ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ მთვარის შესასწავლად გაშვებულმა აპარატმა Chang'e 5 დედამიწის თანამგზავრზე წყლის კვალს იქ ჩატარებული სპექტრული ანალიზით მიაგნო, თუმცა ეს, ასევე, მის მიერ მოპოვებული და შემდეგ ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნილი ნიმუშების გამოკვლევამაც აჩვენა.

ის მთვარეზე 2020 წლის დეკემბერში დაეშვა და ზედაპირიდან გრუნტი აიღო. მალევე, "შტორმების ოკეანედ" წოდებული არეალიდან სპეციალური ხომალდი დაიძრა და მასალა დედამიწაზე ჩამოიტანა. ნიმუშების უშუალო ლაბორატორიულმა და დისტანციურმა შესწავლამ კი ერთი და იგივე შედეგი აჩვენა, ანუ წყლის არსებობა გამოავლინა,

საუბარია, ჰიდროქსილზე, რომელიც ჟანგბადისა და წყალბადის თითო ატომისგან შედგება. ის წყლის მთავარი კომპონენტია. სპეციალისტთა გამოთვლებით, ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ზედაპირის შემადგენელი ყოველი მილიონი მოლეკულიდან 30 სწორედ ჰიდროქსილზე მოდის.

ფოტო: CNSA/GRAS

ასევე, კვლევამ ცხადყო, რომ მთვარეზე არსებული წყლის დიდი ნაწილის წყარო მინერალი, სახელად აპატიტია. აღსანიშნავია ისიც, რომ მზისგან მომავალი დამუხტული ნაწილაკების მეშვეობით იქ იმაზე მცირე რაოდენობის ჰიდროქსილი ხვდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

"კვლევის შედეგები ზუსტად პასუხობს კითხვებს Chang'e 5-ის დაშვების ადგილზე არსებული წყლის წყაროსა და განაწილების შესახებ. ეს გვაძლევს დისტანციური სენსორული მონაცემების ინტერპრეტაციისა და მასზე დაფუძნებული ვარაუდების საფუძველსაც", — ამბობენ ავტორები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.