ბნელი მატერია, შესაძლოა, არ არსებობდეს? — ფიზიკოსების ნაწილი მხარს გრავიტაციის სხვა თეორიას უჭერს
მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის მოდელირება ნიუტონის კანონების გამოყენებით მაღალი სიზუსტითაა შესაძლებელი. თუმცა, ადრეულ 1970-იან წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს კანონები სპირალური გალაქტიკებისთვის ბოლომდე სამართლიანი არაა. ვარსკვლავები, რომლებიც გალაქტიკის კიდეებში, გალაქტიკის მასათა ცენტრიდან შორსაა განლაგებული, ბევრად სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე ეს ნიუტონის თეორიით იწინასწარმეტყველეს.
ამის ასახსნელად, ფიზიკოსებმა უხილავი მატერია — ბნელი მატერია შემოგვთავაზეს, რომელიც დამატებით გრავიტაციულ ძალაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი და, შესაბამისად, სწორედ ის უნდა იწვევდეს ვარსკვლავების აჩქარებას. თუმცა, ცოტა ხნის წინ ფიზიკოსთა გუნდმა მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, უდიდეს მასშტაბებზე ჩატარებულ დაკვირვებებს, რამაც მეცნიერები ბნელი მატერიის კონცეფციის შემოღებამდე მიიყვანა, სინამდვილეში ბევრად უფრო კარგად აიხსნება გრავიტაციის ალტერნატიული თეორიით, რომელსაც მილგრომიანის დინამიკა, ან Mond (Modified Newtonian Dynamics) ეწოდება და მის დასამტკიცებლად ბნელი მატერიის შემოღება საჭირო არაა. თეორია პირველად ისრაელში მოღვაწე ფიზიკოსმა, მორდეჰაი მილგრომმა 1982 წელს შემოგვთავაზა.
Mond-ის მთავარი პოსტულატის მიხედვით, შედარებით სუსტი გრავიტაციული ძალის გამო, დაახლოებით 150 გალაქტიკის კიდეზე ვარსკვლავების, პლანეტებისა და აირის სიჩქარე ნიუტონის ფიზიკის კანონებით გამოთვლილ მაჩვენებელს არ შეესაბამება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Mond არამხოლოდ ასეთ მოძრაობებს ხსნის, იგი წინასწარაც განსაზღვრავს მათ.
მეცნიერების ფილოსოფოსების თქმით, აღნიშნული წინასწარმეტყველების უნარი Mond-ს სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელზე მაღლა აყენებს. როგორც აღვნიშნეთ, სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის მიხედვით, სამყაროში ბნელი მატერიის რაოდენობა ბევრად აღემატება ხილული მატერიისას და გალაქტიკაში ბნელი მატერიის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩამოყალიბდა იგი. რა თქმა უნდა, მეცნიერებმა ყოველთვის არ იციან, თუ როგორ წარმოიშვა ესა თუ ის გალაქტიკა, რაც, სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის იმის წინასწარ განსაზღვრას, თუ როგორი სიჩქარით უნდა ბრუნავდეს იგი. სანაცვლოდ, Mond-ის მოდელში ასეთი პროგნოზები რუტინულად კეთდება და, ჯერჯერობით, არ შემცდარა.
წარმოიდგინეთ, რომ ვიცით, თუ როგორაა გალაქტიკაში განაწილებული ხილული მასა, თუმცა არ ვიცით მისი ბრუნვის სიჩქარე. სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გალაქტიკის კიდეებზე ბრუნვის სიჩქარე 100კმ/წმ-დან 300 კმ/წმ-მდე იქნება. Mond კი ბევრად უფრო მკვეთრ პროგნოზს აკეთებს, რომლის მიხედვითაც ბრუნვის სიჩქარე 180-190 კმ/წმ-ს შორის უნდა იყოს. თუ დაკვირვებების საფუძველზე სიჩქარე სინამდვილეში 188 კმ/წმ აღმოჩნდება, ცალსახად, მიღებული შედეგი ორივე თეორიას შეესაბამება, თუმცა Mond-ის პროგნოზი უფრო მიახლოებულია მიღებულ მაჩვენებელთან.
მოხსენების ავტორების თქმით, სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს ბევრი ხარვეზი აქვს, Mond-ის მოდელი კი დაკვირვებებს ხშირად ბუნებრივად, ბნელი მატერიის გარეშე ხსნის. მეცნიერებმა თავიანთი დაკვირვებების საფუძველზე განაცხადეს, რომ, სტანდარტულ მოდელთან შედარებით, მათ შედეგებს Mond-ის მოდელი უფრო შეესაბამება და ფიქრობენ, რომ ეს უკანასკნელი სრულ სურათს მეტი სიზუსტით წარმოაჩენს.
კომენტარები