გველის თუ არა ასტეროიდთან შეჯახება 2052 წელს? — მეცნიერებს პასუხი აქვთ
ასტეროიდი, სახელად 2021 QM1, მეცნიერებმა შარშან აღმოაჩინეს. მისმა ტრაექტორიამ მათი ყურადღება მაშინვე მიიპყრო, რადგან ობიექტის ორბიტის დედამიწასთან გადაკვეთის საშიშროება გამოიკვეთა. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) მას მაშინ "კაცობრიობისთვის ყველაზე საშიში ასტეროიდიც" კი უწოდა, ხოლო გამოთვლებმა შეჯახების თარიღად 2053 წლის აპრილი აჩვენა.
აღმოჩენის შემდეგ, ამ ასტრონომიულ სხეულს სხვადასხვა ტელესკოპით აანალიზებდნენ და ყოველი ახალი კვლევა ცხადყოფდა, რომ რამდენიმე ათწლეულში 2021 QM1 დედამიწასთან ზედმეტად ახლოს მოვიდოდა. 50 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდის ჩამოვარდნა დაახლოებით ისეთი ატომური ბომბის აფეთქების ეკვივალენტურია, როგორიც აშშ-მა ჰიროსიმაში ჩამოაგდო, ამიტომ სპეციალისტები მასთან დაკავშირებულ რისკებს სერიოზულად განიხილავდნენ.
რამდენიმე თვის განმავლობაში, ობიექტის შემჩნევა მზესთან სიახლოვის გამო შეუძლებელი იყო. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ხელახლა გამოჩენისას ის ძალიან მკრთალი იქნებოდა, რაც მის დანახვას გაართულებდა. სწორედ ამიტომ. მათ ატაკამის უდაბნოში განლაგებული ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) გამოყენება გადაწყვიტეს, რომელსაც 2021 QM1-ის დაფიქსირების მეტი შანსი ჰქონდა.
ამისთვის მათ ხანმოკლე ფანჯარა ჰქონდათ, თანაც ასტეროიდს ცაზე ირმის ნახტომის გალაქტიკის ფონზე უნდა გაევლო, რომელიც ძალიან ნათელი რეგიონია, ეს კი მის შემჩნევას კიდევ უფრო ართულებდა. ყველაფრის მიუხედავად ობსერვატორიის ობიექტივში 2021 QM1 მოხვდა, რომლის სიკაშკაშის მაგნიტუდაც 27 იყო. შედარებისთვის, მზის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი -27-ია (რაც უფრო ნაკლებია რიცხვი, მით მეტია სიკაშკაშე).
ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა 2021 QM1-თან შეჯახების საფრთხე საბოლოოდ გამორიცხეს, რადგან მისი ორბიტა უფრო დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის ჩვენს პლანეტასთან არ გადაიკვეთება.
ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
კომენტარები