ადამიანურობის მიღმა — რას გვთავაზობს ტრანსჰუმანიზმი და როგორი იქნება ჩვენი სახეობის მომავალი
დაბერების დამარცხება, სიკვდილზე გამარჯვება, ადამიანის ტვინის ხელოვნური ინტელექტით დახვეწა, გენმოდიფიცირებული ბავშვები, ვირტუალური სამყარო — ეს ყველაფერი შეიძლება ადამიანურობის მიღმა იყოს და ელიზა ბოჰანის თქმით, კაცობრიობის მომავალი სწორედ ასეთი იქნება. რაც შეეხება შეკითხვას — როდის? ელიზა ამბობს, რომ ყველაფერი თუ სწორად გავაკეთეთ ეს 21-ე საუკუნის ბოლოსკენ მოდება.
"მომავალი ძალიან საინტერესოა, ბევრისთვის შეიძლება საშიშიც. ათი წლის შემდეგ სამყარო საკმაოდ განსხვავებული იქნება და კიდევ ათი წლის შემდეგ ეს უკვე არის სრული მოვლენების ჰორიზონტი ჩემთვის. ამ მომენტისთვის სამყარო ფუნდამენტურად განსხვავებულს ვხედავ, ბევრისთვის ეს კარგი იქნება და ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ცუდია", — ამბობს ბოჰანი.
ბოჰანი 31 წლისაა. ის სიდნეიში გაიზარდა და აქ გაატარა ბავშვობის წლები. მუშაობით ოქსფორდის უნივერსისტეტში პროექტ "კაცობრიობის მომავალზე" მუშაობს. ის სიდნეიში ოჯახის მოსანახულებლად ჩამოდის ხოლმე. ბოჰანს აქვს დაწერილი წიგნი "Future Superhuman: Our Transhuman Lives in a Make-or-Break Century."
"მე ამის მჯერა. ჩვენ ვართ საუკუნეში, რომელიც კაცობრიობის მომავალს ისე განსაზღვრავს როგორც არცერთი სხვა. საუბარია მთლიანად სახეობის მომავალზე", — ამბობს ბოჰანი.
ტრანსჰუმანიზმი არის მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს მიმართოს – ან დაასრულოს – ის რასაც ბოჰანი "რეალობის ტრაგედიებს" უწოდებს: დაბერება, ავადმყოფობა და უნებლიე სიკვდილი. ეს არის, ამბობს ის, "ფილოსოფია და პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს დახვეწას, გარდაქმნას იმად რაც ადამიანზე მეტია".
ბოჰანის თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ის გარდაქმნის ჩვენს სამყაროს — გონებას და სხეულს — და ეს ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში მოხდება. მეტიც, ბოჰანს მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია და ამის გარეშე კაცობრიობა ვერ გადარჩება, მარადიულობა სხვანაირად შეუძლებელია.
ბოჰანისთვის მარტივი წარმოსადგენია 2030 წელი, სადაც ახლად დაბადებულ ბავშვებს დაბადებიდანვე მთელი გენომის რუკა აქვთ, ეს მონაცემები აიტვირთება ჯანმრთელობის ცენტრალურ ჩანაწერში და ნებისმიერ სამედიცინო დანიშნულებაზე გამოყენებული იქნება. არც ისაა რთული წარმოსადგენი, რომ საუკუნის ბოლოსთვის ხელოვნური ინტელექტი ყველაზე მთავარი და დიდი ინტელექტი იქნება პლანეტაზე. ადამიანის ცნობიერება კი "ხორცის ტომრებიდან" (სხეულებიდან) ტექნოლოგიურ სფეროში გადავა (გადაიტვირთება). ამის ფონზე, ავტომატიზაციის განვითარებასთან ერთად შესაძლოა ადამიანთა შრომის დიდი ნაწილი ზედმეტი გახდეს, ამან შეიძლება დატოვოს მეტი დრო დასვენებისთვის, ფიქრისთვის, მედიტაციისთვის, კომუნიკაციისთვისა და განვითარებისთვის.
ექსპერიმენტები უკვე მიმდინარეობს ხელოვნური საშვილოსნოების მიმართულებით და ბოჰანი დარწმუნებულია, რომ როცა ეს რეალური იქნება "ქალები ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების ბორკილებისგან გათავისუფლდებიან“.
როდესაც ბოჰანმა პირველად გაიგო ტრანსჰუმანიზმზე, დაახლოებით 21 წლის იყო. მისი რეაქცია იყო: "სიგიჟეა. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს ძალიან შორს არის". დაახლოებით ამ პერიოდში უყურა დოკუმენტურ ფილმს "Transcendent Man", ფილმს, რომელიც ტრანსჰუმანიზმის ნათლიად წოდებულ რეი კურცვეილზეა. იმ დროს ის იყო ინგლისური ლიტერატურის კურსდამთავრებული, შეპყრობილი პოეზიითა და წერით.
ნელ-ნელა მისი ინტერესები გადაიკვეთა ტრანსჰუმანიზმთან. თუ მხატვრული ლიტერატურა ადამიანის გამოცდილების შესწავლას ეხებოდა, აშკარა იყო, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად ტრაგიკული იყო — "ჩვენ ვმუშაობდით, ვსწავლობდით, გვიყვარდა, ვკარგავდით, ვკვდებოდით", ამბობს ის. ტრანსჰუმანიზმმა ბოჰანს უკეთესი შესთავაზა.
28 წლის ასაკში მან დაწერა მსოფლიოში პირველი წიგნი, რომელიც ტრანსჰუმანიზმის ისტორიაზეა. ბოჰანს "იზმების" მიმართ ყოველთვის ზიზღი ჰქონდა, არ სურდა თავი კონკრეტულად ერთისთვის მიეძღვნა, მაგრამ ტრანსჰუმანიზმი ბევრად მეტია.
"ჩვენ ღმერთს ვქმნით"
ტრანსჰუმანიზმი ცნობილია იმით, რომ მისი მიზანი ადამიანის უკვდავყოფაა. მაშინ როცა უკვდავება კონფრონტაციულია. ერთი შეხედვით სიკვდილის ფენომენია ის რაც სიცოცხლეს ფასს ანიჭებს, ჩვენს შეზღუდულ დროს კი უფრო ღირებულს ხდის. და მაინც, რა არის ყველაზე მეტად სიკვდილში ტრაგიკული?
"ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული ყველაფრის დაკარგვაა. ეს არის ყველა ღირებულების დაკარგვა", — ამბობს ის.
ბოჰანის აზრით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანები უსასრულოდ იცხოვრებენ მეტ ცოდნას დააგროვებენ, მათ მიერ მიღებული ინფორმაცია არ დაიკარგება, არ დაიკარგება წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებაც. შესაბამისად, გაიზარდება მოთხოვნილებებიც. ადამიანებს თუ ეცოდინებათ, რომ არ დაიხოცებიან რეალურად მოუნდებათ გაიგონ სამყაროს ფუნდამენტური და მთავარი საიდუმლოებები. გაქრება და დაითრგუნება ბევრი ილუზია, მათ შორის სულის კონცეფცია.
"თრგუნავს თუ არა ტრანსჰუმანიზმი და მისი იდეა რელიგიას? მე ვფიქრობ, რომ კი!", — ფიქრობს ახალგაზრდა ტრანსჰუმანისტი.
როდესაც ბოჰანი დოქტორანტი იყო, მან თავისი პირველი დიდი ნაშრომი წარმოადგინა კონფერენციაზე. ამის შემდეგ ერთ-ერთი ბიოლოგი მივიდა მასთან და მიულოცა წარმატება.
"შემდეგ მან თვალებში ჩამხედა და მიჩურჩულა: ჩვენ ღმერთს ვქმნით, ხომ იცი?! მე მას შევხედე და ვუპასუხე, რომ კი, ეგრეა და ამაში დარწმუნებულიც ვარ", — იხსენებს ბოჰანი.
მართალია რელიგია ზუსტად ამაზე არ საუბრობს, მაგრამ რეალურად რელიგიების მწვერვალიც ხომ ეს არის: ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა, უკვდავება, ადამიანურობაზე მეტი და სხვა. ეს ყველაფერი ბოჰანის თქმით რელიგიაშიცაა, ოღონდ, რა თქმა უნდა, სხვა ფორმით.
ვინ აკონტროლებს და ვინ გააკონტროლებს ამ უსასრულო შესაძლებლობებს ცალკე საკითხია. 21-ე საუკუნის დასაწყისში დავინახეთ, რომ ტექნოლოგიურ კეთილდღეობაზე ძირითად კონტროლი მაინც თეთრკანიან მამაკაცებს ჰქონდათ. თავის მხრივ, ტრანსჰუმანისტების მიმართ კრიტიკა ხშირად იქამდე დადის, რომ მის მიმდევრებს გონება კვლავ სამეცნიერო ფანტასტიკაში აქვთ.
"ეს საინტერესო საკითხია. ნაწილი შეიძლება მართლაც ისევ ის პატარა ბიჭია, სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნებით ხელში. თუმცა, ისინი ძალიან, ძალიან ჭკვიანი პატარა ბიჭები არიან, რომლებსაც აქვთ ინჟინერის დიპლომი და შეუძლიათ მრავალჯერადი გამოყენებადი რაკეტების შექმნა. ჩვენ ამ ყველაფერს ვერ უარვყოფთ, ფაქტია ისინი წინ მიგვიძღვებიან", — ამბობს ბოჰანი.
ბოჰანის აზრით, ასეთ გარდამავალ პროცესში ტექნოლოგიების რეგულირება არც ისე კარგია. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ისეთი დიდი ძალაუფლება, როგორიც ატომური შეიარაღების მართვა და გამოყენების შესაძლებლობაა ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ადამიანი მიკერძოებული არსებაა და თითქმის ყოველთვის სუბიექტურია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასეთი ქმნილების ხელში საშიშია.
ცუდი და კარგი სცენარი
ყველაზე უარესი სცენარი შეიძლება იყოს მომავალი, სადაც მმართველი ხელოვნური ინტელექტი არ იზიარებს ადამიანების ღირებულებებს და საერთოდ არ აფასებს ადამიანებს. მეორეს მხრივ არის უკეთესი სცენარიც:
"საუკეთესო სცენარი არის ის, რომ საუკუნის ბოლომდე ადამიანი დასრულებული იქნება. თუმცა, კაცობრიობა ამით არ გაქრება. ასე რომ, ინტელექტის განვითარება გაგრძელდება, სახეობა შეიცვლება. ახალ სახეობას ექნება მეტი შესაძლებლობები, გაიაზრებს მეტს და ექნება უკეთესი ცოდნა", — ფიქრობს ბოჰანი.
ბოჰანი, ისევე როგორც სხვა ტრანსჰუმანისტები, მომავალს სუპერადამიანებთან ერთად ხედავენ. ბევრ მათგანს ისიც მიაჩნია, რომ ამ სამყაროს თავადაც მოესწრებიან. ამისთვის კი ტექნოლოგიების განვითარება უნდა დავაჩქაროთ. . . დავაჩქაროთ, იმიტომ, რომ დრო და სიკვდილი კარზე გვიკაკუნებენ, წინ კი უსასრულობა და შესაბამისად, უსაზღვრო შესაძლებლობებია.
ვნახოთ რა იქნება შემდეგი. ერთი რამ ფაქტია, მომავალი არასდროს იქნება ისეთი როგორი აწმყოცაა ახლა. ყველაფერი იცვლება და ეს ცვლილებები დროსთან ერთად სულ უფრო ჩქარდება.
კომენტარები