სასურსათო რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

რაში გვჭირდება ბიომრავალფეროვნება

კლიმატის ცვლილების გარშემო დიალოგი უმეტესად ემისიების შემცირებაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, თუ პრობლემას მხოლოდ ემისიები წარმოადგენს, გამოსავალიც მარტივია - მათი შემცირება და უკვე გაშვებულის შთანთქმა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვა და ა.შ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ნიშნავს ეს რომ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია გარემოს დაცვის სხვა მიმართულებების ხარჯზე უნდა შემცირდეს? — ამჟამინდელი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არა.

პრობლემაზე პასუხი არც მხოლოდ წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებაა, რადგან ემისიები ასევე უკავშირდება ეკოსისტემების დესტრუქციას, ტყის ხანძრებს, ტყეების გაჩეხას, ბიომრავალფეროვნების კარგვას, და ა.შ. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტროპიკებში, 1950 წლიდან 2.27 მილიონი კვადრატული კილომეტრის გაუტყეურებამ ატმოსფეროში დაახლოებით 50 გიგატონა ნახშირორჟანგის გაფრქვევა გამოიწვია. თუმცა, ეკოსისტემის ნახშირბადის დასაწყობების უნარის დათვლა კიდევ უფრო რთულია და, ხშირად, არც ისე ზუსტი, რადგან მიწისქვეშა ნახშირბადის დათვლა ბევრად მეტ სირთულეს უკავშირდება, ვიდრე მიწის ზემოთ დასაწყობებულის. ასე რომ, წიაღისეული საწვავის წვა უფრო ინტენსიურს ხდის იმ პროცესს, რაც მხოლოდ გლობალურად ეკოსისტემების სტაბილურობის დარღვევის შედეგად ისედაც დაიწყებოდა.

მწერების შემოსევამ იაპონიაში წიწვოვანი ხეები - "თოვლის ურჩხულები" დააზიანა

მწერების შემოსევამ იაპონიაში წიწვოვანი ხეები - "თოვლის ურჩხულები" დააზიანა

ფოტო: Kazuaki Koseki

მაგალითად, ადამიანები, ვინც კლიმატის ცვლილებას უარყოფენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ CO2-ის დონის მატება ტემპერატურის ზრდამ გამოიწვია, და არა პირიქით. ამის მაგალითად 1750-დან 1875 წლამდე ატმოსფეროში CO2-ის დონის მატებას იყენებენ, რაც მაშინ ანთროპოგენური სათბურის აირების ემისიებზე სწრაფად გაიზარდა. ეს უკანასკნელი კი პირველს მხოლოდ 1960 წელს დაეწია. თუმცა, ავტორს გამორჩა, რომ ამ პერიოდში ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში მიმდინარეობდა მასიური გაუტყეურება, ასევე ფართოვდებოდა სამეურნეო მიწებიც და სწორედ ამას უკავშირდება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა.

მაგრამ, დიდი ამბავი, თუ ტყეებს გავჩეხთ. ხომ შეგვიძლია, თავიდან გავაშენოთ? ამ კითხვის აბსურდულობა, ალბათ, გესმით, მაგრამ, მოდით, მაინც დავაზუსტოთ. ტყე მხოლოდ ხეების ერთობლიობა არაა, არამედ ერთიანი ეკოსისტემა. მიუხედავად იმისა, რომ დრონებით ტყეების გაშენებას ბევრად უფრო სწრაფად მოვახერხებთ, ეს მეთოდი ადგილობრივ პირობებს ნაკლებად ითვალისწინებს. ეს პირობები კი მხოლოდ ნიადაგისა და მიკროკლიმატის სინჯით არ იზომება. ამიტომ, ტყის აღდგენის მცდელობა ხშირად ან კრახით მთავრდება, ან პირიქით, უარეს პრობლემას ქმნის.

ამის საუკეთესო მაგალითი ჩინეთის "დიდი მწვანე კედელია". აქ ხეების დარგვა გაუდაბნოების შესაჩერებლად დაიწყეს. თავდაპირველად ამ მეთოდმა კარგი შედეგი გამოიღო — ხეებმა ნიადაგს ტენი შეუნარჩუნა და ტერიტორია გაამწვანა. საბოლოოდ, ზოგიერთ ადგილას ამ ხეებმა ნიადაგიდან მთელი წყლის რესურსი შეითვისა და თანდათან გახმობა დაიწყო. იქამდე კი, ხეების ვარჯმა დაბალი მცენარეულობა სინათლის გარეშე დატოვა, რამაც მათი კვდომა გამოიწვია. შედეგად, ნიადაგი მცენარეული საფარის გარეშე დარჩა და ეროზიის განვითარების რისკი გაჩნდა.

ფოტო: Jun Gao via Unsplash.com

ამჟამად (უკვე გაზრდილი და გაშენებული) ტყეები გლობალურად ანთროპოგენური ემისიების 40%-ს შთანთქავს, გაუტყეურების შედეგად კი ამავე რაოდენობის დაახლოებით მესამედს გამოსცემს. რაც უფრო მეტი ნახშირორჟანგია ატმოსფეროში, მით მეტს შთანთქავენ ხეები, გარკვეულ ზღვრამდე. გაუტყეურება მიწას ნახშირორჟანგის მარაგიდან მის წყაროდ აქცევს.

აქვე უნდა აღინიშნოს ტყის დეგრადაციაც, რაც უმეტესად ჭრის, მწერებისგან მიღებული დაზიანებებისა და ტყის ხანძრების შედეგია. ჭრა ტყეს უფრო მგრძნობიარეს ხდის კატასტროფული ხანძრების მიმართ, ქმნის მშრალ პირობებს და, შედეგად, ზრდის ეროზიის რისკებს, არღვევს ეკოლოგიურ ბალანსს, რაც უფრო მოწყვლადს ხდის ტყეს მწერებისა და დაავადებების მიმართ. რაც შეეხება სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, შესაძლოა, მცენარეების მსგავსად, მათ ნახშირორჟანგის დასაწყობებაში პირდაპირი წვლილი არ შეაქვთ, თუმცა ისინი ძლიერი ეკოსისტებემის სიჯანსაღის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

ნახშირბადის დასაწყობებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჭაობები. ამჟამად, დედამიწაზე ამ ეკოსისტემების 70% უკვე განადგურებულია. რაც, თითქოს კარგი უნდა იყოს. ეს ნესტიანი, მწერებით სავსე ადგილები, სადაც ვერც მოსავალს მოიყვან და ვერც ქალაქს გააშენებ, თითქოს ტყუილად იკავებს ადგილს.

ფოტო: Jacob Bukoski

სწორედ ამ მიდგომამ, ამ ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო მიწებად გადაქცევამ, ურბანიზაციამ და სანაპირო ზოლის განვითარებამ გამოიწვია მათი კარგვა. ის ჭაობები კი, რომლებიც ამ პროცესებს გადაურჩნენ, დაბინძურებისა და მარილიანი წყლის შემოჭრის შედეგად განიცდიან დეგრადაციას. ჩვეულებრივ, ზღვის დონის მატებასთან ერთად, სანაპირო ზოლის ჭაობები ხმელეთისკენ გადმოინაცვლებენ, მაგრამ დღეს ხმელეთზე მათი ადგილი აღარ დარჩა. აღსანიშნავია, რომ ჭაობები ნიადაგში იმაზე მეტ ნახშირორჟანგს ასაწყობებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ეკოსისტემა, ამიტომ მათი კონსერვაცია არსებითად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტორფნარებს, მათ ნიადაგში იმდენივე ნახშირბადია დასაწყობებული, რამდენიც მთლიანად ცოცხალ ბიომასაში. ამ ტერიტორიების დაშრობამ, დაწვამ და ა.შ. კი, შესაძლოა, მარაგის ატმოსფეროში გაფრქვევა გამოიწვიოს.

ის, თუ როგორ ინარჩუნებენ ქალწული ტყეები მიკროკლიმატს ხის ფერმებზე უკეთ, რა გავლენას ახდენენ ჭიაყელები ნიადაგის მელანოტროფების პოპულაციაზე, ვეშაპების გავლენა ოკეანეში საკვები ნივთიერებების გადატანასა და პლანქტონის ბიომასებზე, და ა.შ. ის ასპექტებია, რისი გათვალისწინებაც კლიმატის მოდელებში საკმაოდ რთულია. მეთოდური კვლევების გარეშე ასევე არაა ადვილი იმის გარკვევა, თუ რა როლს ასრულებს ეს ყველაფერი სტაბილური კლიმატის შენარჩუნებაში. თუმცა, ეს ოდნავადაც არ ამცირებს მათ მნიშვნელობას. მეტიც, აქედან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენი პერსპექტივიდან მოაქვს თუ არა რაიმე ცოცხალ ორგანიზმს სარგებელი, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია პრიორიტეტი უნდა იყოს როგორც კლიმატის ცვლილების შესანელებლად, ასევე საკუთარი კეთილდღეობისთვისაც.

უნდა ითქვას, რომ ჰაბიტატების განადგურებამ, დაბინძურებამ, ჭაობების დაშრობამ, გადაჭარბებულმა თევზრეწვამ, მტაცებლების განადგურებამ, და ა.შ. ისეთი პირობები შექმნა, რაც სიცოცხლის თვით-რეგულირების უნარს აქვეითებს. თუმცა, როგორც ამბობენ, ალბათ აქაც გვექნება კიდევ ერთი, უკანასკნელი შანსი.

გეოინჟინერია გადაგვარჩენს?

თუ მხოლოდ გადარჩენაზე მიდგა საქმე, ალბათ კი, ნაწილს გადაგვარჩენს, ნაწილს — ვერა. ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლამ თითქოს გადაფარა ყველა ის ასპექტი, რისთვისაც გარემოსდამცველები იბრძვიან. დღის წესრიგში სათბურის აირების ემისიების შემცირება დადგა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციამ, ტყეების აღდგენამ, ნარჩენების შემცირებამ და ა.შ. გარკვეულწილად დაკარგა საზოგადოების ყურადღება.

ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ტექნოლოგიური სიახლეები იყოს, რადგან ხშირად გვპირდებიან გეოინჟინერიით პრობლემის გადაწყვეტას. მაგალითად, თუ ნახშირბადის დამჭერებით ატმოსფეროდან ამ სათბურის აირის დასაწყობებას შევძლებთ, და თუ ხეებში ფოტოსინთეზების ეფექტიანობას ხელოვნურად გავზრდით, მაშინ რაღაში გვჭირდება ბუნებრივი მცენარეული საფარი? რაში გვჭირდება ამაზონის ტყეები, თუ შეგვიძლია დრონებით ხეები უდაბნოებშიც კი დავრგოთ? რად გვინდა ყინულის საფარი, თუ სტრატოსფეროში სულფატის აეროზოლებს გავუშვებთ და ამით დედამიწის ალბედოს ხელოვნურად გავზრდით? ან თუ ოკეანეებში რკინის ოქსიდს ჩავუშვებთ და მის ნახშირბადის შთანთქმის უნარს გავაძლიერებთ?

ტბა კუიტსეოს ფსკერი დაშრობის შემდეგ.

ტბა კუიტსეოს ფსკერი დაშრობის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს აშშ-ის სტარტაპმა Make Sunsets მექსიკაში ატმოსფეროში სულფატის დიოქსიდით გაჯერებული ბუშტები ავტორიზაციის გარეშე გაუშვა, მექსიკის მთავრობამ მზის გეოინჟინრული პროექტები აკრძალა.

ფოტო: Brian Overcast

საქმე იმაშია, რომ, გეოინჟინერიის უარყოფითი მხარეები საკმარისად შესწავლილი არაა და, შესაძლოა, გაუმჯობესების ნაცვლად, პირიქით, გავამწვავოთ პრობლემა. მაგალითად, თუ ატმოსფეროში სულფატის აეროზოლს გავუშვებთ, ამან, შესაძლოა, ტემპერატურა სასურველზე მეტად შეამციროს, პროცესის შეწყვეტა კი სწრაფ დათბობას გამოიწვევს. თუ აეროზოლის გაშვებასთან ერთად პარალელურად არ დავიწყებთ სათბურის აირების ემისიის შემცირებას და ეკოსისტემების აღდგენას, მაშინ ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება.

დამატებით, სულფატი ოზონის შრის აღდგენას ან შეამცირებს, ან პირიქით, მის დაშლას შეუწყობს ხელს. აეროზოლმა, შესაძლოა, ასევე შეამციროს ნალექიანობა, დედამიწაზე მოსული ნალექი კი უფრო მაღალი მჟავიანობის იქნება. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ის შედეგებია, რომლის პროგნოზირებაც მეცნიერებმა შეძლეს. იმ ეფექტებზე აღარაფერს ვამბობ, რაც ამ მეთოდმა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობასა და ბიომრავალფეროვნებაზე იქონიოს.

ნახშირბადის შთამნთქმელი მანქანა. შვეიცარია, ციურიხი

ნახშირბადის შთამნთქმელი მანქანა. შვეიცარია, ციურიხი

ფოტო: Gaetan Bally/Keystone/Redux

თუ პრობლემის გადასაჭრელად ასეთ გზებს მივმართავთ, ეს მხოლოდ ხელს შეგვიწყობს გარემოს ექსპლუატაციასა და არა ეკო-მეგობრული პრაქტიკების დანერგვაში. სულფატის აეროზოლებისა და ნახშირბადის შთამნთქმელი მანქანების იმედად, ისევ გავაგრძელებთ გაუტყეურებას, ენერგიის ჭარბ მოხმარებას, ბიომრავალფეროვნების განადგურებას და ა.შ.

გეოინჟინერიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ტექნოლოგიების საშუალებით უამრავი პრობლემის გადაჭრა შეიძლება, თუმცა ეს გადაჭრები არ უნდა იყოს გამარტივებული და არ უნდა გვეგონოს, რომ მთელ პლანეტაზე მდგომარეობას ერთი-ორი სტანდარტული მეთოდით გამოყენებით გამოვასწორებთ. არამედ, ეს მეთოდები თითოეულ ეკოსისტემაზე უნდა იყოს მორგებული.

ვეგანური დიეტა ნუ გაგაღიზიანებთ

ინდივიდუალურ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის არაერთი გზა არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ვეგანურ დიეტაზე გადასვლაა. კიდევ ერთმა ახალმა კვლევამ, რომელიც 55 000 ადამიანზე ჩატარდა, 119 სხვადასხვა ქვეყნის 38 000 ფერმის მონაცემებზე დაყრდნობით აჩვენა, რომ ვეგანურ კვების სტილზე გადასვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ემისიებს, წყლის დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების განადგურებას, წყლისა და მიწის რესურსების მოხმარებას და ა.შ.

ასევე იხილეთ: ვეგანური დიეტა პლანეტისთვის მართლაც უფრო სასარგებლოა — მასშტაბური კვლევა

ამაზე ალბათ იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით რაც ამ სტატიაში უკვე მოგიყევით, და ამაშიც. თუ ფიქრობთ, რომ სათბურის აირები ავოკადოების ტრანსპორტირების დროსაც გამოიყოფა, პასუხი თქვენთვისაც მზად მაქვს.

ფოტო: Engin Ayyildiz

ჯერჯერობით დამაიმედებელს მეტს ვერაფერს გეტყვით, ამიტომ მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი მაღალი ტემპერატურებისგან:

  • თან ატარეთ წყლის ბოთლი (პლასტმასის არა!) და ხშირად დალიეთ წყალი;
  • ეცადეთ, დარჩეთ ჩრდილში, შენობაში ყოფნისას ფარდები ჩამოაფარეთ, მიიღეთ ცივი შხაპი და ღია ფერის ბუნებრივი ქსოვილებით შეიმოსეთ.
  • ეცადეთ, სახლიდან გასვლა და ფიზიკური აქტივობა დღის ყველაზე გრილ პერიოდში დაგეგმოთ;
  • სახლს ქუდისა და მზისგან დამცავის გარეშე ნუ დატოვებთ;
  • მოიკითხეთ ახლობლები, განსაკუთრებით კი მოხუცები, ბავშვები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები.

წლევანდელი COP28-დან, ალბათ, არაფერი გამოვა, თუმცა, იმედია, მომავალი წლიდან მაინც დავინახავთ ქმედით ნაბიჯებს, რაც საბოლოოდ დედამიწაზე ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენაში, ემისიების შემცირებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში დაგვეხმარება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ