დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოში — გამოცდილება, გამოწვევები და კონკურსი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მონეტის ორი მხარე — ინფორმაცია და დეზინფორმაცია

ამბავი იწყება ასე — ხელში იღებთ სმარტფონს, ან ხსნით ლეპტოპს და სოციალურ ქსელს მიაშურებთ. თანამედროვე ადამიანს არ უნდა სიახლე გამოეპაროს, რადგან მისი გადაწყვეტილებები, დამოკიდებულებები, ყოველდღიურობა სწორედ იმ ინფორმაციაზეა დამოკიდებული, რომელსაც უკვე ყოველდღიურად, ამდენად დიდი დოზით ისრუტავს. არასდროს იცი რა დაგხვდება სოციალურ ქსელში და ჰო, ინტერნეტში შესვლა ყოველ ჯერზე მონეტის აგდებას ჰგავს. თუ გაგიმართლებს სწორ ინფორმაციას იღებ, ხოლო თუ არ გაგიმართლებს დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდები. მსხვერპლი ზუსტი სიტყვაა, რადგან კი, დეზინფორმაცია მიზანმიმართულად იქმნება და მასზე მომუშავე ადამიანების ამოცანა ჩვენი ემოციებით მანიპულირება, კონფლიქტების გაღვივება, ჯანსაღი საზოგადოებრივი პროცესების ხელშეშლა, ხანდახან კი სულაც ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხის შექმნაც კია.

როგორ მონეტას აქვს ორი მხარე, ყველა ამბავს ჰყავს გმირი და ანტიგმირი. თუ ერთი მხრივ დეზინფორმაციის შემქმნელი ჯგუფები მუშაობენ მასების მანიპულირებისა და საზიანო ნარატივების დასანერგად/წასახალისებლად, მეორე მხრივ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც დეზინფორმაციის შემქმნელთა ქსელების იდენტიფიცირებას ახერხებენ და ყოველდღიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ინტერნეტში შესვლისას სულ უფრო ნაკლები ადამიანი იქცეს მსხვერპლად.

საქართველოში არაერთი ასეთი ორგანიზაცია მოღვაწეობს და მუშაობის პროცესში ისინი ადამიანურ რესურსთან ერთად არაერთ ტექნოლოგიურ პროდუქტს იყენებენ. რადგან დიახ, დეზინფორმაციის მასშტაბები ძალიან დიდია და ამ საქმეში ტექნოლოგიების, ხშირ შემთხვევაში კი ხელოვნური ინტელექტის ჩართვაც საჭიროა. მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ ადამიანთა მედიაწიგნიერებაზე ზრუნვას, იმისათვის რომ რიგ სიტუაციებში დამოუკიდებლადაც შეგვეძლოს ყალბი ამბების იდენტიფიცირება და მათგან მომდგარი შესაძლო ზიანის თავიდან აცილება.

ფოტო: NPR

მსოფლიოს მასშტაბით, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად არაერთი ტექნოლოგიური ხელსაწყო არსებობს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ყველაფერს ენა ართულებს. ქართულ ენაზე ზედმეტად ცოტა ადამიანი საუბრობს მსოფლიოში იმისათვის, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (მაგალითად, Google), ყალბი ამბების ამოსაცნობად ქართულენოვანი ხელსაწყოები შექმნან.

სწორედ ამიტომ, დეზინფორმაციასთან მებრძოლი კომპანიები ცდილობენ ქართულ სტარტაპებთან თანამშრომლობას, იმისათვის, რომ ეს დანაკლისი შეივსოს. ასე მაგალითად, 2021 წელს Zinc Network-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული სამი პროექტი უკვე ეხმარება ორგანიზაციებს ქართულენოვან დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად. თუმცა, კიბერსამყარო დღითიდღე ვითარდება, დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფები კი ახალ არხებს პოულობენ, სადაც მათი კონტროლი რთული ხდება.

დეზინფორმაციის მკვლევრები და ტექნოლოგიები

ფოტო: Fast Company

საქართველოში არაერთი ადამიანი იკვლევს დეზინფორმაციას. ცოდნის, გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარების მიზნით კი ისინი დროდადრო საინფორმაციო შეხვედრებს აწყობენ. ერთ-ერთი ასეთი 23 ივნისს, USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind Tbilisi Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე არაერთი მნიშვნელოვანი აქცენტი მოვისმინეთ და მეტიც, სოციალური ქსელების ფუნქციონირებას სხვა თვალითაც კი შევხედეთ. რა გზას გადის ინფორმაცია, სანამ ჩვენამდე მოაღწევს და როგორ შიფრავენ დეზინფორმაციის მანქანას? რა ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს იყენებენ მკვლევრები? საიდან იღებს სათავეს ამ მომენტისთვის ყველაზე აქტუალური და პრობლემური აზრი, თითქოს ევროპას ჩვენი ომში ჩათრევა უნდა? ღონისძიების განმავლობაში ამ და სხვა კითხვებზე პასუხი მივიღეთ უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან.

"დეზინფორმაციასთან ბრძოლა დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რათა ფაქტების გადამოწმება, გამოძიება თუ კვლევა შედგეს. იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში მეტად ეფექტური და მდგრადი ვიყოთ, გვჯერა, რომ აუცილებელია დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ცოდნისა და გამოცდილების ტექნოლოგიებთან შერწყმა. მსგავსი ღონისძიებები საშუალებას აძლევს ტექნოლოგიურ სტარტაპებს, რომ გაეცნონ, რა გამოწვევებია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით, რა როლი შეიძლება შეასრულოს ტექნოლოგიების ინდუსტრიამ ამ სფეროში, როგორი ტექნოლოგიური გადაწყვეტის მოფიქრებაა შესაძლებელი და რა ტრენდებია ამ კუთხით", — აღნიშნა ანა აბზიანიძემ, Zinc Network-ის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

ღონისძიების პირველი გამომსვლელი უილიამ დუნბარი იყო, USAID Information Integrity Program-ის დირექტორის მოადგილე, წარსულში კი ჟურნალისტი, მკვლევარი და კონსულტანტი. მან ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებას სდევს თან. განსაკუთრებით კი აღნიშნა ის პრორუსული ნარატივები, რომელთა გავრცელებასაც ჯერ კიდევ ასე წარმატებით ახერხებენ ისეთი წყაროები, როგორიცაა "ალტ-ინფო", "ობიექტივი" და ა.შ. მან აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია საქართველოს დასავლურ კურსს ეჭვქვეშ წინაშე აყენებს, შესაბამისად კი, ქვეყნის მომავალს უქმნის საფრთხეს.

ფოტო: The Atlantic

უილიამის თქმით, საქართველოში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად სამი საშუალება გვაქვს:

  1. მედიაწიგნიერება: ყალბი ნარატივების საფუძველშივე ჩახშობა, სანამ მათ გავრცელებას შეძლებენ, გამჭვირვალობის გაზრდა და აუდიტორიის დახმარება, რათა მათ ყალბი ამბების იდენტიფიცირება დამოუკიდებლადაც შეძლონ;
  2. მთელი საზოგადოების მიდგომა: კოალიციების შექმნა, კერძო სექტორის, მათ შორის ტექნოლოგიური კომპანიების ჩართვა;
  3. დეზინფორმაციის გავრცელების ხარჯის გაზრდა: მათი ქსელების/პლატფორმების მწყობრიდან გამოყვანა, რეპუტაციული, კანონიერი თუ ფინანსური პრობლემების შექმნა.

ფოტო: კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

ამ მიზნების მისაღწევად და დეზინფორმაციასთან საბრძოლველი ყველა გზის მოსასინჯად Zink Network წელს კიდევ ერთ კონკურსს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიებს დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ინსტრუმენტების შექმნა მოუწევთ. ამაზე ქვემოთ უფრო ვრცლად მოგიყვებით.

მანამდე კი ღონისძიების კიდევ ერთ გამომსვლელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება — დავით ნაროუშვილი დეპლატფორმიზაციაზე გვესაუბრა. დავითი GRASS-ის მკვლევარი/პროექტის მენეჯერია. მან მიმოიხილა ორგანიზაციის გამოცდილება დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით და გვაჩვენა რამდენიმე პლატფორმა/ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც გუნდი მიზნის მიღწევას ახერხებს. ასეთია, მაგალითად Crowdtangle, რომელიც Facebook-ის პროდუქტია. გუნდი 2020 წლიდან Facebook-ის პარტნიორია საქართველოში, შესაბამისად, სოციალურ ქსელში ყალბი ამბების გამავრცელებელი გვერდების დაბლოკვა მათ სახელსაც უკავშირდება. რამდენიმე წარმატებულ ქეისზე საუბრის შემდეგ დავითმა ის გამოწვევებიც გაგვიზიარა, რომლის წინაშეც ორგანიზაცია დგას. მაგალითად, რთული და თითქმის შეუძლებელია ისეთი პლატფორმების მონიტორინგი, რომლებიც დაშიფრული კომუნიკაციის გზას (End-to-end encryprtion) იყენებენ. ის ხელსაწყოები, რომლებიც დეზინფორმაციის მონიტორინგისთვისაა შექმნილი, არ მუშაობენ ასეთ პლატფორმებზე. ასევე, ვერაფრით კონტროლდება რუსული სოციალური ქსელი "ვ კონტაქტე", რომელშიც პრორუსულმა "ალტ ინფომ" ფეისბუქიდან და იუთუბიდან გადაინაცვლა.

ორგანიზაცია მოელის, რომ მომავალში (და თუნდაც მიმდინარე კონკურსის ფარგლებში) შეიქმნება ისეთი ხელსაწყოები, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე ერთდროულად იმუშავებს და ადამიანისთვის ფიზიკურად შეუძლებელი მოცულობის სამუშაოს შეასრულებს.

"ჩვენი პრიორიტეტია, დეზინფორმაციის შექმნის პროცესი ძალიან ძვირი გავხადოთ [...] სხვა მხრივ კი, უნდა ითქვას, რომ დეზინფორმაციასთან საბრძოლველი ხელსაწყოები არ არის მხოლოდ სოციალური მნიშვნელობის პროდუქტები. ეს საკმაოდ დიდი ბიზნეს შესაძლებლობაცაა. Crowdtangle რომ ავიღოთ, ის ახლა ის მაღალი ღირებულების კომპანიაა, მას შემდეგ რაც ის Facebook-მა იყიდა [...]. უნდა აღვნიშნო, რომ ხელოვნური ინტელექტი არის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მომავალი, რადგან დეზინფორმაცია იმდენად დიდად და გავლენიანად იქცევა, რომ უკვე შეუძლებელია მასთან ბრძოლა სათანადო AI ხელსაწყოების გარეშე", — თქვა დავით ნაროუშვილმა.

ფოტო: კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

ISFED-ის მკვლევარმა, ნინი გვალიამ კი აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის აქტორთა მოქმედების შედეგად ვიღებთ დეზორიენტირებულ, დაბნეულ და დისორგანიზებულ საზოგადოებას, რომელსაც ფაქტობრივად, წართმეული აქვს არჩევანის თავისუფლება. ISFED-ის გუნდი საარჩევნო პროცესების მონიტორინგითაა დაკავებული და ასევე იკვლევს დეზინფორმაციას, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური სწორედ რომ წინასაარჩევნო პროცესებისას ხდება. ნინიმ გვაჩვენა რამდენიმე ხელსაწყო, რომელსაც ამ ეტაპზე დეზინფორმაციასთან საბრძოლველად იყენებენ. ესენია: Fact-a-lyzer, Crowdtangle, Ad Library, analisa.io, TGStat და ასევე, ISFED-ის მიერ შექმნილი პლატფორმა Disinfoobserver, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებელ ჯგუფებს უყრის თავს.

ნინი გვალიას თქმით, აქამდე დეზინფორმაციასთან გამკლავებას ისეთ პლატფორმებზე ცდილობდნენ, როგორიცაა Facebook, YouTube. თუმცა, ბოლო პერიოდის ტენდენციები აჩვენებს, რომ ყურადსაღებია TikTok-ის პოპულარობა საქართველოში. IRI-ის კვლევის თანახმად, თუ 2021 წელს TikTok-ს საქართველოს მოსახლეობის 3% მოიხმარდა, 2022 წლისთვის მათი რიცხვი 13%-მდეა გაზრდილი. თუმცა, არ არსებობს ქართულენოვანი ხელსაწყო, რომელიც ამ სწრაფად მზარდ პლატფორმაზე დეზინფორმაციის მონიტორინგს გახდიდა შესაძლებელს. სხვა პლატფორმებზე, მაგალითად Telegram კი დგას ეთიკურობის საკითხიც. რამდენად მისაღებია დაშიფრულ პლატფორმაზე ადამიანთა იდენტიფიცირებაზე მუშაობა? როგორ გამოვავლინოთ დეზინფორმაციის ქსელები მაშინ, როცა ახალი წესები პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებენ? ეს ის კითხვებია, რომელსაც ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, საკუთარი პროდუქტებით უნდა გასცენ პასუხი. მანამდე კი, ნინი გვალია ამბობს, რომ:

"დეზინფორმაციის აქტორები იზრდებიან სხვადასხვა პლატფორმაზე. ისინი ძალიან წარმატებულად ერთვებიან ფეისბუქიდან სხვა პლატფორმებზე. თვითონ ფეისბუქზე კი ჩვენი გამოწვევაა იმის გაგება, თუ როგორ დავაკვირდეთ ჯგუფებს, პოსტების გაზიარებებსა თუ კომენტარებს, რომლებიც იწერება ამ პოსტებზე. სხვა ქვეყნებსაც არ აქვთ კარგი გამოცდილება ამ კუთხით, მცდელობები არსებობს, თუმცა მაინც, ეს არის ისეთი რამ, რასაც პროცესში ვსწავლობთ და მოვისმენდით შემოთავაზებებსა და იდეებს, თუ როგორ მოვახერხოთ ტიკტოკისა თუ ტელეგრამის მონიტორინგი უფრო წარმატებულად".

ფოტო: კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

ღონისძიებაზე საერთაშორისო გამოცდილებაც გაგვიზიარეს და მეტიც, გამოცდილება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში დაგროვდა. ამერიკული კომპანია FilterLabs.AI-ის დამფუძნებელმა და CEO-მ, ჯონათან ტეუბნერმა გვიამბო, როგორია ებრძოლო რუსულ პროპაგანდას, საერთაშორისო დონეზე. მან ისაუბრა პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად შექმნილი ხელსაწყოები დგანან. არსებობს ორი მიდგომა — ადამიანური და ტექნიკური. ორივე მათგანს აქვს ერთი რამ, მაგრამ აკლია მეორე. ავტომატურ გადაწყვეტებს შეუძლიათ სწრაფად მოქმედება, იქნება ეს სოციალურ მედიაში თუ მედია პლატფორმებზე, თუმცა მათით მანიპულირება ადვილია. ხოლო ადამიანურ ჩარევას შეუძლია მნიშვნელოვანი ანალიზის წარმოება, თუმცა ამას დიდი რესურსი სჭირდება და ამასთან, მათი ინტეგრაცია დროში იწელება. ამიტომ, ეს უკანასკნელი დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ ეფექტების ვერც პრევენციას ახდენს და ვერც დანერგილი საზიანო ნარატივების აღმოფხვრას ასწრებს. შესაბამისად, ბაზარზე ახალი, ინოვაციური პროდუქტის საჭიროებაა, რომელიც ამ ორ მიმართულებას დააბალანსებს და დეზინფორმაციის მკვლევრებს შეეშველება.

Zink Network-ის ინიციატივა და ქართულენოვანი ხელსაწყოები

2021 წელს Zink Network-მა კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ქართული ტექნოლოგიური კომპანიები დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების შექმნაში ჩაერთნენ. Pulsar.AI, MetaMine და wavetech.ai ის კომპანიებია, რომელთა პროდუქტებმა კონკურსში გაიმარჯვა. თითოეულმა სტარტაპმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქართულენოვანი ხელსაწყო შექმნა და 42 500 აშშ დოლარი მიიღო.

wavetech.ai-ის გადაწყვეტა — Speech to Text პლატფორმა მომხმარებელს ათასობით საათი დეზინფორმაციული ვიდეო/აუდიო სტრიმების ტრანსკრიფციაში ეხმარება, დამატებითი მოდულები კი მიღებული ტექსტის ანალიზის შესაძლებლობასაც იძლევა. MetaMine საჯარო წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვებასა და გაანალიზებაში ეხმარება მკვლევრებს, ხოლო Pulsar.AI-ის ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია ადამიანის პირადი ნომრის გამოყენებით იმის გაგება, თუ რომელ კომპანიებშია იგი დარეგისტრირებული, ვინ არიან მისი მეწილეები ამ კომპანიებში, რომელ წელს რომელი პოლიტიკური პარტიები ჰყავს დაფინანსებული და რა თანხით, რა ტენდერებში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებშია გამარჯვებული და ა.შ.

ვრცლად 2021-ში გამარჯვებული პროექტების შესახებ: ქართული ენისთვის დეზინფორმაციის აღმოჩენისა და მონიტორინგის პირველი ხელსაწყოები იქმნება

iFact-ის დირექტორი, ნინო ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების გარეშე დეზინფორმაციასთან ბრძოლა ძალიან გაჭირდებოდა, რადგან დეზინფორმაციაც ხომ ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება. უკვე ფართოდაა ცნობილი, რომ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად სხვადასხვა ხერხს იყენებენ, მაგალითად — დიფფეიქი, ფოტო მანიპულაციები. ხოლო ტექნოლოგიური ხელსაწყოები, რომლებიც სოციალური მედიის ანალიზისა თუ ყალბი ვიზუალური მასალის ამოცნობის საშუალებას იძლევა, დიდ დროს უზოგავს საგამოძიებო ჟურნალისტებსა და ფაქტჩეკერებს. ნინო ბაქრაძის თქმით, ასეთია 2021 წლის კონკურსის ფარგლებში, Pulsar.AI-ის მიერ შექმნილი პროდუქტი:

"Pulsar.AI-მ შექმნა პლატფორმა, რომელიც აგროვებს ღია მონაცემებს სხვადასხვა პლატფორმიდან და დამუშავებული ფორმით აწვდის მომხმარებელს. ეს ძალიან სასარგებლო წამოწყებაა, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის, რადგან ჩვენ გვიწევს დიდი ზომის მონაცემების დამუშავება, ბევრი ღია ბაზის შემოწმება და ამას დიდი დრო მიაქვს. Pulsar.AI-ს პლატფორმა 50%-ით მაინც ამცირებს დროს, რომელსაც ჩვენ კვლევაზე ვხარჯავთ ხოლმე".

ტექნოლოგია დეზინფორმაციის წინააღმდეგ — ახალი კონკურსი

ფოტო: HEC

USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წელს კიდევ ერთი ინოვაციური კონკურსი გამოცხადდება. კონკურსის მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაწილში იმ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავებაა, რომელზეც ზემოთ დაწვრილებით ვისაუბრეთ, უმთავრესი კი მაინც სხვადასხვა, მათ შორის დაშიფრულ პლატფორმებზე დეზინფორმაციის მონიტორინგის შესაძლებლობის შექმნაა.

"ვაპირებთ, რომ პროცესში წელსაც იმავე სულისკვეთებით ჩავერთოთ და შეჯიბრის მონაწილეებს პოტენციურ მომხმარებელთან დაკავშირებასა და იდეების დახვეწაში დავეხმაროთ. ველით სტარტაპებს და ვიმედოვნებთ, რომ ინიციატივაში არა მხოლოდ ტექნოლოგიური სტარტაპები, არამედ სტუდენტები, მკვლევრები, ჟურნალისტები ჩაერთვებიან და ერთობლივ ბრძოლას გამოვუცხადებთ დეზინფორმაციას“, — ამბობს ანა აბზიანიძე.

ინიციატივის ფარგლებში კონკურსი მალე გამოცხადდება, მასში კი ისევ ჩაერთვებიან კომპანიები, რომელთაც ქართულენოვანი ხელსაწყოების შექმნა და ამით საქართველოში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლიათ. თუმცა ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სულ მცირე ოთხად მაინც ნაწილდება: დეზინფორმაციის მკვლევრები/ორგანიზაციები, ტექნოლოგიური კომპანიები, მედია და საზოგადოება. შესაბამისად, ყალბ ამბებსა და მათ შემქმნელებს შეპირისპირებულმა ამ ყველა აქტორმა უნდა იმუშაოს, რათა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, შესაბამისად კი საზოგადოების კონსოლიდაციისთვის კიდევ უფრო შედეგიანი ნაბიჯები გადავდგათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ