ჯანმრთელობას უჩივი? — მიიღე 10 რჩევა REDMED-ის ექიმებისგან
ადამიანის სხეული ერთგვარი მექანიზმია, რომელიც ორგანიზმში წარმოქმნილ პრობლემებს ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებლად აგვარებს ისე, რომ ჩვენ ვერაფერს ვიგებთ. ამის მიუხედავად, ის, სამწუხაროდ, ყოვლისშემძლე არაა, რის გამოც ზოგიერთ დაავადებას, ვირუსსა თუ ინფექციას ვერ ერევა.
სამაგიეროდ, ჩვენს ხელში მისი უდიდებულესობა მედიცინაა, ათასობით წლის განმავლობაში შეგროვებული ცოდნა, რომელსაც ექიმები ადამიანთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად იყენებენ. ამ სტატიაში სწორედ სპეციალისტთა 10 ზოგად რჩევას გთავაზობთ, რომელიც ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
1. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი
ალბათ, აქამდეც ხშირად გსმენიათ, რომ წყალი თქვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი როლი იმდენად დიდია, რომ ადამიანს ამ ჯადოსნური სითხის გარეშე სიცოცხლე 3 დღეზე მეტხანს არ შეუძლია. იმისათვის, რომ სხეული დეჰიდრატაციისგან დაიცვათ, სასურველია, ყოველდღიურად საშუალოდ 2 ლიტრი წყალი დალიოთ.
ამის აუცილებლობაში დასარწმუნებლად გეტყვით, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 60 პროცენტი სწორედ წყლისგან შედგება, შესაბამისად, მისი დანაკლისი ყველა ორგანოზე უარყოფითად აისახება. ის საჭიროა ნერწყვისა და ლორწოვანი გარსის წარმოსაქმნელად, სხეულში ჟანგბადის გადასატანად, კანის სიჯანსაღისთვის, თავისა და ზურგის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ტემპერატურისა და სისხლის წნევის დარეგულირებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და თირკმელების მუშაობისთვის, განავლის ან ოფლის სახით ნარჩენი ნივთიერებების გამოდევნისთვის, ფილტვებში ჰაერის თავისუფლად მოძრაობისთვის, წონის კონტროლისთვის და სხვა.
2. იკვებეთ ჯანსაღად
საჭმელი, რომელსაც მიირთმევთ, ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს წარმართავს, ამიტომ მასზე მთელი მეტაბოლიზმია დამოკიდებული. REDMED-ის ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი და გასტროენტეროლოგი გირჩევთ, რომ ჯანსაღად იკვებოთ, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი დაავადებები, როგორიც, მაგალითად, დიაბეტია.
კარგი იქნება, თუ არჩევანს ცოცხალ ხილზე, ბოსტნეულზე, ბოჭკოებს, ცილების, ჯანსაღი ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებზე შეაჩერებთ. სასარგებლოა მთლიანი მარცვლეული, რძის ნაწარმი (თუ ლაქტოზის აუტანლობა არ გაქვთ), თევზი, თხილეული და ა.შ. მოერიდეთ შაქარს, დამუშავებულ მარცვლეულს/ნახშირწყლებს, საკონდიტრო ნაწარმს, ტრანს ცხიმებს, წითელ ხორცს და ა.შ.
3. ჩაიტარეთ ვაქცინაცია
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ვაქცინაცია უამრავი სერიოზული დაავადებისგან გვიცავს. ამან საუკუნეების განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რადგან ზოგიერთი ვირუსის წინააღმდეგ, როგორიც ცოფია, უბრალოდ უძლურნი ვართ. იმუნიზაციის მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიამაც დაგვანახა. აქედან გამომდინარე, ინფექციოლოგები გირჩევენ, რომ ყველანაირი საჭირო ვაქცინა აუცილებლად გაიკეთოთ.
გაითვალისწინეთ, რომ აცრა ხშირ შემთხვევაში ინფექციასთან შეწინააღმდეგების ან მისი პრევენციის ერთადერთი საშუალებაა. ამ დროს ჩვენი იმუნური სისტემა პათოგენის გასანადგურებლად ანტისხეულებს გამოიმუშავებს და გვაძლიერებს, რათა "თავდამსხმელებს" მზადყოფნაში დავხვდეთ.
4. გაიკეთეთ სისხლის ანალიზი
სისხლის საერთო ანალიზს ბევრი დაავადების გამოვლენა შეუძლია, რადგან ჩვენს სხეულში მიმდინარე პროცესები მის შემადგენლობაზე პირდაპირ აისახება. ის ინფორმაციას გვაძლევს ანემიის, ლეიკემიის, დიაბეტის, ანთებისა და სხვა დარღვევების შესახებ, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
ჰემატოლოგთა მიერ რეკომენდებულია, რომ პრევენციის მიზნით სისხლის ანალიზი 2-3 წელში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ. ასევე, მაშინ, თუ სისუსტე, დაღლილობა, ტემპერატურის მატება, სისხლდენა და მსგავსი საეჭვო სიმპტომები გაწუხებთ. REDMED საშუალებას გაძლევთ, რომ ეს სახლიდან გაუსვლელად გააკეთოთ, რისთვისაც საკმარისია, საიტზე სასურველი ანალიზები აირჩიოთ და ვიზიტი დაჯავშნოთ. ამის შემდეგ სპეციალისტები ბინაში მოგაკითხავენ და სისხლის ნიმუშს აგიღებენ.
5. ჩაიტარეთ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
ონკოლოგები ზრდასრულ ქალებს პერიოდულად ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებას ურჩევენ, პირველს 40 წლიდან, მეორეს კი 25 წლიდან. მოგეხსენებათ, ამ დაავადების ნიშნები ხშირად საკმაოდ გვიან იჩენს თავს, რაც მის მკურნალობას ართულებს, ამიტომ ადრეული დიაგნოსტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სიმსივნის დროული ამოცნობა გვეხმარება, რომ მავნე უჯრედებს უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ და მათი გავრცელება შევაჩეროთ მანამდე, სანამ სიმპტომები თვალშისაცემი გახდება. ჩაეწერეთ კლინიკაში დისტანციურად REDMED-ის მეშვეობით, რომელიც მრავალი სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის მომსახურებას გთავაზობთ. აქ ყველაფერია, რაც ვიზიტის მარტივად გასაფორმებლად გჭირდებათ.
6. გაესინჯეთ სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე
დაუცველი სექსი ისეთი ინფექციების გადადების საფრთხეს შეიცავს, როგორიც, მაგალითად, პაპილომავირუსი და შიდსია. პათოგენები შესაძლოა, სხეულში ინკუბაციის პერიოდში საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდეს და მთელი ამ დროის განმავლობაში შეუმჩნევლად რჩებოდეს, თუმცა ოდესმე სიმპტომები აუცილებლად გამოვლინდება.
მსგავსი დაავადებები საკმაოდ საშიშია, რადგან არაა გამორიცხული, რომ სიმსივნური წარმონაქმნების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამის გათვალისწინებით, გინეკოლოგებისა და უროლოგების რეკომენდაციაა, რომ სქესობრივად აქტიურმა ადამიანებმა ამგვარ ინფექციებზე ტესტირება გარკვეულ პერიოდში ერთხელ ჩაიტარონ, რათა საკუთარი და პარტნიორის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენონ.
7. გამოიკვლიეთ პროსტატა
თუ ქალების შემთხვევაში ყურადღება ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგს ექცევა, კაცებში მთავარ ადგილს პროსტატის გამოკვლევა იკავებს. მისი კიბო კაცებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში ვითარდება. სკრინინგი სწორედ ამ ასაკიდან უნდა დაიწყოთ.
შეგიძლიათ, ამ სასქესო ჯირკვლის შემოწმება უროლოგს მიანდოთ. აქვე, უნდა ითქვას, რომ მსგავსი პრობლემის გაჩენის პირველ ეტაპზე პაციენტს დამოუკიდებლად ცვლილების შემჩნევა გაუჭირდება, რაც პერიოდული შემოწმებების გადამწყვეტ როლს კიდევ ერთხელ გამოკვეთს.
8. ყური დაუგდეთ გულისცემას
გული ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და, ამავდროულად, ძლიერი კუნთოვანი ორგანოა, რომელზეც წარმოუდგენლად ბევრი რამაა დამოკიდებული. ის სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფს, რასაც მისი გადატუმბვის გზით ახერხებს. ის რომ არა, ქსოვილები ჟანგბადითა და სასარგებლო ნივთიერებებით ვერ გამდიდრდებოდა, ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები კი ვერ გამოიდევნებოდა.
კარდიოლოგები გირჩევენ, რომ საკუთარ გულისცემას მოუსმინოთ და პულსაციის რითმის დარღვევის, აჩქარების, ფრიალის შეგრძნებისა თუ ნებისმიერი სხვა პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოთ ექიმს. შესაძლოა, ზოგიერთი სიმპტომი უშუალოდ გულთან სულაც არ იყოს დაკავშირებული, რის გარკვევაშიც სპეციალისტი დაგეხმარებათ. მას შეგიძლიათ REDMED-ის მეშვეობით დაუკავშირდეთ და პირდაპირ სახლში გამოიძახოთ ან სატელეფონო თუ ვიდეოზარით გაესაუბროთ.
9. იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე
იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის კარგად ყოფნაში ფიზიკურის გარდა, მენტალური მდგომარეობაც უდიდეს როლს ასრულებს, მას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ფსიქოლოგიური ტრავმისგან და სტრესისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და თავს ამ მხრივაც გაუფრთხილდეთ.
თუმცა, ისეც ხდება, რომ დეპრესიას, შფოთვასა თუ პანიკას დამოუკიდებლად ვერ ვუმკლავდებით და პროფესიონალის დახმარებას ვსაჭიროებთ. ასეთ შემთხვევაში, მასთან ვიზიტი არ გადადოთ, რათა მენტალური ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. თუ ვიზიტი თქვენთვის რაიმე პრობლემასთანაა დაკავშირებული, REDMED ონლაინ კონსულტაციის სერვისსაც გთავაზობთ.
10. მიმართეთ ტელემედიცინას
ბევრი ჩვენგანისთვის ექიმთან ვიზიტი გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, რასაც სხვადასხვა ბიუროკრატიული, ფინანსური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებს. საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში, სადაც თითქმის ყველა სფეროს ციფრული ალტერნატივა არსებობს, გამონაკლისი არც მედიცინაა.
ტელემედიცინა, ესაა შესაძლებლობა, რომ ექიმთან კონსულტაცია რიგში დგომის, ლოდინისა და სახლიდან გასვლის გარეშე გაიაროთ. პანდემიამ ის მეტად პოპულარული გახადა და ამ მეთოდს უკვე მოსახლეობის დიდი ნაწილი მიმართავს. თუ თქვენ ჯერ მათ რიცხვში არ ხართ, გირჩევთ, დაფიქრდეთ. გახსოვდეთ, რომ კვლევების თანახმად, პაციენტების მიმართვიანობის შემთხვევების 60 პროცენტი კლინიკაში ფიზიკურ გასინჯვას არ საჭიროებს, ამიტომ შეგიძლიათ, დისტანციური მომსახურებით ისარგებლოთ.
სტატიას წარმოგიდგენთ REDMED — სამედიცინო სერვისების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც პაციენტს სასურველ ექიმთან მოსახერხებელ დროსა და ადგილას, მარტივად აკავშირებს. უკვე 2 წელია, REDMED-ით სამედიცინო სერვისების მიღება უფრო მარტივი და კომფორტულია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს ჯანდაცვის სისტემის თანმდევ ბიუროკრატიულ სირთულეებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
სამედიცინო სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც ვებგვერდზე, ასევე, აპლიკაციის გამოყენებით, საიდანაც წვდომა გექნებათ 25 სპეციალობის 300-მდე ექიმზე, ლაბორატორიაზე, კლინიკაში ჩაწერაზე, აფთიაქსა და ექიმის სახლში გამოძახებაზე.
კომენტარები