მცენარეები ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებას "საიდუმლო" პროცესით არეგულირებენ — კვლევა
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მცენარეები თვითონვე იღებენ "საიდუმლო" გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ნახშირორჟანგი გამოათავისუფლონ ატმოსფეროში, ამას კი აქამდე უცნობი პროცესით აკეთებენ. ამ პროცესს "მნიშვნელოვანი გავლენა" აქვს მცენარეების ნახშირბადის საწყობებად გამოყენების მიმართულებით.
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მოლეკულური მეცნიერებების სკოლის პროფესორმა და ჟურნალ Nature Plants-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორმა, ჰარვი მილარმა განაცხადა, რომ აღმოჩენის მიხედვით, მომავლის მცენარეებმა, შესაძლოა, საკვებზე მსოფლიოს მოთხოვნა დააკმაყოფილონ და გარემოს დაცვაშიც შეიტანონ თავისი წვლილი.
პროფესორის თქმით, მცენარე სუნთქვის პროცესში შთანთქმული ნახშირორჟანგის ნახევარს ისევ ატმოსფეროში გამოათავისუფლებს. თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნა, მცენარეები მიტოქონდრიებში მალავენ იმის საიდუმლოს, თუ როგორ წყვეტენ, რა დროს და რა რაოდენობის ნახშირორჟანგი გამოუშვან გარემოში.
"ჩვენმა კვლევამ, რომელსაც დოქტორის კანდიდატმა სუიენ ლემ უხელმძღვანელა, აჩვენა, რომ ნახშირორჟანგის გამოთავისუფლების გადაწყვეტილებას აქამდე უცნობი პროცესი არეგულირებს — არსებობს მეტაბოლური არხი, რომელიც შაქრის პროდუქტს, სახელწოდებით პირუვატს, ან CO2-მდე დაჟანგვისკენ მიმართავს, ან მცენარეული ბიომასის შესაქმნელად ინახავს", — განაცხადა მილარმა.
პროფესორი მილარის თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ მცენარეებს პირუვატის წყაროების დიფერენცირება და იმის არჩევა შეუძლიათ, თუ რომელი წყარო ამჯობინონ სხვას ნახშირორჟანგის გამოშვებისთვის.
"მცენარეების სუნთქვის საიდუმლოს ამოხსნა იმისთვის, რომ მეტაბოლური არხი ნახშირბადის გამოთავისუფლებისთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად გამოიყენონ, ახალ შესაძლებლობას გვაწვდის იმისთვის, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოვახდინოთ", — განაცხადა მან.
"ამის გაკეთება შეიძლება "სუნთქვის არხის" შეზღუდვით, ან ახალი არხების შექმნით, რომლის საშუალებითაც ნახშირორჟანგს მიტოქონდრიიდან ბიომასის წარმოებისკენ მიმართავენ და, შესაბამისად, შეზღუდავენ მის გამოშვებას მცენარეებიდან ატმოსფეროში".
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრები ხანგრძლივ საერთაშორისო თანამშრომლობაში არიან ჩართულნი, რათა უკეთესი გზები აღმოაჩინონ იმისთვის, რომ ეს "სუნთქვის ენერგია" ნახშირორჟანგის ბიომასის წარმოებისკენ მისამართად გამოიყენონ. ეს კი მცენარის ზრდის, პათოგენებისა და მძიმე გარემო პირობებისგან თავდაცვის უნარის შეზღუდვის გარეშე უნდა მოხდეს.
კომენტარები